ნიკა ამაშუკელი: "ჩვენი ნაკრები უფრო დაცვითი გუნდია, ვიდრე შემტევი"
1 თვის წინ
რაგბი
1 წთ
საქართველოს მორაგბეთა ნაკრებმა, შემოდგომის სერიების ბოლოსწინა მატჩი გენუაში, იტალიის ნაკრების წინააღმდეგ ჩაატარა. ბორჯღალოსნებმა ორი რადიკალურად განსხვავებული ტაიმი ჩაატარეს, საბოლოო ჯამში კი მასპინძლებმა 20:17 გაიმარჯვეს. იტალიელებმა მეორე ტაიმი 14:0 მოგვიგეს. რაგბის ქართველმა არბიტრმა საქართველოს ნაკრების თამაში შეაფასა.
ძალიან სამწუხარო მარცხი იყო, 3 ქულა ის სხვაობა არაა, რომ მოგება არ შეგვძლებოდა. იტალიელები ცდილობდნენ, რომ ჩვენი საუკეთესო მოთამაშე წნეხის ქვეშ ჰყოლოდათ - ნინიაშვილის შემთხვევაში ყოველთვის პირიქით გამოდის, დავითს ვერ დააკავებ, ის სულ უტევს და საოცარი მოთამაშეა. ელიტარულ ნაკრებში რომ თამაშობდეს, აუცილებლად ყველა იტყოდა, რომ ის მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესოა.
ტრადიცია გრძელდება და ჩვენ უფრო დაცვითი ტიპის გუნდი ვართ, ვიდრე შემტევი. ნინიაშვილი ამ შემთხვევაშიც გამორჩეულია, ამას ემატება მისი უნარები ჰაერში თამაშის დროსაც.
რაც შეეხება ტაბუცაძის ყვითელ ბარათს, მსაჯს ვერაფერში დავადანაშაულებთ - აკაკის ის მოქმედება ტექნიკური ლელოთი და ყვითელი ბარათით ისჯება, რაგბის წესების სახელმძღვანელო ამას გვკარნახობს, ასე რომ, აქ უსამართლოდ არაფერი მომხდარა. - განაცხადა ნიკა ამაშუკელმა
საქართველოს ნაკრებს შემოდგომის სერიების ბოლო შეხვედრა მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე, ტონგასთან ელოდება, მატჩი 24 ნოემბერს გაიმართება.