რიჩარდ კოკერილი: "გვინდა იმ ტურნირებზე გვათამაშონ, სადაც უკეთესები გავხდებით"
2 კვირის წინ
რაგბი
1 წთ
საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრები დღეს გენუაში, სტუმრად იტალიასთან დამარცხდა. პირველი ნახევარი საქართველომ ბრწყინვალედ ჩაატარა და 11 ქულიანი უპირატესობით გავიდა შესვენებაზე, თუმცა მასპინძლებმა მეორე ნახევარში უდიდესი უპირატესობა მოიპოვეს და 20:17 გაიმარჯვეს. მატჩის შემდეგ, მედიასთან ჩვენი ნაკრების მწვრთნელმა, რიჩარდ კოკერილმა ისაუბრა.
ეს ჩვენთვის კარგი გაკვეთილი იქნება. ძირითადად კარგები ვიყავით, თუმცა მეორე ტაიმი არ იყო ისეთი, როგორიც პირველი. ამ წაგებას სწორი დასკვნების გასაკეთებლად გამოვიყენებთ - როცა აგებ, ამის მიღებაც უნდა შეგეძლოს, ამიტომ ბევრ პოზიტიურ დეტალს ვხედავ დღევანდელ შეხვედრაში.
მართალია რომ იმედგაცრუებულები ვართ, თუმცა მომავალ კვირაში ტონგა გველოდება და უკეთესები უნდა ვიყოთ. დღეს ბევრი ვიბრძოლეთ და ცოტა დაგვაკლდა მოსაგებად.
ჩვენ გვყავს არაჩვეულებრივი შემადგენლობა, რომელიც ერთ გუნდად კარგად თამაშობს და ეს არაა მხოლოდ ინდივიდუალური ოსტატობაზე დაფუძნებული ნაკრები, თუმცა ამ მხრივაც დღეს უამრავი პოზიტივი დავინახე.
ჩვენ მხოლოდ ის გვინდა, რომ მსოფლიო რაგბიმ მოგვცეს შანსი ვითამაშოთ ისეთ ტურნირებზე, სადაც განვითარება შეგვეძლება. - განაცხადა რიჩარდ კოკერილმა
ბოლოს იტალიას ბათუმში 2022 წელს ვეთამაშეთ და ის თამაში ერთ-ერთი ყველაზე დიდი გამარჯვებაა ქართული რაგბის ისტორიაში, პრინციპულ მეტოქეს 28:19 მოვუგეთ. 24 ნოემბერს, საქართველოს ნაკრები, მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე, ტონგას უმასპინძლებს.