ოფიციალურად დადასტურებული ინფორმაციის თანახმად, 2023 წლის რაგბი ევროპის ჩემპიონატზე ბელგია, გერმანია და პოლონეთიც იასპარეზებენ. აღნიშნული ინფორმაცია, რაგბი ევროპის ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსდა.
რამდენიმე თვის წინ ცნობილი გახდა, რომ რაგბი ევროპის რანგით მეორე ტურნირის (“ალაფი”) ჩემპიონი და ვიცე-ჩემპიონი რაგბი ევროპის ჩემპიონატში აღზევდებოდნენ, ამასთანავე, ელიტიდან არავინ დაქვეითდებოდა. "ალაფის" გამარჯვებული ბელგია გახდა, მეორე ადგილი კი პოლონეთმა დაიკავა. გამომდინარე იქიდან, რომ რაგბი ევროპამ რუსეთის მორაგბეთა ეროვნული ნაკრები ტურნირიდან მოკვეთა - "დათვების" ადგილს გერმანია დაიკავებს.
2023 წლის რაგბი ევროპის ჩემპიონატის მონაწილეები
საქართველო, ესპანეთი, პორტუგალია, რუმინეთი, ნიდერლანდები, ბელგია, გერმანია, პოლონეთი.
შეგახსენებთ, 2022 წლის რაგბი ევროპის ჩემპიონატი საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრების ტრიუმფით დასრულდა. ფინალურ შეხვედრაში, საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრები ესპანეთს დაუპირისპირდა. თბილისში, “დინამო არენაზე” გამართული მატჩი “ბორჯღალოსანთა” დამაჯერებელი გამარჯვებით, 49:15 დასრულდა.
საქართველოს მორაგბეთა ეროვნულმა ნაკრებმა ამ გამარჯვებით, რაგბი ევროპის ჩემპიონატის მე-14 ტიტული მოიპოვა, რომელიც საკუთარი გულშემატკივრის თვალწინ აღნიშნა.