Belive

რაგბი ევროპა | ბორჯღალოსნების მეტოქეები და კალენდარი ცნობილია

4 თვის წინ რაგბი
2 წთ

რაგბი ევროპის ჩემპიონატის 2025 წლის კალენდარი ოფიციალურად დამტკიცდა. აღსანიშნავია, რომ მომავალი ტურნირი 2027 წლის რაგბის მსოფლიო თასის შესარჩევი ტურნირიცაა.

ტურნირის უპირობო დომინანტი საქართველო A-ჯგუფში შვეიცარიის, ნიდერლანდებისა და ესპანეთის წინააღმდეგ ითამაშებს. ჯგუფური ეტაპის პირველ ტურში, 1 ან 2 თებერვალს საქართველო შვეიცარიას უმასპინძლებს. 8 ან 9 თებერვალს ბორჯღალოსნები ნიდერლანდებს უმასპინძლებენ, ხოლო 15 ან 16 თებერვალს ესპანეთთან გასვლითი დაპირისპირება შედგება.

ჯგუფური ეტაპის დასრულების შემდეგ, პირველ და მეორეადგილოსნები 1/2-ფინალში განაგრძობენ დაპირისპირებას, ხოლო დარჩენილი ერები მე-5 და მე-8 ადგილისთვის ითამაშებენ. ისევე როგორც გასულ წელს, ოთხივე ფინალი 16 მარტს, ერთ სტადიონზე გაიამრთება. ფინალების მასპინძელი სტადიონი მოგვიანებით დადგინდება.

როგორც აღვნიშნეთ, 2027 წელს, ავსტრალიაში რაგბის მსოფლიო თასი განსხვავებული ფორმატით ჩატარდება. მსოფლიო პირველობაზე 20-ის ნაცვლად 24 ერი ითამაშებს, რაც იმას ნიშნავს, რომ რაგბი ევროპის ჩემპიონატიდან მომავალ მსოფლიო თასზე ოთხი გუნდი პირდაპირ მოხვდება, მეხუთე კი რეპეშაჟში ჩაერთვება. აღსანიშნავია, რომ წარსულში რაგბი ევროპიდან მსოფლიო თასზე 2 გუნდი ხვდებოდა, მესამეადგილოსანი კი რეპეშაჟში აგრძელებდა საგზურისთვის ბრძოლას.

2027 წლის მსოფლიო თასზე მონაწილე 12 ერის ვინაობა უკვე ცნობილია. მომავალი მსოფლიო თასის საგზური ავტომატურად მოიპოვეს იმ ერებმა, რომლებმაც გასული მსოფლიო თასის ჯგუფურ ეტაპზე პირველი სამი ადგილი დაიკავეს. დანარჩენ 12 საგზურს კი რაგბი ევროპის ჩემპიონატის, აფრიკის, აზიისა და სამხრეთ ამერიკის ჩემპიონატების, წყნარი ოკეანის თასის (ფიჯისა და იაპონიის გარდა, რომლებმაც უკვე მოიპოვეს საგზური), სამხრეთ ამერიკისა და წყნარი ოკეანის პლეი-ოფის გამარჯვებული და რეპეშაჟის გამარჯვებული მიიღებენ.

სხვა სტატიები