"ადამიანმა, რომელსაც დავეხმარე ზურგში დანა ჩამარტყა" - მერაბ შარიქაძე
მსოფლიო რაგბისა და მსოფლიო ანტიდოპინგური სააგენტოს (WADA) ერთობლივი გამოძიება, რომელიც ცნობილი იყო "ოპერაცია ობსიდიანის“ სახელით, მძიმე შედეგით დასრულდა - გამოძიება 2023 წელს დაიწყო და რამდენიმე დღის წინ ოფიციალურად დასრულდა, რომელმაც ხუთი შემთხვევა აღმოაჩინა, როდესაც ქართველმა მოთამაშეებმა სავარაუდოდ შარდის ნიმუშები გაცვალეს.
ყველაზე მძიმე ვერდიქტი ნაკრების ყოფილ კაპიტანს - მერაბ შარიქაძეს გამოუტანეს, რომელიც 11 წლიანი დისკვალიფიკაციით დაისაჯა.
მერაბ შარიქაძე - 11 წელი
გიორგი ჭყოიძე - 6 წელი
ლაშა ხმალაძე - 3 წელი
ოთარ ლაშხი - 3 წელი
მირიან მოდებაძე - 3 წელი
ლაშა ლომიძე - 9 თვე.
ასევე საინტერესოა ის ფაქტი, რომ საქმიანობას 9 წლით ჩამოაშორეს საქართველოს მორაგბეთა ნაკრების ყოფილი ექიმი - ნუცა შამათავა.
სკანდალთან დაკავშირებით ავტორიტეტული ბრიტანული გამოცემები მერაბ შარიქაძის კომენტარს აქვეყნებენ, სადაც ბორჯღალოსნებისა და შავი ლომის ყოფილი კაპიტანი იმედგაცრუებას ვერ მალავს.
Disgraced international captain makes staggering accusation in wake of Georgian doping scandal https://t.co/ilD03MuqIy pic.twitter.com/urrFMbL58o
— Planet Rugby (@PlanetRugby) May 15, 2026
ყველაზე სამწუხარო ისაა, თუ როგორ გაიგეს მათ ინფორმაცია. ამბავში მონაწილეთა წრის მიღმა არავინაა გარეული. თუ საქმეს დააკვირდებით, ადამიანი, რომელმაც ინფორმაცია გაიტანა და რომელმაც ჩემი ნიმუში გამოიყენა, თავისუფალია.
ყველა სხვა დანარჩენი, ჩემი ჩათვლით ჩავარდა. ვაცნობიერებ, რომ დამნაშავე ვარ. ადამიანმა, რომელსაც დავეხმარე ზურგში დანა ჩამარტყა, რათა თავი გადაერჩინა. მან სხვა დანარჩენებიც დააღალატა.
- მერაბ შარიქაძე.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს მორაგბეთა ნაკრების ყოფილმა კაპიტანმა, მერაბ შარიქაძემ ცოტა ხნის წინ დოპინგ სკანდალის გამო სარაგბო კარიერის იძულებით დასრულების შესახებ ისაუბრა.
შარიქაძის ცნობით, თანაგუნდელისთვის შარდის გაცვლის გამო, 6-წლიანი დისკვალიფიკაცია მისცეს. გამოძიება ამ დრომდე მიმდინარეობდა, თუმცა, არ ჰქონდა იმედი, რომ სასჯელს შეუმცირებდნენ და მოედანზე დააბრუნებდნენ.
მორაგბის განცხადებით, რაგბის კავშირს და მწვრთნელს აღნიშნულ საკითხთან არანაირი შემხებლობა არ ჰქონიათ.