Belive

საბა აბულაშვილი ესპანეთისა და აშშ-ს თამაშზე მთავარ მსაჯად დაინიშნა

1 თვის წინ რაგბი
1 წთ

მსოფლიო რაგბის ნოემბრის საერთაშორისო ფანჯარაში მსოფლიოს მასშტაბით 36 ტესტ-მატჩი და 5 სანაკრებო თამაში გაიმართება.

ამ 41 შეხვედრას, რომლებიც ნოემბრის 5 უქმეებზეა გადანაწილებული, ჯამში 12 ქვეყნის 30 მსაჯი მოემსახურება – მათგან ორი საქართველოს წარმოადგენს.

ნიკა ამაშუკელი ნოემბერში 4 თამაშს გაუძღვება - სამს გვერდითი და ერთს მოედნის მსაჯის რანგში.

ნიკას გარდა ტესტ-მატჩებში საბა აბულაშვილი გამოჩნდება. 16 ნოემბერს ის რუმინეთისა და კანადის დაპირისპირებაში პირველი ასისტენტი იქნება, 23 ნოემბერს კი მოედნის მსაჯის რანგში მას დებიუტი ექნება, ის მადრიდში, ესპანეთისა და აშშ-ს შეხვედრაში იმსაჯებს.

მსოფლიო რაგბი ამბავს ასე ეხმაურება:

მსოფლიო რაგბის მსაჯის რანგში საბა აბულაშვილმა ტესტ-რაგბიში პირველი დანიშვნა მიიღო. მსოფლიო რაგბის 20-წლამდელთა ჩემპიონატზე წარმატებული მუშაობის შემდეგ, ის 23 ნოემბერს ესპანეთისა და აშშ-ს შეხვედრას გაუძღვება - მსოფლიო რაგბის ოფიციალური რელიზი

თავად საბა აბულაშვილი ამბობს:

ტესტ-მატჩებზე აქამდეც მიმუშავია, ოღონდ მაშინ ეს შემთხვევით მოხდა. 2022 წელს საქართველო იტალიისა და საქართველო-პორტუგალიის შეხვედრებზე მსაჯი ვერ ჩამოვიდა და მე მომიწია გვერდითი მსაჯობა. ეს გამოძახება კი დაგეგმილი შრომის ნაწილი და გაგრძელებაა.

ზაფხულში მსოფლიო რაგბის 20-წლამდელთა ჩემპიონატზე ვიმუშავე, სადაც მესამე ადგილისთვის შეხვედრის მსაჯობაც მანდეს ირლანდიასა და ახალ ზელანდიას შორის. ეს დანიშვნაც სწორედ ამ ტურნირის გამოხმაურებაა. ელიტურ რაგბს გეგმაზომიერად ვუახლოვდები, თუმცა ფრთხილად უნდა ვიყო, რადგან ტიერ1-სა და ტიერ2-ს შორის ძალიან დიდი ნაპრალია და ამ უფსკრულში არ უნდა გადავიჩეხო. იმედი მაქვს ყველაფერი გეგმის მიხედვით გაგრძელდება და ნაბიჯ-ნაბიჯ მივალ დასახულ ამოცანამდე.

რაც შეეხება უშუალოდ ესპანეთისა და აშშ-ს შეხვედრას, ეს ორივე გუნდისთვის მესამე ტესტ-მატჩი იქნება. შესაბამისად, მექნება მონახაზი ამ გუნდების შესახებ – როგორ რაგბის თამაშობენ, როგორ ფორმაში არიან და მომზადებული შევხვდები თამაშს.

აშშ-ში სამ სხვადასხვა შტატში ვიმსაჯე. მაღალი დონის ჩემპიონატი აქვთ და ბევრ სახელოვან მორაგბესაც შეხვდებით. იქაური გუნდები კარგ რაგბს თამაშობენ და იგრძნობა, რომ უკვე დაწყებულია მზადება 2031 წლის მსოფლიო ჩემპიონატისთვის. სამხრეთ აფრიკაში აშშ-დან ჩავედი და ეს თამაშები 20-წლამდელთა ჩემპიონატისთვის მზადების კუთხით ძალიან დამეხმარა. მთლიანად მომეხსნა ენის ბარიერი, კარგ ფიზიკურ კონდიციაში ვიყავი და მსაჯობის კუთხითაც სათანადოდ გავხურდი.

20-წლამდელთა ჩემპიონატზე წარმატებულ მსაჯობას ახალი დანიშვნა მოყვა და ვიმედოვნებ, ნოემბრის თამაშების შემდეგ კიდევ მივიღებ ახალ დანიშვნებს ევროთასებსა თუ სხვა ტურნირებზე, რომლებიც დეკემბერ-მარტში ევროპაში იმართება. - საბა აბულაშვილი

Rugby.ge

სხვა სტატიები