საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრები სამხრეთ აფრიკაში გაემგზავრა. "ბორჯღალოსნები" 2 და 9 ივლისს, მსოფლიოს მოქმედ ჩემპიონთან ორ ტესტ-მატჩს გამართავენ.
"ბორჯღალოსნებთან" დაპირისპირების წინ, სამხრეთ აფრიკის მორაგბეთა ეროვნულ ნაკრებს კორონავირუსმა შეუტია. კორონავირუსზე ჩატარებული ტესტების შემდეგ, "ბოკეს" სამ წევრს დადებითი პასუხი აღმოაჩნდა. ჰერშელ იანტისი, ვინსენტ კოხი და ს'ბუ ნკოსი კოვიდ-ინფიცირებულები არიან და მკურნალობას თვითიზოლაციის პირობებში გადიან - პრევენციის მიზნით, "ბოკემ" კვირას გასამართი ვარჯიში გააუქმა. სამხრეთ აფრიკის რაგბის კავშირს დამატებითი ინფორმაცია არ გაუვრცელებია.
მომხდართან დაკავშირებით რასი ერასმუსმა სპეციალური განცხადება გაავრცელა და აღნიშნა, რომ მიუხედავად დაფიქსირებული დადებითი შემთხვევებისა, საქართველოსთან გასამართ ტესტებსა და "ბრიტანელი და ირლანდიელი" ლომების წინააღმდეგ გასამართ დაპირისპირებებს გადადების საფრთხე არ ემუქრება.
"ვფიქრობ 3 დადებითი შემთხვევა განსაკუთრებულ საფრთხეს არ შეგვიქმნის. "სპრინგბოქსის" თითოეული წევრის ჯანმრთელობა და უსაფრთხოება უმნიშვნელოვანესია. დადგენილ პროტოკოლს მკაცრად ვიცავთ და იზოლაციაში ვიმყოფებით. კორონავირუსზე ჩატარებული ტესტების შემდეგ, 3 დადებითი პასუხი მხოლოდ იმას მიანიშნებს, რომ მათ უბრალოდ არ გაუმართლათ", - აღნიშნა რასი ერასმუსმა.