Belive

კოლელიშვილების ცნობილი ოჯახი | კლერმონი საქართველოს ეფლირტავება

11 თვის წინ რაგბი
4 წთ

„შავ ლომთან“ შეჯახებამდე „კლერმონი“ ქართულ რაგბის უკვე მეორე ვრცელ სტატიას უძღვნის. როგორც ჩანს, ფრანგები ჩვენი სარაგბო ტრადიციით და ხასიათით მოხიბლულები არიან. ქება ზოგადად და ქება ინდივიდუალურად - ჩელენჯ ქაფის მომავალ შერკინებამდე 3 დღით ადრე, „კლერმონი“ ქართველებს სიყვარულში გამოგვიტყდა.

საქართველოს ნაკრების ერთ-ერთი ყველაზე ქარიზმატული ფიგურა, ვიტო კოლელიშვილი 2011 წლიდან „კლერმონთანაა“ დაკავშირებული, მან მხოლოდ 1 წლის განმავლობაში (2013-2014) ითამაშა იჯარით „ლიონში“, ვიტომ მთელი თავისი კარიერა „კლერმონს“ მიუძღვნა და ახლაც ამ გუნდის აკადემიის გაწვრთნით არის დაკავებული.

კოლელიშვილების ცნობილი ოჯახი
ეს საიდუმლო იყო თუ ცრუ მოკრძალება? ოვერნში ძალიან ცოტა ადამიანმა იცოდა, რომ ვიტოს მამა საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი მსახიობი იყო - ერთგვარი ალენ დელონი ან ჟან-პოლ ბელმონდო.

იცით, ქართველები, ძირითადად, მხოლოდ მაშინ ლაპარაკობენ, როცა სჭირდებათ. არასდროს მსურდა ჩემი სახელი მამაჩემის კონტექსტში განხილულიყო. სიამაყეა, როცა გყავს მამა, რომელიც უამრავ ფილმში თამაშობს და რომელსაც საქართველოში ყველა იცნობს - აღნიშნავს ვიტო ინტერვიუში

ოჯახში ცნობილი მხოლოდ ზაზა კოლელიშვილი არ არის, მისი მეუღლეც გამოჩნდა რამდენიმე ფილმში და აქვს თეატრალური როლები. ვიტოც, 20-წლამდე, ქართულ თეატრალურ უნივერსიტეტში სწავლობდა, მაგრამ საბოლოოდ, მის მხატვრულ ნიჭს მაინც რაგბი დაეუფლა (ვიტომ რაგბის თამაში 13-14 ასაკში თბილისში, კლუბ „ლელოში“ დაიწყო).

არ იყო მარტივი გამეკეთებინა არჩევანი და საფრანგეთში წამოვსულიყავი მაშინ, როდესაც შემეძლო დავრჩენილიყავი სამშობლოში და ოჯახის ტრაექტორიას გავყოლოდი. ოჯახი ყოველთვის გვერდით მედგა და არასდროს შეუტანიათ ეჭვი ჩემს გადაწყვეტილებაში - იხსენებს ვიტო

ვიტოს მშობლები, აქტიური სამსახიობო კარიერის დროს, რამდენჯერმე დაესწრნენ ვიტოს თამაშს, რომ შვილი გაემხნევებინათ. ზაზას, რომელსაც ფილმის გადაღების იდეა ჰქონდა, სურდა შეხვედროდა სებასტიან შაბალს, რომელიც „ლიონში“ ვიტოსთან ერთად თამაშობდა. შეხვდა და ფოტოც გადაიღო მასთან ერთად, შემდეგ კი ხუმრობით აღნიშნა, რომ მისი ქართულ ფილმში ხილვა სასიამოვნო იქნებოდა. "არ აქვს მნიშვნელობა იმას, რომ ზაზა 67 წლისაა, მას ყოველთვის აქვს იდეები თავში, თან მსახიობებს, მორაგბეებისგან განსხვავებით, ასაკობრივი შეზღუდვა არ აქვთ".

ამჟამად, ქართული სატელევიზიო სერიალის მეორე სეზონამდე ზაზა კოლელიშვილმა დრო დაგვითმო და არის მასში რაღაც განსაკუთრებული - ნამდვილი ქარიზმა. ზაზა თავის ვაჟთან, ბაჩოსთან ერთად მოვიდა და სასტუმროს მისაღებში რამდენიმე ადამიანის გაკვირვებული მზერა მიანიშნებდა, რომ ტელევიზიასა და კინოში 100-ზე მეტი როლის შემდეგ, მისი ცნობადობა ძალიან მაღალია.

მსახიობობა ზედმეტად ახალგაზრდულ ასაკში დავიწყე, თანაც ისეთ ფილმებში, რომლებიც თავიდანვე პოპულარული გახდა. მქონია ცუდი ბიჭების, პოლიციელების, კრიმინალური როლებიც. მქონდა შანსი ამეღო საერთაშორისო ჯილდოები და მონაწილეობა მიმეღო ისეთ მსოფლიო დონის ფესტივალში, როგორიც არის „კანი“. ვიტოს შეეძლო სამსახობო კარიერა ჰქონოდა, „კლერმონში“ წასვლამდე რამდენიმე სცენაშიც გადაიღეს, თუმცა მას სჭირდებოდა სრული თავისუფლება იმ ვნების დასაკმაყოფილებლად, რომელიც ბავშვობიდან ჰქონდა და ეს ვნება რაგბის თამაში იყო. „კლერმონში“ მისი ჩასვლა რაღაცით ჰგავდა კასტინგს, მას უნდა დაემტკიცებინა, რომ იმსახურებდა ამ გუნდში თამაშს. ვიტო შრომისმოყვარეა და საერთოდ არ მიკვირს, რომ მან საკუთარი თავის წარმოჩენა დიდებულად მოახერხა. - ზაზა კოლელიშვილი

ზაზა ყველაზე მეტად თავისი ოჯახით ამაყობს, მეუღლით (ნათია გოგოჭური, რომელიც ასევე მსახიობი და სცენარისტია) და 5 შვილით, რომელთა უმეტესობაც ხელოვნების სამყაროშია. პარასკევს ვიტო თბილისში, „კლერმონის“ დელეგაციასთან ერთად დაბრუნდება და ფრანგების მეგზური იქნება. ის გამოიყენებს შესაძლებლობას ოჯახთან ერთად მეტი დრო გაატაროს... და ეს კინო ნამდვილად არ არის.

„კლერმონის“ ოფიციალური გვერდი ჩვენს მეღვინეობის ტრადიციაზეც წერს და აღნიშნავს, რომ ღვინის საიდუმლო ბერძნებსა და ეგვიპტელებზე ადრე ამოვხსენით, ჩამოსულ სტუმრებს კი მოუწოდებს, გაჰყვნენ ისტორიის ამ ბილიკებს და გაიხედონ 8000 წლის წინ, როდესაც ქართველებმა მსოფლიოს ის სითხე აჩუქეს, რომელიც ფრანგების სიამაყის საგანიც არის. თავისი ღრმა ფესვგადგმული ღვინის ტრადიციებით, საქართველო ნამდვილი სიამოვნებაა ღვინის ყველა მოყვარულისთვის, დამწყები ენოლოგისთვის თუ უბრალო მომხმარებლისთვის. ეჭვგარეშეა, რომ ფრანგები ამ ტურისტულ ატრაქციონს გამჭრიახი თვალით შეხედავენ - მოკლედ, ბოლო დღეებში, ფრანგებს ჩვენი ქება არცერთი მიმართულებით არ დაეზარათ.

ჩელენჯ ქაფის ჯგუფური ეტაპის დასკვნით მატჩში, "შავი ლომისა" და "კლერმონის" დაპირისპირება შედგება. 20 იანვარს, 17:00 საათზე, "მიხეილ მესხზე" უმნიშვნელოვანესი სარაგბო დაპირისპირება გაიმართება, რის შემდეგაც პლეი-ოფში გასული გუნდების ვინაობა გახდება ცნობილი.

სტატია მომზადებულია „კლერმონის“ ოფიციალური ვებ-გვერდის მიხედვით.

სხვა სტატიები