Belive

"საქართველომ დაამტკიცა, რომ კონკურენტუნარიანი ნაკრები ჰყავს - მათ მოგება დაიმსახურეს" - იტალიის მწვრთნელი

1 წლის წინ რაგბი
3 წთ

U20 რაგბის მსოფლიო თასის ჯგუფური ეტაპის დასკვნით შეხვედრაში, იტალიისა და საქართველოს დაპირისპირება შედგა. უმცროსმა ბორჯღალოსნებმა იტალიელი თანატოლები 17:30 დაამარცხეს და ქართული რაგბის ისტორია დაწერეს.

ისტორიაში პირველად - უმცროსმა ბორჯღალოსნებმა ჯგუფში 2 მატჩი მოიგეს და 1/2-ფინალში ასპარეზობას ერთი ნაბიჯი აშორებდათ, თუმცა, საბოლოოდ 5-8 ადგილისთვის ბრძოლა მოუწევთ, რაც ასევე საუკეთესო შედეგია საქართველოს 20-წლამდელთა ნაკრებისთვის.

C-ჯგუფის მესამე ტურის დაპირისპირების დასრულების შემდეგ, იტალიის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა - მასიმო ბრუნელომ უმცროსი ბორჯღალოსნების მიმართ საქებარი სიტყვები არ დაიშურა და აღნიშნა, რომ საქართველომ მის სიძლიერეს კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი.

"პირველ რიგში მინდა საქართველოს მივულოცო, მათ გამარჯვება დაიმსახურეს. საქართველომ კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ კონკურენტუნარიანი გუნდია, რომელსაც ნებისმიერი მეტოქის დამარცხება შეუძლია. ისევე, როგორც ჩვენთან - ეს ყველაფერი სამხრეთ აფრიკისა და არგენტინის წინააღმდეგ მატჩებშიც ნათლად წარმოაჩინეს.

მსოფლიო თასზე თითოეული დეტალი ძვირად ფასობს. მიუხედავად იმისა, რომ საქართველო ფიზიკურ უპირატესობას ფლობდა და თამაშის გარკვეულ ასპექტებში ცალსახად გვჯობნიდა, თითქმის მატჩის ბოლომდე ბრძოლაში ვიყავით. მატჩის დასრულებამდე 2 წუთით ადრე გაშვებულმა მეოთხე ლელომ, ჩვენთვის ყველაფერი დაამთავრა.

რაც შეეხება ჩვენს თამაშს - დღეს ჩვენ ძვირად გადავიხადეთ არაზუსტი და უდისციპლინო თამაშის გამო. მეტოქეს რამდენიმე საჩუქარი გავუკეთეთ, რაც საქართველომ ჩინებულად გამოიყენა. მაგალითად, მეტოქის მესამე ლელოს დროს, როდესაც ჩვენ თამაშში დაბრუნებას ვცდილობდით და სხვაობას ვამცირებდით, დაშვებული შეცდომა ლელოს ფასად დაგვიჯდა.

ეს ყველაფერი განვითარების ნაწილია. ფაქტი ისაა, რომ დღეს ჩვენ ვერ ვიხილეთ ის იტალიის ნაკრები, რომელსაც ვიცნობთ და რომელიც ვიცით, რომ ვართ. დიდი სირცხვილია, რადგან მატჩის დაწყებამდე ერთმანეთს ვუთხარით, რომ ამ დღეს შეეძლო ჩვენი სამოთხეში ან პირდაპირ ჯოჯოხეთში გაგზავნა. ახლა ელიტაში დარჩენისთვის მოგვიწევს თამაში, რაც უდიდეს ბრძოლას მოითხოვს", - მასიმო ბრუნელო.



შეგახსენებთ, ჯგუფური ეტაპის მეორე ადგილზე დასრულების შემდეგ, უმცროსი ბორჯღალოსნები 5-8 ადგილისთვის გასამართ მატჩებში მიიღებენ მონაწილეობას, რაც ისტორიაში საუკეთესო შედეგია. საქართველოს ნაკრების პირველი მეტოქე უელსი იქნება.

სხვა სტატიები