Belive

The Telegraph ამაშუკელის კარიერული გამოწვევების შესახებ ვრცელ სტატიას აქვეყნებს

1 წლის წინ რაგბი
9 წთ

6 ერის მე-3 ტურის ეგიდით გასამართ შეხვედრას, რომელშიც საფრანგეთისა და შოტლანდიის დაპირისპირება შედგება, საუკეთესო ქართველი არბიტრი - ნიკა ამაშუკელი გაუძღვება.

პრინციპული მატჩის წინ, გავლენიანი ბრიტანული გამოცემა The Telegraph-ი ნიკა ამაშუკელთან ვრცელ ინტერვიუს აქვეყნებს, რომელშიც ქართველი არბიტრი კარიერული გამოწვევების შესახებ საუბრობს და იმ ავბედით დღეს იხსენებს, როდესაც სარაგბო მატჩის შემდეგ დაჭრეს.

ის დღე ამაშუკელის მეხსიერებაში ისევე დარჩება, როგორც ნებისმიერი სხვა დღე, მას შემდეგ, რაც 10 წლის წინ მისი პროფესიონალური სამსაჯო დებიუტი შედგა.

2016 წელს, ფოთში, საქართველოს უმაღლესი სარაგბო ჩემპიონატის ("დიდი 10") პრინციპული მატჩი გაიმართა. "არმიასა" და "ბათუმს" შორის გამართული მატჩი, ფრედ 22:22 დასრულდა. შედეგს ორივე გუნდისათვის გადამწყვეტი მნიშვნელობა ჰქონდა და საფინალო სასტვენის შემდეგ მოვლენები ბნელი, უსიამოვნო სცენარით განვითარდა.

"მაშინ თამაშისათვის განკუთვნილი დროის ოფიციალური აღრიცხვა არ ხდებოდა - დროს არბიტრები აკონტროლებდნენ. ერთ-ერთი გუნდის კაპიტანს ვუთხარი, რომ მატჩის დასრულებამდე 4 წუთი იყო დარჩენილი, მან ჩემი ნათქვამი არასწორად გაიგო და მოესმა, რომ 2 წუთი ვუთხარი. როდესაც 2 წუთი გავიდა, გუნდმა ბურთი აუტში გადაიტანა, მაგრამ მე მატჩი არ დავასრულე, რადგან ჯერ კიდევ 2 წუთი იყო დარჩენილი. დერეფანი მოწინააღმდეგე გუნდმა მოიგო, მეტოქე დააჯარიმა და ზუსტად შესრულებული საჯარიმო დარტყმით ანგარიში გაათანაბრა.

მთელი გუნდი შემომეხვია და მიკერძოებულობაში დამადანაშაულა. როდესაც გულშემატკივრებმა დაინახეს, რომ მათი მოთამაშეები ემოციურ მდგომარეობაში იმყოფებოდნენ და ხელებს მაღლა იშვერდნენ, ისინი გაღიზიანდნენ და სიტყვიერი შეურაცხყოფის მოყენება დაიწყეს", - იხსენებს ამაშუკელი.

დასავლეთის სარაგბო სამყაროში, შესაძლოა მოვლენები ამ სცენარით დასრულებულიყო და უფრო ტრაგიკული გაგრძელება არ მოჰყოლოდა, მაგრამ ეს ხომ საქართველოა - ქვეყანა, რომელმაც საბჭოთა სოციალიზმისგან დამოუკიდებლობა სულ რაღაც 25 წლის წინ მოიპოვა. მსაჯებს - როგორც ნებისმიერ ავტორიტეტულ ფიგურას ეჭვითა და სკეპტიციზმით უყურებდნენ. ამაშუკელის თქმით, ჯერ კიდევ 30-40 წლის წინ, რუსულ-ქართულ სარაგბო მატჩებში მივლინებულ ოფიციალურ პირებს ქრთამის აღება დაუდგინეს. იმ დღეს ფოთში, 22 წლის ამაშუკელი ამ გსისტემის მსხვერპლი გახდა - ამაშუკელი აღმოჩნდა ქვეყნის მსხვერპლი, რომელიც კორუმპირებულ წარსულს ებრძოდა.

"დიდი ჩხუბი იყო, მაგრამ ადრენალინი მომაწვა. ვიღაცას დანა ჰქონდა - უცებ ფეხში რაღაც ვიგრძენი, ქვევით დავიხედე და შევამჩნიე, რომ სისხლი მდიოდა. მე დამჭრეს".

ამაშუკელი ფიქრობდა იმაზე, რომ ზურგი ექცია თამაშისათვის, რომელიც მას 13 წლის ასაკში შეუყვარდა, როდესაც ტელევიზორში 2007 წლის რაგბის მსოფლიო თასის შეხვედრას უყურებდა, რომელშიც მისი გმირი ქართველები ირლანდიის დამარცხებას ცდილობდნენ. აღნიშნული მატჩის ნახვამდე, ნიკა ამაშუკელი ფეხბურთს თამაშობდა, მაგრამ მას შემდეგ რაგბით მოიწამლა.


222

თავდაცვითი მოაზროვნე, მძიმე დარტყმის ცენტრი თავის საყვარელ საქართველოს ოთხ ასაკობრივ ნაკრებში წარმოადგენდა. ამაშუკელმა მონაწილეობა 18-წლამდელთა მატჩში, ინგლისის ნაკრების წინააღმდეგ მიიღო, რომელშიც ლუკ კოვან-დიკი და მარო იტოჯე ასპარეზობდნენ. ტვინის ხუტჯერ შერყევამ, 19 წლის ამაშუკელი აიძულა მოთამაშის კარიერა დაესრულებინა და ხელში სასტვენი აეღო.

პირველად 12-წლამდელთა მატჩში ვიმსაჯე და ეს არასდროს დამავიწყდება. სრულებით დავიკარგე. ერთ მომენტში ცენტრში აღმოვჩნდი და საერთოდ დამავიწყდა, რომ არბიტრი ვიყავი. ეს სამარცხვინო იყო. მშობლები უკმაყოფილებას არ მალავდნენ. მათ ბოდიში მოვუხადე და ავუხსენი, რომ ეს იყო ჩემი პირველი მატჩი. მაშინ გავიაზრე, რომ ეს იყო უაღრესად გამომწვევი პროფესია.

"საერთაშორისო კატეგორიის არბიტრის ყოლა საქართველოსთვის და მეორე დონის ქვეყნებისთვის უცხო ხილი იყო. ეს ცვლის მენტალიტეტს სახლში მსაჯობის მიმართ, რომელიც საქართველოში სათანადო პროფესიად არ განიხილებოდა. საბჭოთა კავშირის გარშემო ჩამოყალიბდა მენტალიტეტი, რომლის მიხედვითაც ხალხი ფიქრობდა, რომ მსაჯობა არაპრესტიჟული პროფესიაა. როდესაც მე მიწევს უმაღლესი დონის სარაგბო მატჩების განსჯა და ხალხი ახალი ამბებისა და სტატიების შედეგად იგებს, რომ მე დავდივარ ექვსი ერის ყველა საკულტო სტადიონზე და ლეგენდარულ მოთამაშეებთან მაქვს შეხება, ეს მენტალიტეტი თანდათან ქრება. მათ შეიძლება კარგად არ ესმით ზეწოლა, რომელსაც მსაჯები განვიცდით, მაგრამ ამან ნამდვილად შეცვალა ხალხის აზროვნება და მიდგომა ამ პროფესიის მიმართ".



"12-წლამდელთა მატჩის განსჯიდან 1 წლის შემდეგ, ტოპ ლიგის შეხვედრა მერგო. ეს მხოლოდ თავის გადარჩენაზე იყო. არ მეგონა, რომ ვინმე პატივს მცემდა და არც მეგონა, რომ ვიცოდი რას ვაკეთებდი. რა თქმა უნდა, არავინ მიცნობდა. მკაცრი უნდა ვყოფილიყავი - და ვიყავი.

"ამ მენტალიტეტთან ერთად, ქართველ მსაჯებს დიდი შრომა მოუწიათ იმისთვის, რომ ნამდვილი პროფესიონალიზმი გამოეჩინათ. ახლა მეორე დონის ქვეყნებს შორის, საქართველოს წამყვანი სამსაჯო კონტინგენტი ჰყავს".

საქართველოს ამჟამინდელი წარმატებისა და "ბორჯღალოსნების" ისტორიული გამარჯვებების შესახებ, ამაშუკელი გულანთებული საუბრობს:

"სცენები, როდესაც საქართველომ იტალია დაამარცხა… წარმოუდგენელია. სიხარული, რომელიც ამ გამარჯვებამ პატარა ქვეყანას მოუტანა არაამქვეყნიურია. ქუჩებში ყველა აღფრთოვანებული დადიოდა. ჩვენი ქვეყანა რუსეთისა და უკრაინის ომის სიახლოვესაა, ნამდვილად არ გვაქვს მარტივი ადგილმდებარეობა - ამიტომ, ხალხს სჭირდებოდა ეს სიხარული. საქართველო სპორტის მიმართ ძალზედ მგრძნობიარეა და გამარჯვებები ქართველ ხალხს დიდ სიხარულს ანიჭებს.

"პრინსიპალიტიზე" უელსის დამარცხება კიდევ უფრო განსაკუთრებული რამ გალხდათ. რაგბის მსოფლიო თასის მიმართ დიდი მოლოდინია და სწორედ ესაა, რითიც ახალგაზრდები უნდა დააინტერესო. ადგილობრივ დონეზე ქართულ რაგბსი ჯერ კიდევ დიდი სამუშაოა, მაგრამ მჯერა, რომ ყველაფერი კარგად იქნება".



იმ დღეს ფოთში მომხდარი ინციდენტის შემდეგ, ამაშუკელი ფიქრობდა, ღირდა თუ არა ეს ყველაფერი. საბედნიეროდ, ამაშუკელმა არ დაუშვა, რომ ამ ბარბაროსულ ქმედებას მასზე გაემარჯვა და მისი მომავალი განესაზღვრა. შედეგად ის გახდა მსოფლიოს ერთ-ერთი გამორჩეული არბიტრი. საქართველოს სიამაყე, ქვეყნის ყველაზე ცნობილი არბიტრი, რომელიც 6 ერზე საფრანგეთისა და შოტლანდიის მატჩს უხელმძღვანელებს. ამაშუკელის ოცნება რაგბის მსოფლიო თასის ეგიდით გასამართი მატჩის განსჯაა, რის შემდეგაც ფოთის ლაქა სამუდამოდ განიდევნება.

"ეს სამასრცხვინოა. ნამდვილი შავი ლაქა ჩემს კარიერაში. რეაბილიტაციის დროს ჩემს თავს ვეკითხებოდი: ნამდვილად ღირს? მაგრამ სპორტის ამ სახეობისადმი ჩემი ვნება და სიყვარული იმდენად ძლიერი იყო, რომ დანებება არ მიფიქრია.

ჩემი სამსაჯო სიმტკიცე ყოველთვის მენტალურ სიმტკიცეზე იყო აგებული. მე მივდივარ მატჩებზე და ვფიქრობ, რომ უნდა ვიყო ძლიერი, რათა გავაკეთო ის, რაც სწორია. ჩემს გარშემო მყოფი ხალხი ბევრი სირთულის დაძლევაში დამეხმარა.

რაც არ გკლავს გაძლიერებს. ხომ ასეა? დაბრუნდი და გახდი უკეთესი. შენ აირჩიე ეს პროფესია. მსაჯობის მიმართ დღეს ისეტი პატივისცემაა, როგორიც არასდროს -ეს სწორედ ისაა, რაც ყოველთვის მსურდა. ყოველთვის მინდოდა, რომ არბიტრების ცხოვრება გამემარტივებინა. ვფიქრობ, ამას მივაღწიე…. შესაძლოა მცირედი. ასე, რომ ბედნიერი ვარ".

გავითვალისწინოთ, თუ რამდენს მიაღწია ქართველმა არბიტრმა დროის ასეთ მცირე მონაკვეთში. გავიხსენოთ ის ტანჯვა, რომლის ატანაც ამაშუკელს ამ სპორტისათვის მოუწია და დანამდვილებით ვიტყვით, რომ დიახ - ის იმსახურებს იყოს ბედნიერი.

სხვა სტატიები