ინგლისიდან TOP 14-ში | ნიკა აბულაძე კარიერას მონპელიეში გააგრძელებს
საქართველოს ეროვნული ნაკრებისა და "ექსეტერის" 28 წლის ბურჯი - ნიკა აბულაძე, მომავალი სეზონიდან კარიერას TOP 14-ში, კერძოდ კი "მონპელიეში" გააგრძელებს.
ამის შესახებ ინფორმაციას ცნობილი ფრანგული სპორტული გამოცემა "Midi Olympique" ავრცელებს. გავრცელებული ინფორმაციით, 28 წლის ქართველი ბურჯი TOP 14-ში სხვა ქართველებთან ერთად ითამაშებს.
ჯერჯერობით უცნობია კონტრაქტის დეტალები, თუმცა ნიკა აბულაძის "მონპელიეში" ტრანსფერი დადასტურებულია.
"Midi Olimpique"-ს ბოლო ინფორმაციით, "მონპელიემ" 3 ტრანსფერი შეათანხმა. ნიკა აბულაძე მათ "ექსეტერეიდან" დაიმატეს, ქართველის გარდა კი მათ მაელ მოუსტინის "ბორდოდან", ხოლო კრისტა პოველის "ორიაკიდან" დამატება შეძლეს.
ნიკა აბულაძემ სარაგბო კარიერა ქართულ კლუბ "ყოჩებში" დაიწყო, 2021-2023 წლებში "შავ ლომში" ითამაშა, ხოლო 2023 წლიდან "ექსეტერ ჩიფსის" ღირსებას იცავს.
ქართველი ბურჯისთვის წლევანდელი სეზონი ნაადრევად დასრულდა. სამწუხაროდ, ნიკა აბულაძემ ჩემპიონთა თასის ჯგუფურ ეტაპზე, "გლაზგო უორიორსის" წინააღმდეგ გამართულ მატჩში, აქილევსის მყესები დაიზიანა და ოპერაცია დასჭირდა, მის შემდეგ კი მოედანზე არ დაბრუნებულა.
შეგახსენებთ, რომ "მონპელიეში" 3 ქართველი მორაგბე თამაშობს: ვანო კარკაძე, ლაშა მაჭარაშვილი და ლუკა ჯაფარიძე.