"ჩვენი მიზანია, რომ მომზადებული შევხვდეთ რაგბის ევროპის ჩემპიონატის სერიას" - 7-კაცას მწვრთნელი
საქართველოს 7-კაცა მორაგბეთა ნაკრები, მსოფლიო რაგბის ჩელენჯერის დასკვნითი ეტაპისთვის მოსამზადებლად, ქუთაისში 5-დღიან შეკრებაზე შევიდა.
18-19 მაისს, გერმანიის ქალაქ მიუნხენში, მსოფლიო რაგბის ჩელენჯერის სერიების დასკვნითი, მე-3 ეტაპი გაიმართება. საქართველოს 7-კაცა მორაგბეთა ნაკრები A-ჯგუფში მასპინძელი გერმანიის, ურუგვაისა და პაპუა ახალი გვინეის წინააღმდეგ ითამაშებს.
გერმანიაში გამგზავრებამდე 7-კაცა მორაგბეთა ნაკრების მწვრთნელებმა - ბესიკ ხამაშურიძემ და გია ლაბაძემ მოსამზადებელი ეტაპის შესახებ ისაუბრეს.
მოსამზადებლად ყველანაირი პირობები გვაქვს და ქუთაისში 12 მაისამდე ვივარჯიშებთ. ჩვენი მიზანია, რომ მოთამაშეები უკეთეს ფორმაში შევიდნენ და მიუნხენში დამატებითი გამოცდილება შევიძინოთ, რათა მომზადებული შევხვდეთ რაგბის ევროპის ჩემპიონატის სერიას. მნიშვნელოვანია, რომ რაგბი ევროპის ჩემპიონატზე წარმატებით ვითამაშოთ და მოვიპოვოთ მსოფლიო რაგბის ჩელენჯერის სერიის საგზური. განვლილმა პერიოდმა დაგვანახა, რომ 7-კაცას თამაში შეგვიძლია, რამდენიმე კარგი გუნდიც დავამარცხეთ, მაგრამ სტაბილურობა გვაკლია. - ბესიკ ხამაშურიძე.
მიუნხენში ვეთამაშებით სერიის ლიდერ ურუგვაის, რომელიც წინა სერიის გამარჯვებული გახდა, თუმცა წელს მას დუბაის ეტაპზე მოვუგეთ. გერმანია ისეთი ძლიერი აღარაა, როგორც რამდენიმე წლის წინ, მაგრამ სამშობლოში თამაშობს, ოთხეულში შესვლის შანსი აქვს და მაქსიმუმს გაიღებს მიზნის მისაღწევად. პაპუა ახალი გვინეა ფიჯის სტილის გუნდია, კარგი შემსრულებლებით და ნაკლები დისციპლინით. ჩვენ წნეხის გარეშე ვითამაშებთ, რადგან ოთხეულში გასვლის შანსი პრაქტიკულად აღარ გვაქვს და ვეცდებით თავი საუკეთესოდ წარმოვაჩინოთ. - გია ლაბაძე.
შეგახსენებთ, განვლილი 2 ეტაპის შემდეგ, საქართველოს 7-კაცა მორაგბეთა ნაკრები მე-9 პოზიციაზე იმყოფება. დუბაის ეტაპზე საქართველომ მე-8 პოზიცია დაიკავა, მონტევიდეოში კი მე-9 ადგილს დასჯერდა და საერთო ჩათვლაში 10 ქულით, მე-9 ადგილზე იმყოფება. 2 ეტაპის შემდეგ, ჩელენჯერის სერიას ურუგვაი ლიდერობს, რომელსაც საერთო ჩათვლაში 36 ქულა აქვს.