ლევან მაისაშვილი - ტურნე ფუნქციას ასრულებს
„ჩვენი მიზანი იყო და არის, სამხრეთ ამერიკული ტურნეს ფარგლებში განსხვავებულ მეტოქეებთან ხარისხიანი თამაშები გვქონოდა და უკვე შეგვიძლია ვთქვათ, რომ ტურნე ფუნქციას ასრულებს“ – ამბობს ‘შავი ლომისა’ და ბორჯღალოსნების მთავარი მწვრთნელი ლევან მაისაშვილი.
რაგბი ევროპის სუპერ თასის ორგზის მფლობელმა ატლანტის ოკეანის გაღმა, სამხრეთ ნახევარსფეროში უკვე სამი თამაში გამართა. ურუგვაიში, მონტევიდეოში, სადაც ჩვენი გუნდი ბაზირებს, მან არგენტინულ ‘დოგოს XV’-ს 75:19, ხოლო ჩილეს ‘სელკნამს’ 33:30 მოუგო, გასულ კვირაში კი არგენტინაში, ბუენოს აირესში მასპინძელ ‘პამპასს’ ეთამაშა და შეხვედრა 21:24 დათმო.
„სამხრეთში სტანდარტული თამაშებისთვის არ ჩამოვსულვართ. ეს არის წვრთნის ნაწილი და თუკი სადმე შეიძლება ექსპერიმენტები, სწორედ ასეთი შეხვედრებია. ჩვენი ინტერესია მოთამაშეების საქმეში ხილვა, კონკრეტული სათამაშო სტილისა და ტაქტიკის დამუშავება. სწორედ ამიტომ არ ვარტყამთ ჯარიმებს კარში და ვცდილობთ რაც შეიძლება მეტი ვითამაშოთ“ – აღნიშნავს მაისაშვილი და ‘პამპასთან’ შეხვედრას აფასებს:
„ამ თამაშიდან გაცილებით მეტის სწავლა შეიძლება და შედეგი ნაკლებად მნიშვნელოვანია. რა თქმა უნდა სამწუხაროა გამარჯვება რომ ვერ მოვახერხეთ. ეს არ იყო მიზანი, თუმცა გამარჯვება შეიძლებოდა. ‘დოგოსთან’ შეხვედრის მსგავსად, რომელიც ჩვენი კარგი თამაშით მალევე გავტეხეთ, ‘პამპასთანაც’ შეიძლებოდა გარდამტეხ მომენტში სოლიდური უპირატესობის მოპოვება, მაგრამ რიგმა მიზეზებმა ამის შესაძლებლობა არ მოგვცა“.
უძლიერესი შემადგენლობით
„პირველმა თამაშმა აჩვენა რამდენად ძლიერი გუნდი გვყავს და ყველა ცდილობს საუკეთესო შემადგენლობა დაგვიპირისპიროს, რაც ძალიან კარგია. მე მქონდა საუბარი ‘პამპასის’ მწვრთნელთან – ნაჩო ფერნანდეს ლობესთან. სამხრეთ ამერიკის სუპერ ლიგის გუნდებს განაცხადში 60-70 მოთამაშე ყავთ და კონკრეტულ თამაშზე შემადგენლობას ინტერესიდან გამომდინარე აყენებენ. ჩილეს ‘სელკნამის’ მსგავსად, ‘პამპასმაც’ საუკეთესო გუნდი დაგვიპირისპირა, რაც ძალიან ძალიან კარგია“.
„ეს არის არგენტინის „ა“ ნაკრების საბაზო გუნდი, ამ ქვეყნის მეორე-მესამე ნაკრების ნაზავი და მადლობელი ვარ ჩვენს წინააღმდეგ უძლიერესი შემადგენლობა რომ დააყენეს. ‘პამპასი’, ახალგაზრდული ნაკრებების მსგავსად, არგენტინის ნაკრების ვერტიკალის ნაწილია და იგივე ხელწერით თამაშობს. მათ ყველაფერი სისწრაფეზე აქვთ აგებული – რაქები, გადაწყობა. გადაწყვეტილებები და ზუსტად ის თამაში იყო რაც გვჭირდება“ – კმაყოფილია მაისაშვილი.
უიღბლობა, დისციპლინა და ტექნიკური წუნი
უიღბლობა, დისციპლინა და ტექნიკური წუნი – ის ფაქტორებია, რომლებმაც ‘შავ ლომს’ ‘პამპასთან’ მოგების შესაძლებლობა არ მისცა:
„რაც ‘შავი ლომი’ არსებობს, ასეთი უიღბლო თამაში არ გვქონია. ნაადრევი ტრავმების გამო გამოგვაკლდა ლაშა ხმალაძე და გრიგორ ქერდიყოშვილი. ტრავმა მიიღო შეცვლაზე შესულმა თორნიკე აქუბარდიამ და თავადაც შესაცვლელი გახდა. ასევე დაშავდნენ ნოდარ ჭეიშვილი და ნიკო აფციაური. ამდენმა დაუგეგმავმა ცვლილებამ, შეცვლილი მოთამაშეების დაშავებამ ჩვენი სისტემები არია“.
„პირველ ტაიმში გვქონდა 5 ჯარიმა, საიდანაც ორს არ ვეთანხმები, მეორე ტაიმში კი მსაჯმა 14-ჯერ დაგვაჯარიმა, რაც ძალიან ბევრია. ამ ჯარიმების ნახევარს არ ვეთანხმები. ადგილობრივებიც უკმაყოფილონი არიან მსაჯობის დონით, თუმცა ჩვენ ასეთ წნეხში თამაშსაც უნდა მივეჩვიოთ“.
„კარგად გავისარჯეთ დაცვაში და ძალიან ბევრი კარგი შეტევა გვქონდა. 5 ლელოს გატანა შეიძლებოდა, მაგრამ ტექნიკურმა წუნმა (რაც პირველ ორ თამაშში არ გვქონდა) და მე ვიტყოდი უიღბლობამ, რამდენიმე ლამაზი ლელოს გატანის შესაძლებლობა არ მოგვცა“.
‘შავ ლომს’ საბა კურტანიძე შეუერთდება
ტრავმების ფონზე ‘შავი ლომის’ სამხრეთ ამერიკული ტურნე სამი მორაგბისთვის დასრულდა – სანდრო თოდუა, გრიგორ ქერდიყოშვილი და ნიკო აფციაური. ასეთ სიტუაციაში სამწვრთნელო შტაბმა ‘ხვამლის’ კაპიტანს, საბა კურტანიძეს უხმო:
„მეორე და მესამე ხაზი დაგვიმოკლდა, რის გამოც ‘ხვამლიდან’ საბა კურტანიძე გამოვიძახეთ. ის თავისი ფიზიკურობით აშკარად გამორჩეულია დიდ 10-ში. გარდა ამისა, მას 20-წლამდელთა ნაკრებიდან კარგად იცნობს ჩვენი შერკინების მწვრთნელი ილია მაისურაძე“ – აღნიშნავს მაისაშვილი და მიხეილ ნარიაშვილს დაბრუნებას ულოცავს:
„ამ თამაშის ერთ-ერთი საუკეთესო მომენტი მიხეილ ნარიაშვილის დაბრუნება იყო. ის იმდენად კარგად გრძნობდა თავს მოედანზე, რომ დაგეგმილზე გვიან შევცვალეთ, არადა ასეთი ტრავმის შემდეგ ლიმიტირებული დრო ჰქონდა“.
ტურნეს ფარგლებში ‘შავ ლომს’ კიდევ ორი შეხვედრა ექნება. გუნდი მონტევიდეოში დაბრუნდა, სადაც საქართველოს დროით 29 აპრილს, 01 საათზე სამხრეთ ამერიკის სუპერ ლიგის ნაკრებს ეთამაშება, რომლის სამწვრთნელო შტაბი და შემადგენლობა ძირითადად არგენტინელებითაა დაკომპლექტებული, 6 მაისს კი ‘პენაროლს’ ერკინება, რომელიც პრაქტიკულად ურუგვაის ნაკრებია.
წყარო: rugby.ge