ლაშა ციხისთავი - მიზანი გათავისებულია, გუნდი მზადაა!
U20 რაგბის მსოფლიო თასის დაწყებამდე 2 დღეზე ნაკრები რჩება, სადაც უმცროსი ბორჯღალოსნები C-ჯგუფში მასპინძელი სამხრეთ აფრიკის, არგენტინისა და იტალიის წინააღმდეგ ითამაშებენ.
- უმცროსი ბორჯღალოსნები სამხრეთ აფრიკის წინააღმდეგ დაირაზმნენ
- U20 | მსოფლიო თასის სიურპრიზად შესაძლოა საქართველო იქცეს
- World Rugby უმცროსი ბორჯღალოსნების შესახებ წერს
24 ივნისს, თბილისის დროით 21:00 საათზე, უმცროსი ბორჯღალოსნები ტურნირის მასპინძელსა და ერთ-ერთ მთავარ ფავორიტს დაუპირისპირდებიან. პრინციპული მატჩის წინ, საქართველოს რაგბის კავშირის ოფიციალურ ვებგვერდზე, უმცროსი ბორჯღალოსნების კაპიტნის - ლაშა ციხისთავის კომენტარი გამოქვეყნდა.
"მთელს გუნდს კარგად გვაქვს გათავისებული როგორც 20-წლამდელთა ჩემპიონატის, ასევე კონკრეტულად ხვალინდელი მატჩის მიზანი. ნებისმიერ თამაშში ვეცდებით უმაღლესი ხარისხი დავიჭიროთ და მაქსიმალურად გავამახვილოთ ყურადღება დეტალებზე. პროგნოზისგან თავს შევიკავებ. ხვალ იხილავს გულშემატკივარი და მსოფლიო რაგბი, თუ რა შეგვიძლია.
სამხრეთ აფრიკაში 10 დღით ადრე ჩამოვედით რადგან აქ მძიმე გრუნტია და ადაპტაცია მოგვეხდინა. მოსამზადებელი ეტაპი ძალიან კარგად მიდის. გვქონდა ნაყოფიერი ერთობლივი ვარჯიში ავსტრალიასთან. გავიარეთ მოლის, შერკინების და გუნდური თამაშის დეტალები. გვქონდა შეცდომები, რომლის გამოსწორებაზეც ვიმუშავეთ და ვფიქრობ, სათამაშოდ მზად ვართ. სამხრეთ აფრიკის ყველა თაობის, ყველა ნაკრების ძლიერი მხარეა მოლი და შერკინება. ისინი სწრაფად ამოდიან დაცვაში და პირველ თამაშს ატარებენ საკუთარი გულშემატკივრის წინაშე, რაც ასევე მნიშვნელოვანია. მზად ვართ ამ გამოწვევისთვის, დარწმუნებული ვარ მათ ღირსეულ წინააღმდეგობას გავუწევთ ძალისმიერ თუ ღია თამაშში", - ლაშა ციხისთავი.
შეგახსენებთ, უმცროსი ბორჯღალოსნები სამხრეთ აფრიკაში 14 ივნისიდან იმყოფებიან და U20 რაგბის მსოფლიო თასისთვის ემზადებიან. პირველი მატჩი სტელენბოშში გაიმართება, სადაც მასპინძელი სამხრეთ აფრიკა დაგვიპირისპირდება.