ხმის მიცემა დასრულდა - საუკეთესოდ პორტუგალიელი დასახელდა და არა ქართველი!
2023 წლის რაგბი ევროპის ჩემპიონატი, საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრების ტრიუმფით დასრულდა. ესპანეთის ქალაქ ბადახოსში გამართულ ფინალში, “ბორჯღალოსნებმა” პორტუგალია 38:11 დაამარცხეს.
გასათვალისწინებელია, რომ "ბორჯღალოსნებმა" რაგბი ევროპაზე წაუგებელი მატჩების სერია 29-მდე გაზარდეს, რაც სარეკორდო მაჩვენებელია. პორტუგალიის დამარცხებით საქართველომ ზედიზედ მე-6-ედ მოიპოვა რაგბი ევროპის ჩემპიონის ტიტული და გაიმეორა თავისივე მიღწევა (2011-2016 წლებში). ნაკრებს 2018 წლიდან დღემდე 29-მატჩიანი წაუგებელი სერია მოუგროვდა, ტურნირზე მე-100 გამარჯვებით კი, მსოფლიო რეიტინგში სამოას გადაასწრო და 76,23 ქულით მე-11 პოზიციაზე აღზევდა.
- რაგბი ევროპა | რეკორდსმენი საქართველო უცვლელი ჩემპიონია!
- მსოფლიო რაგბი ბორჯღალოსნების ტრიუმფს ეხმაურება
- რაგბი ევროპის ჩემპიონატის სიმბოლურ ნაკრებში 5 ქართველი მორაგბე მოხვდა
ამ ყველაფრის ფონზე, ნაკლებად თუ ვინმე წარმოიდგენდა, რომ 2023 წლის რაგბი ევროპის ჩემპიონატის საუკეთესო მოთამაშის ტიტულს, ქართველი მორაგბე ვერ მოიპოვებდა. რაგბი ევროპის ოფიციალურ ვებგვერზე, საუკეთესო მოთამაშის გამოსავლენად, ხმის მიცემის პროცედურა მიმდინარეობდა, რომელშიც ფანებს შესაძლებლობა ჰქონდათ, 5 გამორჩეული მონაწილიდან საუკეთესო დაესახელებინათ.
გულშემატკივრების გადაწყვეტილებით, 2023 წლის რაგბი ევროპის ჩემპიონატის საუკეთესო მოთამაშედ ნუნო გუედეში (პორტუგალია) დასახელდა. მეორე ადგილი კრისტოფერ რეიმონდმა (ნიდერლანდები) დაიკავა, ხოლო მესამე პოზიციაზე საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრების წევრი აკაკი ტაბუცაძე აღმოჩნდა.
გულდასაწყვეტია, რომ საუკეთესო მორაგბედ ჩემპიონატის საუკეთესო მონაწილის მოთამაშე არ დასახელდა, თუმცა, გამარჯვებული ფანების ხმის მიცემის შედეგად გამოვლინდა და შეიძლება ვიფიქროთ, რომ პორტუგალიელმა ქომაგებმა განსაკუთრებით იაქტიურეს.
კიდევ უფრო გულდასაწყვეტია ის გარემოება, რომ რაგბი ევროპის ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნებულ სიმბოლურ ნაკრებში, მხოლოდ 5 ქართველი მორაგბე მოხვდა. საუკეთესო მორაგბისგან განსხვავებით, სიმბოლური ნაკრები რაგბი ევროპის წარმომადგენლებმა დააკომპლექტეს და ყველაზე მეტი წარმომადგენელი საქართველოსა და პორტუგალიას (5) არგუნეს. საუკეთესოთა შორის რუმინელი (3) და ესპანელი (2) მორაგბეებიც მოხვდნენ.
რამდენად სამართლიანადაა შედგენილი და რატომ მოხვდა იგივე რაოდენობის პორტუგალიელი ან თუნდაც 3 რუმინელი მორაგბე, განსაკუთრებით იმ პოზიციებზე, რომლებზეც ქართველები აშკარად დომინირებდნენ, ამის განსჯა ჩვენი მკითხველისთვის მიგვინდვია – საქართველომ კი კიდევ ერთხელ აჩვენა, რომ რაგბი ევროპის ჩემპიონატის უკონკურენტო ლიდერია, რომელმაც ტურნირი ზედიზედ მეექვსედ, ზედმეტი ძალისხმევის გარეშე მოიგო.
საუკეთესო თხუთმეტეულში შალვა მამუკაშვილი, გიორგი ცუცქირიძე, ვასილ ლობჟანიძე, თედო აბჟანდაძე და აკაკი ტაბუცაძე მოხვდნენ.