სამოას 4-წლიანი ბანი ემუქრება | მსოფლიო რაგბიმ გადაწყვეტილება მიიღო
სამოას რაგბის ეროვნული ნაკრები შესაძლოა საერთაშორისო ასპარეზობიდან მოიკვეთოს. ადგილობრივი მედიის ცნობით, მსოფლიო რაგბიმ ქვეყნის მთავრობას ულტიმატუმი წაუყენა - პარასკევამდე გადახედონ თავიანთ გადაწყვეტილებას, რომლითაც სამოას რაგბის კავშირს აღიარება და ფინანსური მხარდაჭერა ჩამოართვეს. თუ მთავრობა პოზიციას არ შეიცვლის და მოთხოვნას უპასუხოდ დატოვებს, სამოას მორაგბეთა ნაკრებს 4-წლიანი ბანი ემუქრება.
Samoa could be facing a lengthy absence from the international stage after the country's government withdrew recognition and financial support from its governing body.
— All Things Rugby (@AllThingsRugbyX) July 30, 2026
World Rugby has warned that continued government interference could result in Samoa being suspended from… pic.twitter.com/kgSJktoAj0
ეს დაპირისპირება სათავეს გაზაფხულიდან იღებს. სამოას პრემიერ მინისტრმა ჯერ კიდევ მარტში განაცხადა, რომ თუ რაგბის კავშირის გამგეობა სრული შემადგენლობით არ გადადგებოდა, მთავრობა ალტერნატიულ კავშირს შექმნიდა. ქვეყნის პირველი პირის თქმით, სამოური რაგბი პოლიტიზებული და გაპარტახებულია, რისი მიზეზიც არასწორი მენეჯმენტია.
მთავრობის უკმაყოფილების მიუხედავად, მსოფლიო რაგბი ოფიციალურ სტრუქტურას ენდობა - ივნისში მსოფლიო რაგბის საბჭოში სამოას წარმომადგენლად, თავმჯდომარე - აფიოგა ნამულაუული პაპალიი დაამტკიცეს. მსოფლიო რაგბი უკვე გამოვიდა გაფრთხილებით - თუ პოლიტიკური ჩარევა არ შეწყდება და მმართველობითი კრიზისი არ მოგვარდება, სამოას საერთაშორისო რაგბიდან 4 წლამდე ვადით მოკვეთა ემუქრება.
შესაძლო დისკვალიფიკაციას უმძიმესი შედეგები ექნება „მანუ სამოასთვის“ - გუნდი გამოეთიშება საერთაშორისო ტურნირებს, რაც წყნარი ოკეანის ამ ქვეყანაში რაგბის განვითარებას სერიოზულად შეაფერხებს.