სამხრეთი ჩრდილოეთის წინააღმდეგ - მსოფლიო რაგბი საინტერესო სიახლეს გეგმავს
ჩრდილოეთისა და სამხრეთის წარმომადგენლებს შორის დაწყებული მოლაპარაკებები დასკვნით ფაზაში შედის. The Times-მა ჯერ კიდევ გასული წლის მაისში პროექტის შესახებ ვრცელი სტატია გამოაქვეყნა, თუმცა უკანასკნელი ცნობების თანახმად, ახალი ტურნირის ფორმატმა სახეცვლილება განიცადა.
რაგბის ხელმძღვანელები საინტერესო სიახლეზე შეთანხმდნენ. რაგბის გულშემატკივარი ჩრდილოეთ და სამხრეთ ნახევარსფეროს "დიდი ფინალს" იხილავს. Telegraph Sport-ის ინფორმაციით, აღნიშნული ღონისძიება ორ წელიწადში ერთხელ გაიმართება.
თამაშები ზაფხულისა და შემოდგომის პაუზებისას გაიმართება. აღნიშნული ტურნირი 2026 წლიდან აიღებს სტარტს. თითოეული ნახევარსფეროდან ჩამოყალიბდება ექვსი გუნდისგან შემდგარი ორი ჯგუფი - ექვსი ერისა და რაგბის ჩემპიონატის (4 ერი) წარმომადგენლებს იაპონია და ფიჯი დაემატებიან. ფორმატის თანახმად, ზაფხულის ტესტ-მატჩების ფარგლებში, 6 ერის წარმომადგენლები სამხრეთ ნახევარსფეროს ესტუმრებიან, შემოდგომაზე კი, იგივე მეტოქეებსს ევროპაში უმასპინძლებენ.
მოლაპარაკებები, რომელიც 2020 წლის მარტში დაიწყო კლუბებთან და მოთამაშეთა წარმომადგენლებთან, ახლა დასკვნით ფაზაში გადადის. მოლაპარაკებების მიზანია უზრუნველყოს, რომ ახალი ტურნირისთვის მოთამაშეებიც და კლუბებიც სრულ მზადყოფნაში იყვნენ.
საინტერესოა, რომ მეორე ეშელონის განვითარებადი ქვეყნები, ისეთი როგორიცაა: საქართველო, სამოა და ტონგა შესაძლოა მძიმე მდგომარეობაში აღმოჩნდნენ და ტიერ 1-ის წარმომადგენლებთან გასამართი ტესტ-მატჩების რაოდენობა შეუმცირდეთ. იმ შემთხვევაში თუ პროექტი ამჟამინდელი მოცემულობით დამტკიცდება - საქართველოს, სამოასა და ტონგას 2030 წლამდე შანსი არ მიეცემათ. გადაჭრით ვერც 2030 წლის შესახებ ვისაუბრებთ, მაგრამ ერთ-ერთ ვარიანტად გავარდნა/აღზევების სისტემა განიხილება, რომელიც შესაძლოა 2030 წლიდან ამოქმედდეს. ტურნირში მონაწილეობის მისაღებად სწორედ ეს შეიძლება გახდეს "ბორჯღალოსნებისა" და კუნძულელების შანსი.
სხვადასხვა წყაროებზე დაყრდნობით, ახალი ლიგის პრეზენტაცია სექტემბერში მსოფლიო ჩემპიონატის დაწყებამდე იგეგმება. შეგახსენებთ, რომ აღნიშნული პროექტის შესახებ მუშაობა 6 ერისა და "სანზაარის" წარმომადგენლებმა გასული წლის მაისში დაიწყეს. თავდაპირველად პროექტი მცირედი სახეცვლილებით იყო წარდგენილი, თუმცა ამჟამად რადიკალურად განსხვავებული კონცეპტია წარდგენილი.