"მაისაშვილი თითოეულ მორაგბეზე ისე ზრუნავს, როგორც საკუთარ შვილზე" - მამუკა გორგოძე
საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრების, ფრანგული "მონპელიესა" და "ტულონის" ლეგენდა - მამუკა გორგოძე, Rugger.info-სთვის მიცემულ ინტერვიუში, საინტერესო თემების შესახებ საუბრობს და ლევან მაისაშვილის მიმართ საქებარ სიტყვებს არ იშურებს.
- მომენტი, როდესაც მამუკა გორგოძემ ტულონის გასახდელში დანა ამოიღო
- იძულებული ვიყავი შემძულებოდა მოწინააღმდეგე, რათა გავძლიერებულიყავი
კარიერის სტარტის, "მონპელიეს", "ტულონისა" და ბერნარ ლაპორტის შესახებ საუბრის შემდეგ, გორგოძემ "ბორჯღალოსანთა" მთავარი მწვრთნელის შესახებ, ბევრისათვის უცნობი დეტალები გაიხსენა.
"ის განსაკუთრებული ადამიანია. ლევანს პირადად დავყავდით ვარჯიშებზე. რაც უფრო ბევრი ადამიანი ეტეოდა მის მანქანაში, მით უფრო მეტნი ვიყავით ვარჯიშებზე. იყო შემთხვევები, როდესაც ლევანი საკუთარი სახსრებით, პირადად უზრუნველყოფდა ჩვენს კვებას. ის ძალიან პოზიტიური ადამიანი და გამორჩეული სპეციალისტია, რომელიც მუდამ სიახლეს ეძებს. რაგბი მის ცხოვრებაში გამოკვეთილად მნიშვნელოვანია და ლევანი თითოეულ მორაგბეზე ისე ზრუნავს, როგორც საკუთარ შვილზე. მახსოვს ერთი შემთხვევა, როდესაც საქართველოს ახალგაზრდულ ნაკრებში ვთამაშობდი. ერთ-ერთი მატჩის დროს, მაისური დამიხიეს. ლევანმა გამომართვა და პირადად გაკერა. ასაკის მატებასთან ერთად, ხვდები, თუ რამდენი რამ გააკეთა ამ ადამიანმა ჩვენთვის. ჩემთვის ის იყო ნამდვილი მწვრთნელი და მენტორი", - მამუკა გორგოძე.
ლეგენდარული კაპიტნის სრული ინტერვიუ შეგიძლიათ აღნიშნულ ბმულზე იხილოთ.