აკა ტაბუცაძე ავტორიტეტული გამოცემის სიმბოლურ თხუთმეტეულში მოხვდა
20 ივლისს საქართველოს მორაგბეთა ეროვნულმა ნაკრებმა ზაფხულის ტესტებზე დასკვნითი, მე-3 მატჩი გამართა. სიდნეიში, "ვოლაბებისა" და "ბორჯღალოსნების" უხვქულიანი და სანახაობრივი შერკინება მასპინძლების გამარჯვებით, 40:29 დასრულდა.
მარცხის მიუხედავად, "ბორჯღალოსნებმა" მოედანი თავაწეულებმა დატოვეს, რადგან მეტოქეს ღირსეული წინააღმდეგობა გაუწიეს და ერთი მეორეზე უკეთესი ლელოები გაუტანეს. მატჩის ერთ-ერთი გმირი აკა ტაბუცაძე გახდა, რომელმაც 2 ლელო გაიტანა - განსაკუთრებით ლამაზი კი პირველი ლელო იყო, რა დროსაც ქართველმა ვინგერმა 110 მეტრიანი სპრინტი მოაწყო და მეტოქე დაალელოვა.
აკა ტაბუცაძის შესანიშნავ თამაშს უყურადღებოდ არ ჩაუვლია და ავტორიტეტული სარაგბო გამოცემის კვირის სიმბოლურ გუნდში მოხვდა. Planet Rugby 14 ნომრის პოზიციაზე აკა ტაბუცაძეს ასახელებს, რომელმაც იგნასიო მენდი (არგენტინა) და ჯეიმი დობი (შოტლანდია) დაჩრდილა.
Planet Rugby კვირის სიმბოლური XV
ხაზი: 15. ანჯე კაპუოცო (იტალია), 14. აკა ტაბუცაძე (საქართველო), 13. ხოსე დო სანტუში (პორტუგალია), 12. ჰანტერ პაისამი (ავსტრალია), 11. მაკაზოლე მაპიმპი (სამხრეთ აფრიკა), 10. ტომას ალბორნოზი (არგენტინა), 9. მარტინ პაჟე-რელო (იტალია).
შერკინება: 8. არდი სავეა (ახალი ზელანდია), 7. ფრეიზერ მაკრაითი (ავსტრალია), 6. რობ ვალეტინი (ავსტრალია), 5. არჯეი სნიმანი (სამხრეთ აფრიკა), 4. ნიკოლო ქანონე (იტალია), 3. ტომას დუ ტოი (სამხრეთ აფრიკა), 2. დილან რიჩარდსონი (შოტლანდია), 1. იან-ჰენდრიკ ვესელსი (სამხრეთ აფრიკა).