EPCR-მა ფორმატი შეცვალა - შავი ლომი ჩელენჯ ქაფზე?!
ევროპული პროფესიონალური საკლუბო რაგბის (EPCR) Twitter-ის ოფიციალურ გვერდზე, პოსტი განთავსდა, რომლის მიხედვითაც ცნობილი ხდება, რომ "ჩელენჯ ქაფის" 2023/24 წლების სეზონი განახლებული ფორმატით ჩატარდება.
ოფიციალურად დადასტურებული ინფორმაციით, "ჩელენჯ ქაფის" 2023/24 წლების სეზონში 18 კლუბი მიიღებს მონაწილეობას. სარაგბო კლუბები სამ 6-გუნდიან ჯგუფში გადანაწილდებიან.
ცნობილია, რომ "ჩელენჯ ქაფზე" ყველაზე მეტი (8) წარმომადგენელი გაერთიანებულ სარაგბო ჩემპიონატს (URC) ეყოლება. ტოპ 14 ექვსი კლუბით, ხოლო ინგლისის პრემიერშიპი 2 კლუბით იქნება წარმოდგენილი. ქართველი გულშემატკივრისთვის განსაკუთრებით საინტერესოა ის გარემოება, რომ დარჩენილ 2 კვოტას სპეციალურად მიწვეული კლუბები მიიღებენ.
ვრცელდება ინფორმაცია, რომ მიწვეულ 2 კლუბს შორის, "რაგბი ევროპის სუპერ თასის" ტრიუმფატორი - "შავი ლომი" და "თელ ავივ ჰითი" განიხილებიან.
ავტორიტეტული სარაგბო პორტალი Ruck აღნიშნულთან დაკავშირებით წერს: "ბევრი ვარაუდია იმის შესახებ, თუ რომელ კლუბებს ვიხილავთ საგანგებო მიწვევით. ყველაზე რეალურია, რომ "ჩელენჯ ქაფზე" პირველი ქართული ფრენჩაიზი "შავი ლომი" და მასთან ერთად "თელ ავივ ჰითი" ვიხილოთ".
2023/24 FORMAT CHANGE 🚨
— EPCR Challenge Cup (@ChallengeCup_) June 14, 2023
1️⃣8️⃣ clubs in 3️⃣ pools of 6️⃣
8️⃣ from @urcofficial
6️⃣ from @top14rugby
2️⃣ from @premrugby
2️⃣ invited teams
More info on next season’s #ChallengeCupRugby ⬇️
"ჩელენჯ ქაფის" 2023/24 წლების სეზონის წილისყა 21 ივლისს, ლონდონშია ჩანიშნული. ამ დროისათვის მომავალ სეზონში მონაწილე 16 კლუბის ვინაობაა ცნობილი: "შარქსი", "ლაიონსი", "ბენეტონი", "ედინბურგი", "ოსპრისი", "სკარლეტსი", "დრაგონსი", "ძებრე", "კასტრი", "კლერმონი", "მონპელიე", "პო", "პერპინიანი", "ოიონა", "გლოსტერი" და "ნიუკასლი".