Belive

"სამხრეთ აფრიკაში ხარისხიანი რაგბისთვის მივდივართ" - U18 მორაგბეთა ნაკრების მთავარი მწვრთნელი

4 თვის წინ რაგბი
1 წთ

20 წლამდელთა რაგბის მსოფლიო თასის დასრულების შემდეგ, სამხრეთ აფრიკაში საქართველოს 18-წლამდელთა მორაგბეთა ნაკრებიც მიემგზავრება. უმცროსი ბორჯღალოსნები საერთაშორისო ტურნირზე ითამაშებენ, სადაც მონაწილეობას სამხრეთ აფრიკა, ინგლისი, ირლანდია და საფრანგეთი მიიღებენ.

საერთაშორისო ტურნირი 12 აგვისტოს აიღებს სტარტს და 20 აგვისტოს ჩათვლით გაიმართება. უმცროსი ბორჯღალოსნები 12 აგვისტოს სამხრეთ აფრიკა A-ს შეერკინებიან. 16 აგვისტოს ამ ნაკრებების მეორე დაპირისპირება გაიმართება, ხოლო 20 აგვისტოს უმცროსი ბორჯღალოსნები ფრანგ თანატოლებს დაუპირისპირდებიან.

უმცროსი ბორჯღალოსნები შეკრებას "შევარდენის სარაგბო ბაზაზე" გადიან და 2 აგვისტოს სამხრეთ აფრიკაში 28-კაციანი შემადგენლობით გაემგზავრებიან. სამხრეთ აფრიკაში გამგზავრებამდე, კომენტარი ზურაბ ამონაშვილმა გააკეთა. მთავარი მწვრთნელის კომენტარი საქართველოს რაგბის კავშირის ოფიციალურ ვებგვერდზე გავრცელდა.

ეს ჩვენთვის ძალიან კარგი შესაძლებლობაა. მსგავსი პრეცედენტი არასდროს ყოფილა და ვისურვებდი, რომ ასეთი ტურნირები მრავლად ყოფილიყოს. ექვსი ერის ფესტივალის შემდეგ, ახლა სამხრეთ აფრიკის საერთაშორისო სერია გველის, სადაც კიდევ ერთხელ, წელს უკვე მეორედ ვეთამაშებით ტიერ1-ის გუნდებს. ამ ასაკში პრიორიტეტი განვითარებაა და აქ მიღებული გამოცდილება სამომავლოდ აუცილებლად წაადგება ქართულ რაგბს.

ჩვენს შესაძლებლობებს გამოვცდით ისეთ გუნდებთან, როგორებიც სამხრეთ აფრიკა და საფრანგეთი არიან. გრძელვადიან პერსპექტივაში, ეს ბიჭები უფრო დიდი გამოცდილებით, უკეთ მომზადებულები მივლენ 20-წლამდელთა და ეროვნულ ნაკრებებში. მათ უკვე ეცოდინებათ როგორ ითამაშონ ტიერ1 გუნდების წინააღმდეგ, რისი ფუფუნებაც აქამდე ამ ასაკში იშვიათად გვქონია.„ყველას მოეხსენება რამხელა რესურსი აქვს სამხრეთ აფრიკას და დარწმუნებული ვარ მათი მეორე გუნდიც ძალიან ძლიერი იქნება.

ჩემს დაბრუნებამდე შეკრებაზე მყოფ 38 მოთამაშესთან, რომელთაგან 28 უნდა შეირჩეს, პაატა მაისურაძე (შეტევის მწვრთნელი) და მიშა სუჯაშვილი (შერკინების მწვრთნელი) მუშაობდნენ. ძალიან კარგი ნამუშევარი დამხვდა. ერთადერთი, რაზეც გული მწყდება, მზადების პერიოდში ვერ ჩავატარეთ სპარინგ-მატჩი, თუმცა ეს არავის ბრალია. ა ლიგის გუნდებს ჯერ არ განუახლებიათ თამაში, ამ პერიოდში ფაქტობრივად არავინ ვარჯიშობს და მხოლოდ ორმხრივი შეხვედრებით მოგვიწია დაკმაყოფილება. ასეთ სიტუაციაში პირველ თამაშში გაგვიჭირდება. ვეცდებით შევთამაშდეთ და თავიდანვე კარგად წარმოვაჩინოთ ჩვენი შესაძლებლობები.

დიდი წყვეტა გვქონდა. ეს სპეციფიური ასაკია, რადგან ბიჭები აბიტურიენტები არიან და მათ მაქსიმალური ხელშეწყობა ჭირდებათ, რათა რაგბი და განათლება ერთმანეთთან კონფლიქტში არ მოვიდნენ.
-
რადგან მიზანი ამ ბიჭების გრძელვადიანი განვითარებაა, დიდი ყურადღება ეთმობა საბაზისო უნარების განვითარებას. ეს ინდივიდები იკვრებიან და ვიღებთ ძლიერ შერკინებას. რადგან ამ დონის თამაშებით განებივრებული არ ვართ, ჩვენი სურვილია ავყვეთ მეტოქეებს ღია თამაშში და ამ კუთხით გამოვცადოთ საკუთარი შესაძლებლობები.

მოთამაშეების და მწვრთნელების ძალიან დიდი სურვილია, რომ შედეგებთან ერთად ხარისხიანი რაგბი ვაჩვენოთ და ამისთვის მაქსიმუმს ვაკეთებთ. ეს ბევრ რამეზე იქნება დამოკიდებული. ვეცდებით დავამტკიცოთ, რომ ექვსი ერის ფესტივალზე საფრანგეთთან გამარჯვება შემთხვევითი არ იყო. ადრე ვთქვი და გავმეორდები – არ ვართ ვინმეზე მეტი, მაგრამ არც არავისზე ნაკლებები ვართ და ეს შესაძლებლობა უნდა გამოვიყენოთ.

ფრანგებთან გამარჯვება ერთგვარი მოულოდნელობის ეფექტიც იყო. არავინ ელოდა ამხელა წინააღმდეგობას თუ გავუწევდით, ახლა კი მათ რევანშის სურვილი ექნებათ, თუმცა ჩვენ ვეცდებით ბოლომდე თამაშში დავრჩეთ. დაცვაში ძლიერი გარჯით ვეცდებით მეტოქეების შეტევები გავანეიტრალოთ, ჩვენი შეტევებით კი მათ დაცვაში სუსტი წერტილები ვიპოვოთ და ეს ქულებში ავსახოთ. გვაქვს კიდევ ერთი გამოწვევა – ბურთი მაქსიმალურად ვაკონტროლოთ და მისი ფლობის პროცენტი გვქონდეს მაღალი.

მინდა მადლობა გადავუხადო კლუბებს ასეთი კარგი მოთამაშეების აღზრდისთვის. ნაკრებში სწორედ კლუბებიდან მოდიან მოთამაშეები, ჩვენთან იძენენ გამოცდილებას და უკან დაბრუნებულები აძლიერებენ კლუბებს. კლუბები და ნაკრებები ერთ საქმეს ვემსახურებით, რასაც ქართული რაგბის გაძლიერება ქვია. - ზურაბ ამონაშვილი.

შეგახსენებთ, უმცროსი ბორჯღალოსნები 12 აგვისტოს სამხრეთ აფრიკა A-ს შეერკინებიან. 16 აგვისტოს ამ ნაკრებების მეორე დაპირისპირება გაიმართება, ხოლო 20 აგვისტოს უმცროსი ბორჯღალოსნები ფრანგ თანატოლებს დაუპირისპირდებიან.

სხვა სტატიები