საქართველოს წლის საუკეთესო მსაჯი ნიკა ამაშუკელი წინსვლას 2022 წელსაც აგრძელებს. ევროპის პროფესიულმა საკლუბო რაგბმა ის იანვრის ორ ცენტრალურ მატჩზე დანიშნა.
22 იანვარს ამაშუკელი ჩემპიონთა თასის მე-4 ტურში, ინგლისის პრემიერშიფისა და ტოპ 14-ის ლიდერების "ლესთერ თაიგერსისა" და "ბორდოს" შეხვედრას განსჯის. ეს ტურის და ზოგადად ჯგუფური ეტაპის გამორჩეული თამაშია:
"ორივე გუნდი თავ-თავიანთი, მსოფლიოს უძლიერესი ჩემპიონატის ლიდერია და მათი დაპირისპირება უდაოდ ცენტრალურია ჩემპიონთა თასის ჯგუფურ ეტაპზე. ზოგადად ინგლისურ-ფრანგული დაპირისპირება ყოველთვის სახასიათოა და ჩემთვის დიდი პატივია ასეთი თამაში რომ მანდეს".
მანამდე, 15 იანვარს 27 წლის რეფერი ჩელენჯ ქაფის მე-3 ტურში ფრანგულ დერბის იმსაჯებს, რომელშიც "პერპინიანი" "ლიონს" მასპინძლობს:
"მანამდე ჩელენჯ ქაფზე ფრანგული დერბი მელის და იმედია "ლიონში" ქართველი ლეგიონერებიც ითამაშებენ, რაც ჩემთვის მსაჯობას ორმაგად სასიამოვნოს გახდის. "პერპინიანის" გულშემატკივრები აგრესიულები არიან და ხმაურით გამოირჩევიან. წინ საინტერესო გამოცდილება მელის" – ამბობს ამაშუკელი.
ნიკას ჩემპიონთა თასზე დებიუტი დეკემბერში ჰქონდა და მაშინაც ფრანგულ-ინგლისური დაპირისპირება იმსაჯა – "კასტრი" "არლექუინსს" ეთამაშებოდა.
წყარო:საქართველოს რაგბის კავშირი