საქართველოს ეროვნული ნაკრებისა და ფრანგული "ბიარიცის" მორაგბე - 21 წლის თორნიკე ჯალაღონია ბარბაროსებში გამოიძახეს.
ინფორმაცია თავად ქართველმა მორაგბემ Live.ge-ს დაუდასტურა.
"დიახ, სიმართლეს შეესაბამება, რომ მე ბარბაროსებში გამომიძახეს. რომ არ მოგატყუოთ, თვითონაც არ მჯერა". - გვითხრა თორნიკე ჯალაღონიამ.
ბარბაროსებმა პირველი ტურნე ჯერ კიდევ 1889 წელს დაგეგმეს - ისტორიული წარსულის განმავლობაში, ბარბაროსები ახალ ზელანდიას, სამხრეთ აფრიკას, ავსტრალიას, ინგლისსა და მსოფლიო რაგბის სხვა გამორჩეულ ერებს არაერთხელ დაუპირისპირდნენ. სხვადასხვა დროს ბარბაროსების შემადგენლობაში დუდუ ქუბრიაშვილი, კოტე მიქაუტე, დავით ზირაქაშვილი, ანტონ ფეიქრიშვილი, მამუკა გორგოძე და მიხეილ ნარიაშვილი გამოიძახეს.
ბარბაროსები 25 ოქტომბერს ინგლისის ეროვნულ ნაკრებს, "ტვიკენჰემზე" დაუპირისპირდებიან. მატჩი თბილისის დროით 18:00 საათზე დაიწყება.