ჯორჯია რაგბის მსოფლიო თასზე საქართველოს უგულშემატკივრებს
შემოდგომის ერთა სერიების ეგიდით, კარდიფში, უელსის წინააღმდეგ მოპოვებული ისტორიული გამარჯვების (12:13) შემდეგ, საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრების შესახებ, პრაქტიკულად ყველა გავლენიანი მედია საშუალება ალაპარაკდა.
ავტორიტეტული გამოცემები, მსოფლიო რაგბი და გულშემატკივრები ერთხმად აღნიშნავდნენ ქართული რაგბის პროგრესს და ხაზს უსვამდნენ ისტორიულ წელს, რომლის განმავლობაშიც საქართველომ ორი გახმაურებული გამარჯვება მოიპოვა - "ბორჯღალოსნებმა" ბათუმში იტალია, ხოლო კარდიფში უელსი დაამარცხეს.
გულშემატკივართა უმრავლესობამ ჯორჯიის რაგბის კავშირის შესახებ სწორედ იმ დროს შეიტყო. ჯორჯიელები "ბორჯღალოსანთა" ისტორიულ გამარჯვებას სახუმარო ტექსტით გამოეხმაურნენ.
რამდენიმე საათის წინ, ჯორჯიის რაგბის კავშირმა Facebook გვერდზე სტატუსი გამოაქვეყნა, რომელშიც აღნიშნულია, რომ 2023 წლის რაგბის მსოფლიო თასზე, ჯორჯია საქართველოს უგულშემატკივრებს.
"იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ ამერიკელმა "არწივებმა" 2023 წლის რაგბის მსოფლიო თასის საგზურის მოპოვება ვერ შეძლეს, ჯორჯიის რაგბის კავშირმა შემდეგი გადაწყვეტილება მიიღო:
სიკეთის, მეგობრობისა და ნამდვილი სულისკვეთებისთვის, რომელიც ჩვენმა მეგობრებმა, საქართველოს რაგბის კავშირიდან და ქართული რაგბის მხარდამჭერებმა გვაჩვენეს, გადავწყვიტეთ, რომ ჯორჯიის რაგბის კავშირი მსოფლიო თასზე "ბორჯღალოსნებს" უგულშემატკივრებს.
ეს არის მესიჯი ჯორჯიის რაგბის კავშირის პრეზიდენტის - სტივ მეისისგან: "თქვენი ერის ერთგულება "გრასრუტ" რაგბისადმი. დაწყებული ყველაზე ახალგაზრდა მოთამაშეებით, გაგრძელებული იმ მორაგბეებით, რომელთაც წილად ხვდათ პატივი ღირსეულად წარმოაჩინონ საკუთარი ქვეყანა. თქვენი ვნება და ერთგულება ჩვენთვის საყვარელი სპორტის სახეობის მიმართ არა მხოლოდ გასაოცარი, არამედ ნამდვილად აღმაფრთოვანებელია. ეს ვნება და ერთგულება, რომელიც ფესვებიდან ხის კენწერომდე იზრდება არის ის, საიდანაც ყველა სარაგბო ერს შეუძლია სწავლა და მაგალითის აღება.
ჩვენთვის უსაზღვროდ დიდი პატივია, რომ გიწოდოთ მეგობრები. ჩვენ ასევე ვიმედოვნებთ, რომ "ბორჯღალოსნები" და ჩვენი მეგობრები საქართველოს რაგბის კავშირში, მსოფლიო თასის ეგიდით გასამართი მატჩების დღეებში, ოკეანის გადაღმა შეძლებენ ჩვენი მხარდამჭერი შეძახილების გაგონებას. სტადიონებსა და სახლებში. ჯორჯიიდან საქართველოს - წინ ბორჯღლოსნებო!"