პრინციპული მატჩი - ბორჯღალოსნებმა რუსეთთან გამარჯვების ტრადიცია უნდა გააგრძელონ (პრევიუ)
4 წლის წინ
რაგბი
4 წთ
სიახლეები საქართველოს ეროვნულ ნაკრებში
საქართველოს მორაგბეთა ეროვნულ ნაკრებში შემადგენლობის მხრივ სიახლეა. რუსეთის წინააღმდეგ საქართველოს ნაკრების შემადგენლობაში 10 უკეპო (არცერთი მატჩი ეროვნულ ნაკრებში) მოთამაშე არის გამოძახებული. ასევე ეროვნულ ნაკრებს, 2 წლიანი პაუზის შემდეგ დაუბრუნდა "უოსპსის" მარცხენა ბურჯი - ზურაბ ჟვანია. სიახლე გვაქვს ასევე სამწვრთნელო შტაბში, სადაც "ბორჯღალოსნების" შერკინებას ილია მაისურაძე დაემატა. ილია მაისურაძე საქართველოს U20 ნაკრების მთავარი მწვრთნელია. ილია მაისურაძე და გიორგი ჩხაიძე ფუნქციებს გაინაწილებენ და შერკინებასთან ერთობლივად იმუშავებენ.
დებიუტანტი და უკეპო მორაგბეები, რომლებიც რუსეთის წინააღმდეგ განაცხადში მოხვდნენ - უშანგი ჭეიშვილი, გიორგი ნუცუბიძე, იოსებ გუშარაშვილი, სანდრო მამამთავრიშვილი, ირაკლი ცხადაძე, ნიკა სუხაშვილი, ლუკა მატკავა, გიორგი ბაბუნაშვილი, ოთარ ლაშხი, თემურ კოხოძე.
ძირითადი შემადგენლობა
ურთიერთშეხვედრები
საქართველოსა და რუსეთის მორაგბეთა ეროვნულ ნაკრებს, ერთმანეთის წინააღმდეგ 23 მატჩი აქვთ ჩატარებული, საიდანაც ოცდაერთხელ გამარჯვება "ბორჯღალოსნებს" დარჩათ, ერთხელ რუსებს, ხოლო ერთი მატჩი კი ფრედ დასრულდა. 2009-2010 წლებში, ომისა და დაძაბულობის გამო, შეხვედრები ნეიტრალურ ადგილას ჩატარდა. 2009 წელს მატჩი უკრაინაში, კერძოდ კი მარიუპოლში გაიმართა, სადაც მატჩი საქართველოს ნაკრების გამარჯვებით, ანგარიშით 29:21 დასრულდა. 2010 წელს კი თურქეთში, კერძოდ კი ტრაბზონში, საქართველოს ნაკრებმა მეტოქე 36:8 დაამარცხა.
ისტორიული გამარჯვება და გასვლა მსოფლიოს ჩემპიონატზე
2002 წლის 13 ოქტომბერს ქართველი მორაგბეები ისტორიულ მატჩს, პრინციპული მეტოქის წინააღმდეგ ატარებდნენ. საქართველოს მორაგბეთა ნაკრები გამარჯვების შემთხვევაში ისტორიაში პირველად, მსოფლიოს ჩემპიონატის საგზურს ინაღდებდა. საბოლოოდ ეს მატჩი "ბორჯღალოსნების" გამარჯვებით 17:13 დასრულდა და ისტორიაში პირველად, საქართველოს მორაგბეთა ეროვნულმა ნაკრებმა მსოფლიოს ჩემპიონატზე ასპარეზობის უფლება მოიპოვა (2003 წლის მსოფლიო ჩემპიონატი ავსტრალიაში გაიმართა).
ბოლო ურთიერთშეხვედრა
ბოლო ურთიერთშეხვედრა ქართველ და რუს მორაგბეებს შორის 2019 წლის 17 მარტს, რუსეთში, კერძოდ კი კრასნოდარში შედგა, რომელიც "ბორჯღალოსნების" გამარჯვებით, ანგარიშით 6-22 დასრულდა. სწორედ ამ თამაშის შემდეგ ქართველი ბორჯღალოსნები ოფიციალურად გახდნენ 2019 წლის "რაგბი ევროპის" გამარჯვებულები და გამარჯვება სწორედ რუსეთში აღნიშნეს.