მეოთხე ტურის საუკეთესო მორაგბე - ნინიაშვილის მორიგი აღიარება
TOP 14-ის მეოთხე ტურში "ლიონი" "სტად ფრანსს" დაუპირისპირდა და ანგარიშით 33:27 გაიმარჯვა.
აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ მასპინძელთა რიგებიდან ძირითად შემადგენლობაში ითამაშა ორმა ბორჯღალოსანმა: დავით ნინიაშვილმა და ბექა საღინაძემ. სტუმართა შემადგენლობაში კი მარქაფაში იყო - გიორგი მელიქიძე.
დავით ნინიაშვილმა საოცარი მატჩი ჩაატარა და საკუთარი კლუბის გამარჯვებაში უდიდესი წვლილი შეიტანა. კერძოდ, 20 წლის ბორჯღალოსანმა მატჩის პირველივე წუთზე დაალელოვა მეტოქე გუნდი. მეშვიდე წუთზე კი 55-მეტრიდან ჯარიმა გაიტანა.
მეორე ტაიმიც არნახულად დაიწყო ქართველმა ამომავალმა ვარსკვლავმა და მატჩის მიწურულს მეორე ლელოც მიითვალა, სწორედ იმ შეტევაში, რომელიც თავად დაიწყო.
საბოლოოდ ნინიაშვილი კი მატჩის საუკეთესო მოთამაშე და TOP 14-ის მეოთხე ტურის საუკეთესო მოთამაშედ დასახელდა.
"ლიონი" ორი გამარჯვებითა და 2 მარცხით მე-5 ადგილზე იმყოფება. შემდეგ ტურში კი "კლერმონი" და "ლიონის" დაპირისპირება შედგება.