Belive

"დროა საქართველო 6 ერში ვიხილოთ" - სემ ვარბარტონი

8 თვის წინ რაგბი
1 წთ

უელსის მორაგბეთა ნაკრებისა და ბრიტანელი და ირლანდიელი ლომების ყოფილი კაპიტანი - სემ ვარბარტონი აღნიშნავს, რომ დროა საქართველოს ღირსეული პატივი მიაგონ და განიხილონ, როგორც მეშვიდე ერი.

უელსელი ლეგენდა, რომელიც 6 ერის ფორმატის ცვლილების მომხრეა და წარსულშიც ხშირად აღნიშნავდა, რომ საქართველო მეტს იმსახურებს, მორიგ საინტერესო კომენტარს აკეთებს. სემ ვარბარტონის აზრით, 6 ერის ფორმატის ცვლილებასთან ერთად, საქართველო უნდა გახდეს მე-7 ერი, რომელიც პრესტიჟულ ევროპულ სანაკრებო ტურნირს შეუერთდება.

უნდა დათანხმდეს თუ არა უელსი საქართველოს გამოწვევას და ეთამაშოს არაოფიციალური პლეი-ოფი? დიახ, გამოწვევა უნდა მივიღოთ. დროა, საქართველო მივიჩნიოთ, როგორც მეშვიდე ერი. ადრე სამხრეთ აფრიკას ახსენებდნენ. აფრიკული კლუბები უკვე თამაშობენ გაერთიანებულ სარაგბო ჩემპიონატში (URC) ისევე როგორც ჩემპიონთა თასსა და ჩელენჯ ქაფზე, თუმცა, ეს მოდული ჩემთვის არ მუშაობს. არ ვამბობ, რომ ცუდია URC-შ აფრიკული კლუბების მონაწილეობა, განსაკუთრებით იმ ფონზე, როდესაც მათთან თამაშით ჩვენი კლუბებიც ძლიერდებიან, მაგრამ ჩემთვის ეს უაზრობაა.

სამხრეთ აფრიკას 6 ერში არაფერი ესაქმება - გონს მოსვლასაც ვერ მოვასწრებთ, რომ ახალი ზელანდია მე-8 ერად დაგვემატება. ეს ადგილი საქართველოს ეკუთვნის - გულანთებულ სარაგბო ქვეყანას! სპორტის ამ სახეობის განვითარებაში, სახელმწიფო 10 მილიონ ფუნტს დებს, კავშირის ბიუჯეტი კი 14 მილიონია.

პლეი-ოფის სისტემის დანერგვის შესახებ, აზრი იმიტომ არ შემიცვლია, რომ ბოლო ადგილზე უელსი გავიდა. ამ სფეროში მომუშავე უამრავ ადამიანს ვესაუბრე და მართებულად მიმაჩნია, რომ ტურნირი 7 ერამდე გაიზარდოს. მაყურებლისთვის, რა თქმა უნდა, გასავარდნი პლეი-ოფი გაცილებით უფრო სანახაობრივია, მაგრამ არსებობს რისკი, რომ ბოლო ადგილი ინგლისმა დაიკავოს - ეს კი ნამდვილად დიდი კატასტროფა იქნება. - სემ ვარბარტონი.

შეგახსენებთ, წლევანდელ 6 ერზე, უელსის მორაგბეთა ნაკრებმა კატასტროფულად იასპარეზა და ტურნირზე ყველა მატჩში დამარცხდა. საპირისპიროდ, საქართველომ რაგბი ევროპის ჩემპიონატი ერთი ამოსუნთქვით მოიგო და ჩემპიონის ტიტულს ზედიზედ მეშვიდედ დაეუფლა.

სხვა სტატიები