Belive

მერაბ შარიქაძე: "გვაქვს იმის პერსპექტივა, რომ პლეი-ოფში გავიდეთ..."

1 წლის წინ რაგბი
3 წთ

მსოფლიო რაგბმა (World Rugby) საქართველოს ეროვნული ნაკრების შესახებ ვრცელი სტატია დაწერა. მსოფლიო რაგბის წარმომადგენლებმა, რაგბი ევროპის ჩემპიონატზე გამარჯვების შემდეგ, საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრების კაპიტანთან - მერაბ შარიქაძესთან ისაუბრეს.

კაპიტანი მერაბ შარიქაძე თვლის, რომ "ბორჯღალოსნებისთვის" მნიშვნელოვანი იყო, რომ უელსის წინააღმდეგ ისტორიული გამარჯვების შემდეგ, რაგბი ევროპის ჩემპიონატის მორიგი ტიტული მოეპოვებინათ.

საქართველომ გასული წლის ნოემბერში, მთელი სარაგბო საზოგადოება შოკში ჩააგდო, როდესაც 12-3 ჩამორჩენის შემდეგ უელსის ნაკრები 13-12 დაამარცა.

მერაბ შარიქაძის თქმით, უელსის დამარცხებამ გუნდში საკუთარი შესაძლებლობების რწმენა გაზარდა.

"ჩვენ ახლა საკმაოდ თავდაჯერებულები ვართ. ადრეც ასე ვიყავით, მაგრამ ახლა, როდესაც ხედავ და უკან დიდი შედეგები გაქვს, უფრო თავდაჯერებული ხდები.

„რაგბი ევროპის ჩემპიონატის ტიტული ძალიან მნიშვნელოვანი იყო ჩვენთვის და ჩვენი მხარდამჭერებისთვის. ყველას სურდა დაენახა, თუ რას გავაკეთებდით უელსთან ისტორიული გამარჯვების შემდეგ.

დარწმუნებული ვარ, არავის გაუხარდება დიდი გამარჯვების შემდეგ უკან დახევის დანახვა, ასე რომ, ვფიქრობ, ჩვენ ვამტკიცებთ, რომ უელსთან გამარჯვება გამართლება არ იყო, არამედ ეს დიდი და თავდაუზოგავი შრომის შედეგი იყო..."

"მსოფლიო თასი სულ სხვა რამეა"

უელსის დამარცხების შემდეგ, ქართული რაგბის დომინირება კონტინენტურ შეჯიბრშიც გაგრძელდა. გარდა იმისა, რომ რაგბი ევროპის ჩემპიონატის ბოლო 13 გათამაშებიდან 12-ჯერ ბორჯღალოსნებმა გაიმარჯვეს, ასევე წარმატებით ასპარეზობს პირველი ქართული ფრენჩაიზი "შავი ლომი", რომელმაც რაგბი ევროპის სუპერთასის ორივე შეჯიბრი და ტიტული მოიგო.

”შავი ლომი დიდ გავლენას ახდენს ეროვნული ნაკრების წარმატებაზე. არა მხოლოდ მოგება, არამედ ეროვნული ნაკრების რაგბის ხარისხიც შავ ლომთან არის დაკავშირებული".

შარიქაძე და მისი ქართველი თანაგუნდელები ახლა ყურადღებას საფრანგეთში 2023 წლის რაგბის მსოფლიო თასისთვის მომზადებაზე გაამახვილებენ, სადაც ისინი როგორც უელსისა და პორტუგალიის, ასევე ავსტრალიისა და ფიჯისთან ერთად, C ჯგუფში ითამაშებენ.

საქართველოს ნაკრების კაპიტანმა გულშემატკივრებს მოუწოდა, რომ პორტუგალიასთან წინა თამაშებით მსოფლიო ჩემპიონატზე არ უნდა იმსჯელონ, რადგან მსოფლიო ჩემპიონატი სულ სხვა რამ არის და ყველა ნაკრებს შეუძლია ერთი თამაშის მოგება.

”ამას შესაძლოა გარკვეული გავლენა ჰქონდეს, მაგრამ მსოფლიო ჩემპიონატი სულ სხვა რამეა, ამ ბოლო შედეგს ნამდვილად ვერ დავეყრდნობით."

2023 რაგბის მსოფლიო თასი შარიქაძისთვის მესამე მსოფლიო ჩემპიონატი იქნება და ის იმედოვნებს, რომ საქართველო პლეი-ოფში გასვლას შეძლებს.

"რაც მე ბოლო ორი მსოფლიო ჩემპიონატიდან ვისწავლე, არის ის, რომ იქ შეცდომების დაშვების უფლება ნამდვილად არ გვაქვს. ჩვენ უნდა გამოიყენოთ ყველაფერი, რა და როგორი შანსიც მოგვეცემა".

მსოფლიო თასის მეოთხედფინალში გასვლის პერსპექტივის შესახებ, შარიქაძემ დასძინა:

„ამან შეიძლება ბევრი რამ შეცვალოს ჩვენს ქვეყანაში და შეიძლება ბევრი კარგი რამ მოხდეს“.

სხვა სტატიები