Belive

რაგბი ევროპა | რუმინეთისა და საქართველოს მატჩზე დაწესებული შეზღუდვა მოიხსნა

2 წლის წინ რაგბი
5 წთ

2022 წლის რაგბი ევროპის ჩემპიონატის შეხვედრაში, რუმინეთის მორაგბეთა ეროვნული ნაკრები საქართველოს მორაგბეთა ეროვნულ ნაკრებს დაუპირისპირდება. "მუხებისა" და "ბორჯღალოსნების" დაპირისპირება ბუქარესტში, 12 მარტს, 19:30 საათზე გაიმართება. ოფიციალურად დადასტურებული ინფორმაციის თანახმად, რუმინეთისა და საქართველოს მატჩზე მაყურებელზე დაწესებული შეზღუდვები მოიხსნა. აღნიშნული ინფორმაცია, რუმინეთის რაგბის კავშირის Twitter-ზე და რაგბი ევროპის ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსდა.

შეგახსენებთ, ამ გუნდებს შორის 2002 წლიდან ანთიმოზ ივერიელის თასი თამაშდება, თუკი შეხვედრა მსოფლიო თასის ეგიდით არ ტარდება. აქამდე ის ბორჯღალოსნებმა 14-ჯერ დაისაკუთრეს, მეტოქემ კი 6-ჯერ. მთლიანობაში, საქართველოსა და რუმინეთის ურთიერთშეხვედრების ისტორია 1998 წლიდან იწყება. მაშინ მსოფლიო თასის შესარჩევი მატჩი მეტოქემ 27:23 მოიგო, 2000 წლიდან კი, სტეჟარს წელიწადში ერთხელ ვხვდებით რაგბი ევროპის ჩემპიონატზე (და მის წინამორბედ ერთა თასზე), ორჯერ კი მის მიღმაც ვერკინეთ – 2006 წელს მსოფლიო თასის შესარჩევი ეტაპის ეგიდით, ხოლო 2011 წელს პამერსთონში (ახალი ზელანდია), უშუალოდ მსოფლიო თასზე. წლების წინ რუმინეთი ჩვენთვის უხერხულ მეტოქედ ითვლებოდა და პირველი 9 რკენიდან 7 მეტოქის გამარჯვებით დასრულდა. 2007 წლიდან ეს მოცემულობა შეიცვალა და 16 თამაშიდან საქართველომ 13 მოიგო, ერთი ფრედ დაასრულა, მეტოქემ კი ორი მოიგო. ჯამში რუმინეთთან ყველაზე მეტჯერ, 25-ჯერ (12 შინ, 11 სტუმრად, 2 ნეიტრალურზე) გვითამაშია და მათგან 15 გამარჯვებით დავასრულეთ, 9-ჯერ რუმინეთმა მოიგო და ერთიც ფრედ დასრულდა. საქართველოს გატანილი აქვს 48 ლელო და 504 ქულა, მიღებული კი 34 ლელო და 411 ქულა. „მუხებმა“ ბოლოს 2017 წელს, ბუქარესტში მოიგეს – 8:7. აქამდე ჩატარებულ მატჩებში რუმინეთს ყველაზე დიდი, 29 ქულის სხვაობით 2016 წელს, „დინამო არენაზე“ მოვუგეთ – 38:9. თითქმის მსგავსი სხვაობა დაფიქსირდა 2020 წელს – 41:13, შარშან კი მას 28:17 ვძლიეთ. 12 მარტის შეხვედრას ასევე დიდი მნიშვნელობა აქვს რაგბი ევროპის ჩემპიონატის გამარჯვებულის გამოვლენის კუთხით. ამჟამად რუმინეთს 8 ქულა აქვს (3 თამაშიდან) და მეორე ადგილზეა, საქართველო კი 1 ქულით ჩამორჩება, ოღონდ მესამე ტურში რუსეთის წინააღმდეგ არ უთამაშია. შესაბამისად, ბუქარესტში მოგებით ბორჯღალოსნები მეორე ადგილზე აინაცვლებენ და დასკვნით ტურში ლიდერ ესპანეთს პირველობისა და ტიტულის შენარჩუნებისთვის შეუტევენ. რადგან სამჯერ ჩემპიონი ორი წლის ჯამით გამოვლინდა, გუნდებმა ტიტული სულ 19-ჯერ მოიპოვეს და აქედან 13-ჯერ, თასი საქართველომ შემართა, 5-ჯერ რუმინეთმა და ერთადერთხელ (2003-2004 წლები) პორტუგალიამ. ბოლო 11 გათამაშებიდან საქართველომ მოიგო 10 და მხოლოდ ერთხელ, 2017 წელს დაუთმო ტიტული რუმინეთს. წლევანდელი რაგბი ევროპის ჩემპიონატი, შარშანდელთან ერთად, 2023 წლის მსოფლიო თასის შესარჩევი ეტაპიცაა. ევროპიდან საფრანგეთის პირდაპირ საგზურს პირველ-მეორე ადგილზე გასული გუნდები იღებენ, მესამე კი საკონტინენტთაშორისო ფლეი ოფში ჩაერთვება. შესარჩევ ტურნირში საქართველოს 7 თამაშიდან 31 ქულა აქვს და უპირობო ლიდერია. 25 ქულა აქვს მეორე ადგილზე მყოფ ესპანეთს, 22 რუმინეთს და 21 პორტუგალიას, ოღონდ მდევრებს 8-8 თამაში აქვთ ჩატარებული, ჩვენ კი 7. შესაბამისად, გამარჯვების შემთხვევაში ბორჯღალოსნები მეტოქეებისთვის მიუწვდომელი იქნებიან და როგორც დაგეგმილი ქონდათ, საფრანგეთში ევროპა1-ის სტატუსით გაემგზავრებიან. ასეთ შემთხვევაში 2023 წლის საფრანგეთის მსოფლიო თასზე საქართველო გ ჯგუფში, უელსის, ავსტრალიის, ფიჯისა და ფლეი ოფის გამარჯვებულ გუნდებთან მოხვდება. წყარო: საქართველოს რაგბის კავშირი

სხვა სტატიები