Belive

"საქართველომ შოკისმომგვრელი გამარჯვება მოიპოვა" - მსოფლიო პრესა უმცროს ბორჯღალოსნებზე

9 თვის წინ რაგბი
2 წთ

ქართული რაგბის ისტორია კიდევ ერთხელ დაიწერა. ამჯერად სტელენბოშში, U20 რაგბის მსოფლიო თასზე, ლადო კილასონიას მეთაურობით უმცროსმა ბორჯღალოსნებმა შოკისმომგვრელი გამარჯვება მოიპოვეს.

C-ჯგუფის მეორე ტურის შეხვედრაში, არგენტინისა და საქართველოს დაპირისპირება შედგა, რომელიც უმცროსი ბორჯღალოსნების სრული დომინირებით წარიმართა და ლოგიკური შედეგით (0:20) დასრულდა.

უმცროსმა ბორჯღალოსნებმა მსოფლიო რაგბის 20-წლამდელთა ჩემპიონატზე სარეკორდო სხვაობით გაიმარჯვეს და თანაც როგორ – ტიერ1-ის არგენტინა უქულოდ დატოვეს და 20:0 დაამარცხეს!

არგენტინასთან მოპოვებულ გამარჯვებამდე აღნიშნულ ტურნირზე საქართველოს ყველაზე დიდი სხვაობით შოტლანდია ყავდა დამარცხებული (2018 წელს 39:31), აქამდე უმცროს ბორჯღალოსნებს არასდროს მოეგოთ მშრალი ანგარიშით, აქამდე საქართველოს არასდროს ჰქონია ჯგუფში პირველი ადგილის დაკავების და თასის ნახევარფინალში თამაშის შესაძლებლობა, ახლა კი ეს ყველაფერი ძალიან, ძალიან რეალურია.

უმცროსი ბორჯღალოსნების ტრიუმფს ავტორიტეტული სარაგბო გამოცემები ეხმაურებიან. RugbyPass, Planetrugby, Rugbydump - ეს იმ მედია საშუალებების არასრული ჩამონათვალია, რომლებიც უმცროსი ბორჯღალოსნების გამარჯვებას მაჟორულ ნოტაზე ეხმაურებიან.

Rugbypass: "C-ჯგუფში არგენტინის 20:0 დამარცხების შემდეგ, საქართველომ უდიდესი განაცხადი გააკეთა. ვინგერმა ლუკა ხორბალაძემ ბურთი ჩაჭრა და ბრწყინვალე ლელო გაიტანა, მარქაფიდან შემოსულმა ბასა ხონელიძემ კი არგენტინას მეორე ლელო გაუტანა. პეტრე ხუციშვილმა ორი გარდასახვა და ორი ჯარიმა გაიტანა. უმცროსი ბორჯღალოსნების დაცვა კი გადაულახავი დაბრკოლება აღმოჩნდა".

Rugbydump: "შესაძლოა იტალიამ სენსაციური გამარჯვება მოიპოვა, მაგრამ საქართველოს მიერ არგენტინის უშანსოდ განადგურება, უდიდესი განაცხადია. საქართველო მუდმივად აპელირებს 6 ერის კარის გახსნაზე და ევროპული რაგბის ელიტაში მოხვედრაზე, ასეთი შედეგები კი კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს, რომ ქვეყანაში მოთამაშეთა სიღრმე სისტემატურად იზრდება".

შეგახსენებთ, C-ჯგუფის მესამე ტურის შეხვედრას, უმცროსი ბორჯღალოსნები იტალიის წინააღმდეგ, 4 ივლისს, თბილისის დროით 13:00 საათზე გამართავენ.

სხვა სტატიები