პირველი ლიგა | მოწინავე სამეულმა ბონუსით მოიგო
პირველი ლიგის მე-11 ტურში მოწინავე სამეულმა ბონუსით მოიგო და ლიდერთა შორის მდგომარეობა უცვლელი დარჩა. სატურნირო ცხრილს სათავეში 45 ქულით ‘ტაო’ უდგას. მესხები მდევრებს – ‘გორსა’ და ‘დინოზავრს’ შესაბამისად 4 და 6 ქულით უსწრებენ.
მარცხის მიუხედავად, ‘არმიამ’, ‘ვეფხვებმა’ და ‘ლოკომოტივმა’ მოწინავე ექვსეულში ადგილი შეინარჩუნეს. ‘არმიამ’ აღებული ნუგეშით მეოთხე პოზიცია გაიმყარა და მდევარ ‘ვეფხვებთან’ სხვაობა 6 ქულამდე გაზარდა. პლეი ოფის ზონის ბოლო საფეხურზე მყოფმა „რკინიგზელებმა“ ასევე აღებული ნუგეშით გარე კახელებთან ცხრილში ჩამორჩენა 4 ქულამდე შეამცირეს.
‘იუნკერებმა’ მეშვიდე პოზიციაზე აინაცვლა და პლეი ოფის ზონას 3 ქულა აშორებს. ‘არმაზი’ მერვე ადგილამდე დაქვეითდა და პლეი აუტის ადგილზე დამკვიდრებულ ‘მათეს’ 1 ქულითღა უსწრებს. ცხრილის ბოლო საფეხურზე ‘ბაგრატი’ დარჩა. რიონისპირელები ზემო იმერლებს 4 ქულით ჩამორჩებიან.
პირველობის ერთპიროვნული ლიდერი ‘ტაო’, ქუთაისში დარჩენაზე მებრძოლ ‘ბაგრატს’ სტუმრობდა და ქომაგმა 2 განსხვავებული ტაიმი იხილა. რიონისპირელებმა პირველ ტაიმში ლიდერს არაფერი დაუთმეს და შუამარბ ზვიად ოდიშარიას ხელსაყრელი პოზიციიდან 2 ჯარიმა რომ არ გაეცუდებინა, შესვენებაზე პოზიტიური ანგარიშით წავიდოდნენ. მანამდე ოდიშარიამ გატანილი ჯარიმით მესხთა კვაჭ გივი მაწკეპლაძის გარდაუსახავ ლელოს უპასუხა და ტაიმის მიწურულს ანგარიშში სტუმართა უპირატესობამ 2 ქულა შეადგინა.
მეორე ტაიმის დებიუტში ოდიშარიამ სალელოვე შეტევა ვერ დააგვირგვინა, რასაც ‘ტაოს’ „აფეთქება“ მოჰყვა. ფიზიკურად უკეთ მომზადებულმა მესხებმა სისწრაფეს უმატეს და დარჩენილ დროში ‘ბაგრატს’ 5 უპასუხო ლელო დაუდეს. მესხთა ფიჯელმა შუამარბმა ლაისიასა ბოგიდრაუმ მიჯრით წყვილი ლელო გაიტანა, ხოლო ლიდერის დამაჯერებელ გამარჯვებას წერტილი ფრთა ლუკა კვენეტაძის გატანილმა ლელომ დაუსვა – 33:3.
ლიდერის მდევარმა ‘გორმა’, მშობლიურ ჭალის დასახლებაში მარნეულის ‘არმაზს’ 9 ლელო დაუდო და ყველა მათგანი მასპინძელთა სხვადასხვა მოთამაშის ანგარიშზეა. პირველ ტაიმში შიდა ქართლელებმა სტუმრები მგეზავ ოთარ მეტრეველის გატანილ ეულ ჯარიმას დააჯერეს, საკუთრივ კი 3 გატანილი ლელოთი შესვენებაზე 21 ქულიანი სხვაობით წავიდნენ.
მეორე ნახევარში მასპინძელთა უპირატესობა კიდევ უფრო თვალსაჩინო გახდა. ქვემო ქართლელებმა პრესტიჟის ტექნიკური ლელო გამოიმუშავეს, საკუთრივ კი 6 ლელო მიიღეს. გორელთა წარმატებას სათავე მღლეტელ მიხეილ ჩაჩავას ლელომ დაუდო, წერტილი კი მარქაფადან ჩართული ჰავბეკის დავით მთვარაძის დადებულმა ლელომ დაუსვა. მასპინძელთა კაპიტანმა და მგეზავმა გოდერძი ჭინჭარაულმა 7 გარდასახვა გამოიყენა – 62:10.
პატარძეულის ‘ვეფხვებმა’ მორიგი საშინაო შეხვედრა კვლავ დედაქალაქში, ვაზისუბნის სარაგბო არენაზე გამართა და მეტოქედ ლიდერთა სამეულში მყოფი წყალტუბოს ‘დინოზავრი’ იახლა. იმერლები უპირატესობას პირველივე წუთებიდან ფლობდნენ და ტაიმი 17 უპასუხო ქულით მოიგეს. ‘დინოზავრის’ ფრთა იაგო ხაბულიანისა და შუამარბ დავით კვირიკაშვილის დადებული ლელოები მგეზავმა დავით გობეჯიშვილმა გარდასახა, ვინაც მონაგარს გატანილი არეკნიც შემატა.
მეორე ნახევარმაც სტუმართა სრული უპირატესობით ჩაიარა. ‘დინოზავრმა’ კიდევ 4 ლელო გაიტანა, რომელთა შორის განსაკუთრებული აღნიშვნის ღირსია ფულბეკ მიშიკო ჟორჟოლიანის დადებული ლელო. მოედნის საკუთარი ნახევარიდან, წყალტუბოელთა სწრაფი, მრავალსვლიანი კომბინაცია ჟორჟოლიანის ეფექტური ლელოთი დაგვირგვინდა. გარე კახელები ბოლომდე იბრძოდნენ და მატჩის მიწურულს ფრთა მიხეილ შუბითიძის გატანილი ლელოთი „მშრალი“ ანგარიშით მარცხს გადაურჩნენ – 43:7.
„ავჭალა არენამ“ თეთრი წყაროს ‘იუნკერებისა’ და ‘ლოკომოტივის’ შეხვედრას უმასპინძლა. მატჩი უაღრესად დაძაბული გამოდგა და ქულა-ქულაში წარიმართა. გარისელებმა მთლიანობაში „რკინიგზელებზე“ ერთით მეტი, 5 ლელო გაიტანეს, რაც ‘იუნკერებისთვის’ სეზონში მეოთხე გამარჯვების მომტანი გამოდგა. მატჩის დასკვნით ნაწილში ‘ლოკომოტივის’ მღლეტელ გიორგი პიტიურიშვილის შესრულებული „დუბლით“ ანგარიში კიდევ ერთხელ გათანაბრდა. ბოლო წუთზე კი მატჩის გამორჩეულმა მოთამაშემ, „იუნკერთა“ ფრთა გიორგი ვასაძემ საკუთარი ნახევარიდან ინდივიდუალური გარღვევა მოაწყო და ქვეყნის 10-გზის ჩემპიონს გამარჯვების მომტანი ლელო დაუდო – 34:27. ვასაძე ჩინებულ თამაშთან ერთად, შესრულებული „ჰეთ-თრიკითაც“ გამოირჩა.
ჭიათურის ცენტრალურ სტადიონზე, ადგილობრივი ‘მათესა’ და ‘არმიას’ შეხვედრას სიმძაფრე და დრამატიზმი არ მოკლებია. პირველ ნახევარში მასპინძელთა ბურჯ გიორგი ასანიძის გარდაუსახავ ლელოს, „არმიელთა“ მარბიელმა ამირან სახელაშვილმა გარდასახული ლელო შეაგება და შესვენებაზე სტუმრები 2 ქულიანი უპირატესობით წავიდნენ.
მეორე ტაიმის დებიუტში ფრთა საბა ილურიძის გარდაუსახავი ლელოთი ‘არმიამ’ უპირატესობა 7-ქულამდე გაზარდა. მატჩის დასკვნითმა ნაწილმა კი ზემო იმერელთა გააფთრებულ იერიშებში ჩაიარა, რომელთაც აშკარად დაეტყოთ გამოცდილი სპეციალისტის ზაზა ბაკურაძის ხელი. ‘მათეს’ ფიჯელი ფულბეკის მაიკელი როკოდინონოს გატანილი ლელო, მასპინძელთა კიდევ ერთმა ფიჯელმა ლეგიონერმა ნიკო იალოსოლომ მეტად ხელსაყრელი პოზიციიდან ვერ გარდასახა, რამაც სტუმრებს ბოლო წუთამდე ანგარიშში 2 ქულიანი სხვაობა შეუნარჩუნა. „გაწითლებულ“ დროში კი ‘მათეს’ მორკინალთა მოლით მიძალება გატანილი ლელოთი კვაჭმა შოთა მაღლაკელიძემ დაასრულა, რამაც ზემო იმერლებს სეზონში მეორე და მეტად საშური გამარჯვება მოუპოვა – 17:12.
წყარო: rugby.ge