რაგბი ევროპის 2023 წლის გათამაშება ახალი ფორმატით ჩატარდება
საქართველოს მიერ მრავალგზის მოგებული რაგბი ევროპის ჩემპიონატი ახალი ფორმატით და გუნდების გაზრდილი რაოდენობით ჩატარდება. ნაკრებთა რაოდენობა 8-მდე გაიზარდა, რომლებიც ორ 4 გუნდიან ჯგუფში არიან განაწილებულნი. საქართველო A ჯგუფში ესპანეთის, ნიდერლანდებისა და გერმანიის ნაკრებებთან ითამაშებს, ხოლო B ჯგუფში რუმინეთი, პორტუგალია, ბელგია და პოლონეთი იასპარეზებენ.
"ბორჯღალოსნები" პირველ მატჩს 4 თებერვალს გერმანიის წინააღმდეგ გამართავენ. შემდეგ შეხვედრაში 11-ში ნიდერლანდებს ვეწვევით, ხოლო 18-ში ასევე სტუმრად ესპანეთს ვეთამაშებით.
რაგბი ევროპის საშეჯიბრო კომიტეტის ხელმძღვანელი ფილიპ ტუჩელი ამბობს:
„ახალი ფორმატი რაგბი ევროპის ჩემპიონატის მიმართ ინტერესს გაზრდის და ჩვენ უფრო სანახაობრივი მატჩების თვითმხილველები გავხდებით. მონაწილეთა რაოდენობის 8 გუნდამდე გაზრდა ხელს შეუწყობს ევროპული რაგბის განვითარებას“.
თითოეული ჯგუფის ორ-ორი საუკეთესო თასის ნახევარფინალში გადის, ხოლო მესამე-მეოთხეადგილოსნები მეხუთე-მერვე ადგილის ნახევარფინალებს ითამაშებენ. ნახევარფინალური შეხვედრები 4-5 მარტსაა ჩანიშნული, ფინალები კი 18-19 მარტს გაიმართება და ყველა ადგილი გათამაშდება.