Belive

Planet Rugby: "ქართველების თამაში შთამბეჭდავი საყურებელი იყო"

5 თვის წინ რაგბი
1 წთ

ზაფხულის ტესტ-მატჩების დასკვნით დაპირისპირებაში, საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრები ავსტრალიას შეერკინა და სანახაობრივ ბრძოლაში 40:29 დამარცხდა.

მატჩის პირველი ტაიმი ავსტრალიელთა უპირატესობით წარიმართა და მათი გამარჯვებით 26:10 დასრულდა. მეორე ტაიმში ბორჯღალოსნებმა ნამდვილი შოუ დადგეს და დავით ნინიაშვილისა და აკაკი ტაბუცაძის ფენომენალური ლელოებით, ანგარიშში სხვაობა 2 ქულამდე შეამცირეს. ნინიაშვილის გასინბინების შემდეგ, მომენტუმი კვლავ "ვოლაბების" მხარეს გადაიხარა და საბოლოოდ დაპირისპირება 40:29 დასრულდა.

საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრების შესანიშნავი თამაში ავტორიტეტულ სარაგბო გამოცემებს უყურადღებოდ არ დარჩენიათ. განსაკუთრებით Planet Rugby მოიხიბლა, რომელმაც "ბორჯღალოსნების" შესახებ მაჟორულ ნოტაზე დაწერა.

საქართველომ დიდებულად ითამაშა. ქუდები მოიხადეთ ბორჯღალოსნების წინაშე, რომელთაც კიდევ ერთხელ დაგვანახეს, რომ მსოფლიო რაგბის ელიტაში ღირსეულ ადგილს იკავებენ. მათ 4 ლამაზი ლელო გაიტანეს და სტადიონზე მყოფი გულშემატკივარი ბრწყინვალე თამაშით აღაფრთოვანეს.

იაპონიაში მოპოვებული ტრიუმფალური გამარჯვების შემდეგ, საქართველო ავსტრალიასთან პირველი და ისტორიული გამარჯვებისთვის იბრძოდა და მიუხედავად იმისა, რომ ეს ვერ მოახერხეს, მათ შეუძლიათ ღირსეული თამაშით იამაყონ. საქართველოს ფიზიკური მზადყოფნა და უნარები მთელი მატჩის განმავლობაში დიდებული საყურებელი იყო.

აკაკი ტაბუცაძე ერთ-ერთი თვალსაჩინო მოთამაშეა. მისმა ორმა შესანიშნავმა ლელომ დაგვანახა მონდომება და უნარები, რომლითაც ამ მატჩის შემდეგ შეუძლია რომ იამაყოს - ისევე, როგორც საქართველოს ნაკრებმა. - Planet Rugby.

შეგახსენებთ, ზაფხულის ტესტ-მატჩებზე "ბორჯღალოსნები" ფიჯის, იაპონიასა და ავსტრალიას დაუპირისპირდნენ. საქართველოს მორაგბეთა ეროვნულმა ნაკრებმა იაპონიაში ისტორიული გამარჯვება მოიპოვა, 2 მატჩში კი ბრძოლაში დამარცხდა.

სხვა სტატიები