მსოფლიო რაგბი ამტკიცებს, რომ საქართველოსა და Tier 2-ის ერების ინტერესებს დაიცავს
მსოფლიოს სარაგბო პუბლიკის სპეკულაციის ერთ-ერთ მთავარ თემას, რაგბის "მსოფლიო ლიგის" შექმნა წარმოადგენს. გავლენიანმა მედია საშუალებებმა დააანონსეს, რომ მსოფლიო რაგბიმ მიიღო გადაწყვეტილება, რომლის თანახმადაც, 2026 წლიდან, "მსოფლიო ლიგა" აიღებს სტარტს.
"მსოფლიო ლიგა" ზაფხულისა და შემოდგომის ტესტ-მატჩების ნაცვლად გაიმართება და ჩრდილოეთისა და სამხრეთის 12 უძლიერესი ერი დაუპირისპირდება ერთმანეთს. 6 ერისა და რაგბი ჩემპიონშიპის უძლიერეს წარმომადგენლებთან ერთად, ტურნირში ფიჯი და იაპონია მიიწვიეს.
ასევე ცნობილია, რომ 2030 წლიდან, ტურნირზე გავარდნა/აღზევების სისტემა დაინერგება, რაც Tier-2-ის ისეთ სახელოვან წარმომადგენლებს, როგორიცაა: საქართველო, სამოა, ტონგა და აშშ ელიტაში დაწინაურების შესაძლებლობას მისცემს.
Planetrugby დაანონსებული ტურნირის შესახებ სტატიას აქვეყნებს და მსოფლიო რაგბის პრეზიდენტის - ბილ ბომონტის ციტატას იშველიებს, რომელიც აღნიშნავს, რომ ორგანიზაცია მეორე ეშელონის ქვეყნების ინტერესებს დაიცავს.
ერებს, რომლებიც 6 ერისა და რაგბი ჩემპიონშიპის მიღმა ასპარეზობენ, უნდა მივცეთ შესაძლებლობა, რომ საკუთარი თავი გააუმჯობესონ. მეორე ეშელონის ერების ინტერესებს მაქსიმალურად დავიცავთ. - ბილ ბომონტი