ნანატრი გამარჯვება იაპონელებთან - საქართველო რეიტინგში დაწინაურდა
დღეს საქართველოს მორაგბეთა ეროვნულმა ნაკრებმა ისტორიული გამარჯვება მოიპოვა. ზაფხულის მეორე ტესტ-მატჩში, სტუმრად სენდაიში, ბორჯღალოსნებმა იაპონიის ნაკრები 23:25 დაამარცხეს.
უკვე მე-4 წუთზე საქართველოს ნაკრები 7:0 მარცხდებოდა, თუმცა პირველი წუთების შოკის შემდეგ, ჩვენთვის თამაში და განსაკუთრებით პირველი ტაიმი არაჩვეულებრივად წარიმართა. ჯერ მატკავამ შეძლო 2 ჯარიმის გატანა, შემდეგ კი ბრწყინვალედ ჩამოყალიბებული მოლით ბურთი მეტოქის ლელოში ვანო კარკაძემ დაამიწა. პირველივე ტაიმში, მიშიკო ალანიამ იაპონელებს მეორე ლელოც დაუდო. უნდა აღინიშნოს, რომ მასპინძლები მე-19 წუთიდან კაცნაკლული იყვნენ.
მეორე ტაიმში იაპონელებმა სისწრაფეებს მოუმატეს და ხშირად ვიყავით უბურთოდ. მათმა აქტიურობამ შედეგი გამოიღო და 65-ე წუთზე 5 ქულით წინ გავიდნენ, თუმცა ბოლო 10-წუთეულში, 13 კაცით დარჩენილ იაპონიას გიორგი ჯავახიამ მესამე ლელო დაუდო, მატკავამ გარდასახვა ზუსტად შეასრულა და შეხვედრა 2 ქულით მოვიგეთ.
ჩვენსა და იაპონელებს შორის, ეს რიგით მე-7 დაპირისპირება იყო და საშინელი ბალანსი გვქონდა - 5 მარცხი და მხოლოდ 1 გამარჯვება, რომელიც 2014 წელს მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე მოვიპოვეთ. ამ გამარჯვებით, ბორჯღალოსნები საერთო რეიტინგში დაწინაურდნენ და იაპონიას ადგილი გაუცვალეს. ჩვენ მე-12 ადგილამდე ავიწიეთ, ისინი კი მე-14-მდე დაქვეითდნენ.
საქართველო მომავალ ტესტ-მატჩს 20 ივლისს, სტუმრად, ავსტრალიის წინააღმდეგ ჩაატარებს.