Belive

საქართველოსგან ბრწყინვალე პერფორმანსს ველით | ნიენაბერმა "სპრინგბოქსის" შემადგენლობა დაასახელა

3 წლის წინ რაგბი
3 წთ
საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრები სამხრეთ აფრიკაში გაემგზავრა. “ბორჯღალოსნები” 2 და 9 ივლისს, მსოფლიოს მოქმედ ჩემპიონთან ორ ტესტ-მატჩს გამართავენ. 2-წლიანი პაუზის შემდეგ, "სპრინგბოქსი" პირველ ტესტ-მატჩს გამართავს. სამხრეთ აფრიკის მორაბეთა ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ჟაკ ნიენაბერმა უძლიერეს შემადგენლობას უხმო. შემადგენლობა: 15. ვილი ლე რუ, 14. როსკო სპეკმანი, 13. ჯესე კრილი, 12. ფრანს შტეინი, 11. აპელელე ფასი, 10. ანდრე პოლარდი, 9. კობუს რეინახი, 8. კვაგა სმიტი, 7. პიტერ-სტეფ დუ ტოი, 6. სია კოლისი, 5. ფრანკო მოსტერტი, 4. ებენ ეთზებეტი, 3. ტრევორ ნიაკანე, 2. ბონგი მბონამბი, 1. ოქს ნჩე. მარქაფა: 16. მალკოლმ მარქსი, 17. სტივენ კიტსჰოფი, 18. ფრანს მალერბე, 19. მარვინ ორი, 20. იასპერ ვისე, 21. ჰერშელ იანტისი, 22. ელტონ იანტისი, 23. დამიან ვილემსე "ბორჯღალოსნების" წინააღმდეგ ჩესლინ კოლბე, ფაფ დე კლერკი და დამიან დე ალენდე არ ითამაშებენ. აღსანიშნავია, რომ სამხრეთ აფრიკელთა 23-კაციან რაზმში, 2019 წლის რაგბის მსოფლიო თასის 7 ფინალისტია.
ნიენაბერის მიერ დასახელებულ რაზმში 3 დებიუტანტია. როსკო სპეკმანი, იასპერ ვისე და აპელელე ფასი "სპრინგბოქსის" რიგებში პირველ კეპებს მოიხვეჭენ. რამდენიმე ლიდერის დანაკლისისა და 3 დებიუტანტის მიუხედავად, "ბოკეს" მთავარი მწვრთნელი, ჟაკ ნიენაბერი მიიჩნევს, რომ "ბორჯღალოსნების" წინააღმდეგ ოპტიმალურ შემადგენლობას უხმო.
"იმის გათვალისწინებით, თუ რა შედეგის მიღწევა გვსურს საქართველოსთან, საუკეთესო შემადგენლობა შევკრიბეთ. ვფიქრობ, გამოცდილ მოთამაშეებსა და ახალგაზრდა მორაგბეებს შორის, რომელთაც წელს თავის გამოჩენა შეძლეს ბალანსის დაცვა იდეალურად მოვახერხეთ." "გუნდში მყოფი მორაგბეების უმრავლესობა 2019 წლის რაგბის მსოფლიო თასის ტრიუმფატორია. გუნდში ასევე გვყავს მორაგბეები, რომელთაც უკანასკნელი სეზონების განმავლობაში უამრავ ტესტ-მატჩში მიიღეს მონაწილეობა. მოხარული ვარ "ბოკეს" რიგებში დებიუტანტების ხილვით - უკანასკნელი სეზონების განმავლობაში ამ მორაგბეებმა "ფრენჩაიზებსა" და კლუბებში თავის გამოჩენა ბწრყინვალე პერფორმანსით შეძლეს." "საქართველოსგან შესანიშნავ პერფორმანსს ველით. მათი სათამაშო სტილისა და ფიზიკურად ძლიერი ნაკრების გათვალისწინებით, რიტმი თავიდანვე უნდა დავიჭიროთ და 80 წუთის განმავლობაში უმაღლესი დონის პერფორმანსი დავდგათ. ვიცით, რომ უდიდესი გამოწვევის წინაშე ვდგავართ, მაგრამ მომდევნო ტესტ-მატჩებისათვის ძლიერი ფუნდამენტი უნდა შევქმნათ. საქართველოსთან წნეხის ქვეშ თამაში იდეალურად დაგვეხმარება მომდევნო მატჩებისათვის მზადებასა და ჩვენი შესაძლებლობების დახვეწაში", - აღნიშნა ჟაკ ნიენაბერმა.
სამხრეთ აფრიკისა და საქართველოს პირველი ტესტ-მატჩი 2 ივლისს, თბილისის დროით, 21:00 საათზე გაიმართება.

სხვა სტატიები