მუქარა და გინება: ქართველი მორაგბე ჟურნალისტებს დაუპირისპირდა
4 წლის წინ
რაგბი
2 წთ
"რაგბი XV-ის გუნდს გვსურს, გამოვეხმაუროთ და ჩვენი პოზიცია დავაფიქსიროთ დღეს, ჩვენს ფეისბუკგვერდზე, საქართველოსა და შოტლანდიის რაგბის ნაკრებების თამაშის განხილვის დროს, საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრების წევრის, გიორგი აფციაურის მიერ გადაცემის წამყვანებისა და რაგბი XV-ის გუნდის მისამართით გაკეთებულ შეურაცხმყოფელ და მუქარისშემცველ განცხადებებთან დაკავშირებით. სრულიად წარმოუდგენელია, როდესაც მოქმედი ან ვეტერანი სპორტსმენი საჯაროდ, პირდაპირი ეთერის მსვლელობისას (ფეისბუკლაივის კომენტარებში), შეურაცხყოფს და ემუქრება ჟურნალისტებს. დაუშვებელია პროფესიული საქმიანობის შესრულებისას ჟურნალისტების შეურაცხყოფა, გინება და მუქარა. მოქმედი მოთამაშის მხრიდან ასეთი ქმედება ეწინააღმდეგება ეთიკის ნორმებს და ლახავს რაგბის ფასეულობებს. იმისათვის, რომ მომავალში, სპორტსმენების მხრიდან მსგავსი საქციელი არ წახალისდეს, ჩვენ, რაგბი XV-ის გუნდი, მოვითხოვთ, საქართველოს რაგბის კავშირმა მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით მკაფიოდ გამოხატოს მისი პოზიცია. ჩვენ უფლებას ვიტოვებთ, მუქარისა და შეურაცხყოფის გაგრძელების შემთხვევაში მივმართოთ შესაბამის სტრუქტურებს და მოვითხოვოთ სამართლებრივი რეაგირება."26-წლის გიორგი აფციაურმა 2015 წლის რაგბის მსოფლიო თასზე იასპარეზა. "ბორჯღალოსანთა" კვართი აფციაურმა 22 შეხვედრაში მოირგო. Live.ge-ის რედაქცია სრულ მხარდაჭერას უცხადებს ჟურნალისტებს, რომლებსაც აქვთ სრული უფლება, ქართულ რაგბიში მიმდინარე პროცესები თავისუფლად, ყოველგვარი შეზღუდვის გარეშე გააშუქონ. არავის არ აქვს უფლება, ჩაერიოს ჟურნალისტის საქმიანობაში, მითუმეტეს, თუკი ეს ეთიკის ნორმებს სცდება