Belive

"საქართველოსთან თამაშის შესაძლებლობაზე უარს ვერ ვიტყოდით" - ინგლისის მწვრთნელი

11 თვის წინ რაგბი
3 წთ

27 მაისს, "ავჭალის" სარაგბო სტადიონზე, U20 საქართველოს მორაგბეთა ნაკრებისა და ინგლისის დაპირისპირება შედგა. სანახაობრივ შეხვედრაში უმცროსი ბორჯღალოსნები თითქმის მთელი მატჩის განმავლობაში დომინირებდნენ, თუმცა, უკანასკნელ 10 წუთში 2 ლელო გაუშვეს და საბოლოოდ 36:41 დამარცხდნენ.

U20 საქართველოს მორაგბეთა ნაკრებისა და ინგლისის მეორე დაპირსპირება 1 ივნისს, კვლავ "ავჭალის სარაგბო სტადიონზე" შედგება. საქართველოს რაგბის კავშირის ოფიციალურ ვებგვერდზე, U20 ინგლისის მორაგბეთა ნაკრების მთავარი მწვრთნელის - მარკ მეიფლთოფის ინტერვიუ გამოქვეყნდა, სადაც ინგლისელი სპეციალისტი საქართველოს ძლიერ მეტოქედ მოიხსენიებს და აღნიშნავს, რომ ამ შესაძლებლობის ხელიდან გაშვება არ სურდა.



"საქართველო ის გუნდი არ არის, რომელსაც ყოველ დღე ვეთამაშებით. როდესაც ეს შეთავაზება მივიღეთ, მაშინვე ვთქვით – ეს ზედმეტად კარგი შესაძლებლობა იყო იმისათვის, რომ უარი გვეთქვა. აქ ყველაფერი განსხვავებულია – ჰავა, გარემო, კულტურა და ეს როგორც მორაგბეებისთვის, ასევე სტაფის წევრებისთვის, ცოდნის გარღმავების კარგი საშუალებაა.

საქართველოსთან მეორე თამაში გველის და პროგნოზის გაკეთებისგან თავს შევიკავებ. ძალიან მომეწონა შაბათის შეხვედრა. თავიდან ორი ლელო გავიტანეთ და გვეგონა ლიდერის პოზიცია დავიკავეთ, მაგრამ საქართველომ არაჩვეულებრივად იბრძოლა. საბოლოოდ მაინც შევძელით პოზიტიური შედეგის მიღება. ეს იყო კარგი ტესტი ჩვენი მორაგბეებისთვის, რომლებმაც პირველად ითამაშეს ექვსი ერის ფარგლებს გარეთ, იმოგზაურეს სხვა ქვეყანაში და შეხვდნენ უცნობ, ძალიან კარგ გუნდს. ეს ყველაფერი შესანიშნავი იყო და მოუთმენლად ველი ხუთშაბათის შეხვედრას.

ყოველგვარი ეჭვის გარეშე – ეს იყო ძალისმიერი ბოჭვები და კონტაქტის არე. თქვენ, ქართველები, ალბათ ამაყობთ ფიზიკურობით. ჩვენთვის ეს შესანიშნავი მაგალითია იმისა, თუ როგორ უნდა გაურთულო ამოცანა მეტოქეს. მაგრამ სპორტსმენად ყოფნის ერთ-ერთი თავისებურება ისაა, რომ გიწევს გამოსავლის ძებნა თამაშის მსვლელობისას და ჩვენმა მორაგბეებმა ნამდვილად დიდი დრო დახარჯეს მეტოქესთან მორგებაზე. მართალია მატჩის ბოლო 15-20 წუთში მივხვდით, რა ხდებოდა, მაგრამ ამ მომენტისთვის სარისკო მდგომარეობაში ვიყავით. თუმცა სასიამოვნოა, რომ ეს დაბრკოლება დავძლიეთ და თამაში დამაჯერებლად დავასრულეთ.

30-კაციანი გუნდით ვართ ჩამოსული. გვინდოდა ყველასთვის მიგვეცა თამაშის საშუალება. ჩვენი მორაგბეებიდან ამ დონეზე თამაშის გამოცდილება ბევრს არ ჰქონდა, რადგან ექვსი ერის ფარგლებში მოედანზე თითქმის არ გასულან. ვეცდებით საქმეში ყველა მოთამაშე გამოვცადოთ, ყველას მივცეთ გამოცდილების მიღების საშუალება, რაც გუნდის განვითარებას შეუწყობს ხელს. ზუსტად იგივე შეიძლება ითქვას მეტოქეზეც – ისინიც თამაშიდან თამაშამდე სწავლობენ და იზრდებიან", - მარკ მეიფლთოფი.

შეგახსენებთ, ინგლისის 20-წლამდელთა ნაკრების ახალი მთავარი მწვრთნელის რანგში, მეიფლთოფს დებიუტი უმცროს ბორჯღალოსნებთან ჰქონდა. საქართველოსა და ინგლისის მეორე დაპირისპირება 1 ივნისს, 16:00 საათზე გაიმართება.

წყარო: rugby.ge

სხვა სტატიები