ევროპული რაგბის მმართველი ორგანო უკრაინაში მიმდინარე მოვლენების ფონზე ოფიციალურ განცხადებას ავრცელებს. Rugby Europe გმობს რუსეთის სამხედრო აგრესიას უკრაინაში და რუსეთის ტერიტორიაზე მის საქმიანობას აჩერებს.
ევროპაში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით, Rugby Europe უერთდება საერთაშორისო თანამეგობრობის ღრმა შეშფოთებას. ორგანიზაცია მკაცრად გმობს უკრაინაში რუსეთის სამხედრო აგრესიას.
Rugby Europe შეშფოთებულია უკრაინელი ხალხის, სარაგბო საზოგადოებისა და უსაფრთხოების თვალსაზრისით შექმნილ ვითარებასთან დაკავშირებით და ყურადღებით აკვირდება მიმდინარე მოვლენებს. როგორც ევროპული რაგბის მმართველი ორგანო, Rugby Europe განმსჭვალულია ოლიმპიური სულისკვეთებით და ხელს უწყობს მშვიდობის, პატივისცემისა ადამიანის უფლებელის ხელშეუხებლობას.
Rugby Europe-მ გადაწყვიტა დაუყოვნებლივ შეაჩეროს ღონისძიებების, ტურნირებისა და მატჩების ორგანიზება რუსეთის ტერიტორიაზე. ღონისძიებების შეჩერება შეეხება ნებისმიერ ასაკობრივ და სქესობრივ კატეგორიას, ეროვნულ და საკლუბო დონეზე.
შემდგომი გადაწყვეტილებების მიღებას, Rugby Europe-ს მმართველი ბორდი მსოფლიო რაგბის წარმომადგენლებთან კონსულტაციის გავლის შემდგომ მიიღებს.
შეგახსენებთ, 2022 წლის რაგბი ევროპის ჩემპიონატის მესამე ტურის შეხვედრაში, საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრები რუსეთს უნდა დაპირისპირებოდა, თუმცა მიმდინარე მოვლენებიდან გამომდინარე, Rugby Europe-მ მატჩის გადადების გადაწყვეტილება მიიღო.