Belive

იტალიამ მეორე ტაიმში გვაჯობა - გენუაში დავმარცხდით

1 თვის წინ რაგბი
2 წთ

შემოდგომის სერიების ბოლოსწინა შეხვედრაში, საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრები სტუმრად იტალიის ნაკრებს, გენუაში დაუპირისპირდა. შეხვედრაში ორი აბსოლუტურად განსვავებული ტაიმი ვიხილეთ, მოგება კი მასპინძლებს დარჩათ (20:17).

იტალიასთან შეხვედრას ახალი ზელანდია XV-თან მარცხით შევხვდით. მონპელიეში ზელანდიელებმა 31:13 მოგვიგეს. დღევანდელი თამაში აქტიურად დავიწყეთ და მეტოქეს არაფერს ვუთმობდით. 22-ე წუთამდე უქულო შეხვედრა იყო, სანამ გარბისი ჯარიმას გაგვიტანდა. პასუხი მწვავე და ძალიან სწრაფი იყო, 1 წუთში აკაკი ტაბუცაძემ, ბრწყინვალედ გათამაშებული მრავალგადაცემიანი კომბინაცია, იტალიის ლელოში დაამთავრა. მატკავამ ზუსტად გარდასახა და 7 ქულა. ამის შემდეგ მატკავამ და გარბისიმ თითო ჯარიმა გაცვალეს. 37-ე წუთზე დავით ნინიაშვილმა გადაწყვიტა გაეკეთებინა ის, რასაც მხოლოდ დავით ნინიაშვილი აკეთებს. ხაზი ჩვენი ნახევრიდან გაჭრა და მეტოქის 22-მეტრიან ხაზამდე არავინ გაიკარა, ვასკა ლობჟანიძე ნინიაშვილს ბოლომდე მიჰყვა და უმარტივესი ლელოც დადო.

ყველაფერი მეორე ტაიმიდან ირევა, 53-ე წუთზე ვიღებთ საჯარიმო ლელოს და ტაბუცაძის გარეშე ვრჩებით, რომელმაც ყვითელი ბარათი მიიღო. 10 წუთში მეორე ლელო თავისი გარდასახვით და იტალია წინ გავიდა. მასპინძლებმა მეორე ტაიმი 14:0 მოიგეს ისე, რომ ბურთი თითქმის არ მოგვცეს და მთელი დრო დაცვაში გაგვატარებინეს.

ბოლოს იტალიას ბათუმში 2022 წელს ვეთამაშეთ და ის თამაში ერთ-ერთი ყველაზე დიდი გამარჯვებაა ქართული რაგბის ისტორიაში, პრინციპულ მეტოქეს 28:19 მოვუგეთ.

ახლა ჩვენს ნაკრებს, მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე, ტონგასთან მატჩი ელოდება.

სხვა სტატიები