ლადო კილასონია: "ამაყი ვარ ჩემი ბიჭების თავგანწირული თამაშით..."
საქართველოს 20 წლამდელთა ეროვნულმა ნაკრებმა, იტალიის დამარცხებით ისტორია დაწერა და მსოფლიო ჩემპიონატზე პირველად მოიპოვა ორი გამარჯვება. ბონუს ქულით გამარჯვებით “ბორჯღალოსნებმა” საუკეთესო რვა გუნდში ადგილი გაინაღდეს.
ისტორიული გამარჯვების შემდეგ, საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა - ლადო კილასონიამ კომენტარი გააკეთა.
"მონეტა ჰაერშია აგდებული და ველოდებით როგორ დავარდება. არის რამდენიმე შანსი იმისა, რომ ნახევარფინალში ვითამაშოთ, ასევე არის იმის შანსი, რომ მეხუთე-მერვე ადგილისთვის ვითამაშოთ.
მგონია რომ ტაქტიკურად წინა (არგენტინასთან) თამაშში ბევრად უკეთ ვიყავით მომზადებულები, მხოლოდ 5 ჯარიმა ავიღეთ, ეს ყველაფერი ამ თამაშში ვერ შევძელით, რამაც ბევრი პრობლემა მოიტანა, თუმცა ბოლოს დავბრუნდით თამაშში, რამაც ძალიან მაგარი შედეგი მოიტანა და ძალიან ბედნიერი ვარ.
ამაყი ვარ ჩემი ბიჭებით, სტაფით და ყველას ვულოცავ აბსოლუტურად ყველა ადამიანს, რომელიც ამ დიდ გამარჯვებაში იყო ჩართული".
შეგახსენებთ, რომ უმცროსმა ბორჯღალოსნებმა ისტორიაში პირველად შეძლეს, მსოფლიო ჩემპიონატის ჯგუფურ ეტაპზე 2 გამარჯვების მოპოვება.