RUGBYPASS: ,,საქართველომ უელსთან მოგებით რაგბის სამყარო შოკში ჩააგდო''
ნოემბრის მესამე ტესტ-მატჩში საქართველოს მორაგბეთა ნაკრებმა უელსი სტუმრად 13:12 დაამარცხა და ისტორიული გამარჯვება მოიპოვა.
ეს არის მეორე შემთხვევა, როცა ,,ბორჯღალოსნებმა'' ექვსი ერის წარმომადგენელს მოუგეს.
საქართველოს მოგებას გავლენიანი სარაგბო გამოცემა RUGBYPASS-ი გამოეხმაურა, რომელმაც სტატია სათაურით - ,,საქართველომ უელსთან მოგებით რაგბის სამყარო შოკში ჩააგდო'' გამოაქვეყნა:
,,უელსმა სამარცხვინო მარცხი იწვნია საქართველოს ნაკრებთან, რომელმაც შემოდგომის სერიაში, Principality Stadium-ზე, სენსაციური გამარჯვება მოიპოვა. შეცვლაზე შემოსულმა ლუკა მატკავას ჯარიმამ უელსს დიდი დარტყმა მიაყენა. ჯეკ მორგანმა პირველ ტაიმში 2 ლელო დადო, მაგრამ მეორე ნახევარში საქართველო დომინირებდა.
სანაკრებო რაგბის ისტორიაში ეს ერთ-ერთი უმძიმესი მარცხია, რომელსაც გარდაუვლად ექნება გავლენა უელსის მომავალი მატჩის მზადების პროცესში.
ბოლო წუთები ძალიან დაძაბული იყო, განსაკუთრებით უელსელებისთვის და მატკავამ საქართველო ოცნებების სამყაროში გადაიყვანა, როცა გრძელი დისტანციიდან ჯარიმა წარმატებით შეასრულა.
საქართველოს ნაკრების მოთამაშეებმა გამარჯვება ემოციურად აღნიშნეს, მათ ისტორიაში უდიდესი გამარჯვება მოიპოვეს,'' - წერს გამოცემა.