Belive

საქართველოს XV ნაკრები სუპერ რაგბის 2019 წლის ფინალისტთან განადგურდა

4 წლის წინ რაგბი
3 წთ
18 იანვარს, გამთენიის 04:00 საათზე, საქართველოს სარაგბო ჩემპიონატის (დიდი 10) საუკეთესო XV-ეული, სუპერ რაგბის 2019 წლის ფინალისტს და მეორე ადგილოსანს "იაგუარსს" დაუპირისპირდა და დიდი სხვაობით 66:3 დამარცხდა. აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ არგენტინელები ძირითადი და უძლიერესი შემადგენლობით გვეთამაშნენ, სწორედ იმ გუნდით, რომლითაც, 2019 წლის სუპერ რაგბის ფინალში იასპარეზეს.

I ტაიმი

როგორც თავიდანვე მოსალოდნელი იყო, მთელი პირველი ტაიმის განმავლობაში ქართველ მორაგბეებს თავის დაცვა უწევდათ, რადგან არგენტინელები შეტევას შეტევაზე აკეთებდნენ, რათა ისინი ძლიერი ხაზითა და ძალიან გამოცდილი უკანა ხაზის მოთამაშეებით გამოირჩევიან. ეს ყველაფერი 1 ტაიმის შედეგზეც აისახა, რომელშიც ქართველი მორაგბეები 31:3 დამარცხდნენ.
1 taimi
პირველ ტაიმში ქართველი მორაგბეების ჩათვლის მოედანში 5 ლელო გავიდა. პირველი ლელო მე-6 წუთზე მივიღეთ, მეორე ლელო მე-16 წუთზე. 27-ე წუთზე ქართველთა კვაჭი - ბექა მამრიკიშვილი გაასინბინეს (ყვითელი ბარათი) და მოედანზე უმცირესობაში დავრჩით, რასაც 3 ლელო მოჰყვა. მესამე ლელო მატჩის 28-ე წუთზე მივიღეთ, მეოთხე და მეხუთე კი 30-ე და 34-ე წუთებზე. ქართველთაგან კი 3 ქულის აღება რეზი ჯინჭველაშვილმა შეძლო, რომელმაც მატჩის მე-13 წუთზე, დაახლოებით 30 მეტრიდან გაიტანა ჯარიმა. საბოლოოდ პირველი ტაიმი ანგარიშით 31:3 დასრულდა.

II ტაიმი

მეორე ტაიმიც იმავე სცენარით დაიწყო, როგორც პირველი ტაიმი. არგენტინელები ბურთს კვლავ გვიმალავდნენ და მუდმივად შეტევაზე გადმოდიოდნენ, ჩვენ კი ბურთით თამაში თითქმის არ გვიწევდა. მეორე ტაიმის მე-7 წუთზე მორიგი სინბინი დაფიქსირდა, ამჯერად გაასინბინეს ცვლილებაზე შემოსული - კობა ბუჯიაშვილი. კაცნაკლულები თავს კარგად ვიცავდით, მაგრამ მატჩის მე-18 წუთზე არგენტინელებმა უმაღლესი კლასი გამოიჩინეს და ულამაზესი ლელო შემოგვთავზეს. ეს მატჩის მე-6 ლელო გახლდათ. მეორე ტაიმის 23-ე წუთზე კი  დავით მოძღვრიშვილის ძალიან უხეშ თამაშს მორიგი სინბინი მოჰყვა, რითაც უმალვე ისარგებლეს არგენტინელებმა და ლელო დაგვიდეს (რიგით მე-7-ე). 2019 წლის სუპერ რაგბის ფინალისტები კაცნაკლულობას არ გვპატიობდნენ და ამჯერად, მეორე ტაიმის 26-ე წუთზე რიგით მე-8 ლელო გაგვიტანეს. მე-8 ლელოდან 2 წუთში კი მე-9 ლელოც გაგვიტანეს და ანგარიში გამანადგურებელი გახდა. მატჩის დასრულებამდე 10 წუთით ადრე არგენტინელებმა მორიგი ლელო დაგვიდეს, რომელიც რიგით მე-10 გახლდათ, ეს ლელო მათ გარდასახეს და საბოლოო ანგარიში დააფიქსირეს 66:3. ერთადერთი კომპონენტი, რაშიც ქართველებს უპირატესობა ჰქონდათ შერკინება იყო. საქართველოს XV ნაკრებმა საკუთარი 8 შერკინებიდან 7 შერკინებაში იმარჯვა და მეტოქე 4-ჯერ დააჯარიმა. სამწუხაროდ ვერ ვიამაყებთ დერეფნებით, სადაც საკუთარი 6 მოწოდებულიდან მხოლოდ 3-ში დავრჩით გამარჯვებული.

ფოტო: საქართველოს რაგბის კავშირი

   

სხვა სტატიები