Belive

ჩელენჯ თასი | შავი ლომი ევროპული ოჯახის ღირსეული წევრია!

1 წლის წინ რაგბი
8 წთ

ქართულ რაგბის სულ 160 წუთი დაჭირდა იმის დასამტკიცებლად, რომ ევროპის ელიტური საკლუბო რაგბის თანასწორია.

ქართულმა ფრენჩაიზმა ‘შავმა ლომმა’ სადებიუტო მატჩში უბრალოდ ვერ ირწმუნა, რომ გამარჯვება შეიძლებოდა. მასპინძლებმა წვმიან ამინდში, „მიხეილ მესხზე“, ინგლისურ ‘გლოსტერს’ ლელო არ გაატანინეს, თავად ორი გაიტანეს, რომელთაგან ერთი ვიდეო-რეფერიმ გააუქმა და მცირედი მარცხისთვის მხოლოდ ნუგეში გვერგო – 10:15.

წვიმა არც უელსში, ჰლანეჰლიში დაგვკლებია და ‘სქარლეთსთან’ მატჩის დებიუტიც ძალიან ცუდი გამოდგა. ადრეულმა ლელომ, ჯარიმებმა და ზედიზედ 6-მა წაგებულმა დერეფანმა, სტუმრები საწყისი 30 წუთის განმავლობაში პრაქტიკულად ბურთის გარეშე დატოვა, თუმცა თავდაუზოგავმა დაცვამ, რაქებსა და შეჯგუფებებში ბრძოლამ, ასევე შერკინებაში დომინირებამ, ‘შავ ლომს’ მატჩში დაბრუნების და საბოლოოდ ისტორიულ გამარჯვების მოპოვების შესაძლებლობა მისცა.

სტატისტიკას თუ გადავხედავთ, მასპინძლები დიდ ტერიტორიულ უპირატესობას ფლობდნენ. მათ ჩვენს ნახევარზე 2-ჯერ მეტი დრო გაატარეს, მაგრამ ეს ქულებში ვერ ასახეს, სტუმრებმა კი საკუთარი შესაძლებლობები მაქსიმალურად გამოიყენეს.

‘შავმა ლომმა’ 12-ჯერ მოახერხა თერნოვერი, მაშინ, როდესაც მასპინძლებმა ეს მხოლოდ 3-ჯერ შეძლეს. მოვიგეთ მხოლოდ 6 დერეფანი, მეტოქის 18-ის საპირწონედ, თუმცა ამის კომპენსირება ნეწილობრივ შერკინებამ მოახერხა, რომელმაც რამდენჯერმე მეტოქის ბურთი წამოიღო.

„ეს ისტორიული დღეა ქართული რაგბისთვის. ჩელენჯ თასზე პირველი თამაშის შემდეგ ბიჭები უკმაყოფილოები იყვნენ, გრძნობდნენ, რომ ‘გლოსტერთან’ მოგება შეიძლებოდა. მათ ბოლომდე იბრძოლეს და ეს უკვე გამარჯვება იყო, რომელიც შედეგში ბოლომდე არ აისახა. ‘სქარლეთსთნ’ თამაშის წინ მათ ვუთხარი, რომ მოედნიდან გამარჯვებულები უნდა გამოვსულიყავით, ოღონდ ეს გამარჯვება ამჯერად შედეგზეც უნდა ასახულიყო და მათ აბსოლუტურად ყველაფერი გააკეთეს მოსაგებად. ზუსტად ეს არის თავდაჯერება და საკუთარი ძალების რწმენა“.

„რთული თამაში გამოვიდა ძლიერ მოწინააღმდეგესთან. ‘სქარლეთსი’ დიდი ისტორიისა და ტრადიციების მქონე, უელსური რაგბის ერთ-ერთი ფლაგმანი გუნდია. ვულოცავ ყველას ამ დიდ გამარჯვებას. ნიშანდობლივია, რომ ეს მოგება საქართველოსთვის ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მინიჭებას დაემთხვა. ეს მოგება ჩვენ ყველამ ერთად დავიმსახურეთ და ისტორია დავწერეთ, ამ გამარჯვებას სრულიად საქართველოს ვუძღვნით“ – ნამატჩევს განაცხადა ლევან მაისაშვილმა.

ცუდი თამაშით მოგებული ტაიმი

თამაშის დასაწყისში სტუმრებმა ერთიმეორეს მიყოლებით შეცდომები დაუშვეს. წაგებულ საკუთარ დერეფანს, ხაზის გაჭრა, ჩვენს 22-ში ზედიზედ ორი ჯარიმა და ფიფიტას ლელო მოყვა, რომელიც ლოიდმა გარდასახა და მასპინძლებმა მე-4 წუთზე 7-ქულიანი უპრატესობა მიიღეს. ამას ისიც დაერთო, რომ ბევრი ჯარიმების ფონზე რეფერიმ სანდრო მამამთავრიშვილი მე-7 წუთზე გაასინბინა და კაცნაკლულები დავრჩით.

მე-10 წუთზე ლუკა მატკავას 45 მეტრიდან შეეძლო ჩამორჩენის შემცირება, მაგრამ მისი დარტყმული მიზანს ასცდა. 23-ე და 27-ე წუთებზე კიდევ წავაგეთ ჩვენი შეტევითი დერეფანი, მაგრამ მეორე ჯერზე მეტოქეს წნეხი დავადეთ, დავაჯარიმეთ და ამჯერად მატკავამ გასატანი პოზიციიდან 3 ქულა აიღო.

მიუხედავად იმისა, რომ პრაქტიკულად უბურთოდ ვიყავთ, გაუვალმა დაცვამ ‘სქარლეთს’, რომლის რიგებში უელსის, ახალი ზელანდიისა და ტონგას ნაკრების 7 მოთამაშე თამაშობდა, ქულის აღების შესაძლებლობა არ მისცა. სტუმრები კარგად ირჯებოდნენ რაქებში, სრულად დომინირებდნენ შერკინებაში და მეტოქის დაჯარიმებით, უელსელების ნახევარზე გადადიოდნენ, მაგრამ იქ ბურთი იკარგებოდა.

გაშვებული ჯერიმის შემდეგ ‘სქარლეთსმა’ ტემპს უმატა ჩვენი უკანახაზელები წნეხში მოექცნენ, რასაც 5-მეტრიანი შერკინება მოყვა, თუმცა თავი ამჯერადაც დავიცავით. 33-ე წუთზე, ზედიზედ მეექვსე ჩვენი დერეფნის წაგების შემდეგ მეტოქე იქვე შევაწუხეთ და დავაჯარიმეთ. ლუკა ივანიშვილმა ბურთი სწრაფად გაათამაშა და შეუტია, მას მხარი ნოდარ ჭეიშვილმა აუბა და ლელომდე დაახლოებით 1 მეტრი დააკლდა, რამდენიმე დარტყმის შემდეგ კი ოვალი ხაზზე გავიდა და მირიან მოდებაძემ ლელოთი დაგვაწინაურა, ხოლო მატკავამ გარდასახა.

შესვენებამდე ‘შავმა’ ლომმა ‘სქარლეთსის ორი შეტევა მოიგერია, ბოლოს საკუთარი დერეფანი მოიგო და ოთარ ლაშხმა შეუტია, მაგრამ აუტში გადაიყვანეს და ტაიმი 3 ქულის სხვაობით მოვიგეთ – 10:7.

სტუმრების დომინაციით

მეორე ტაიმში მოედანზე სიტუაცია შეიცვალა. ‘შავი ლომი’ დაცვასა და შერკინებაში კვლავ უშეცდომოდ ირჯებოდა, პარალელურად კი დერეფანში თამაში გამოასწორა, ბურთზე კონტროლი დაამყარა და ეტაპობრივად უპირატესობა გაზარდა.

მატკავამ შერკინებაში მოპოვებული ჯარიმა 3 ქულად მეორე ტაიმის დასაწყისში აქცია. ამან მასპინძლები აანერვიულა და შეცდომებს მოუხშირეს, რის ფონზეც მატკავამ 45 მეტრიდან ჯარიმა 5-მეტრიან დერეფანში გადაიტანა, იქიდან ‘შავმა ლომმა’ მოლი ააგორა და ბექა მამრიკიშვილმა ლელო გაიტანა. მატკავამ რთული პოზიციიდან გარდასახა და ჩელენჯ თასზე ისტორიული გამარჯვების შანსი რეალური გახდა.

დასკვნით მეოთხედში ‘შავი ლომის’ უპირატესობა კიდევ უფრო გამოიკვეთა და ‘სქარლეთსი’ 65-ე წუთზე კაცნაკლული დარჩა (სინბინში ბურჯი ჰ. ო’ქონორი). 74-ე წუთზე მატკავამ აღარ გარისკა, გასატანი პოზიციიდან ჯარიმა გაიტანა და უპირატესობა 16 ქულამდე გაზარდა. ცხადი გახდა, რომ დასკვნით 5 წუთში ‘სქარლეთსი’ თამაშის გადარჩენას ვეღარ მოახერხებდა, მაგრამ მასპინძლები არ მოდუნდნენ, მეტოქეს ქულა აღარ ააღებინეს და 23:7 გაიმარჯვეს!

მესამე ჯგუფის მეორე რაუნდში ‘გლოსთერმა’ ‘კლერმონს’ 28:17 მოუგო, ‘ედინბურგმა’ კი ‘კასტრს’ 34:21 სძლია. ორი ტურის შემდეგ ‘გლოსთერი’ ჯგუფს 8 ქულით ლიდერობს, ‘შავ ლომს’, ‘კასტრს’, ‘კლერმონს’ და ‘ედინბურგს’ 5-5 ქულა აქვთ, ‘სქარლეთსი’ კი უქულოდაა.

‘შავი ლომი’ ჯგუფური ეტაპის დარჩენილ ორ შეხვედრას იანვარში გამართავს – 13-ში ‘კასტრს’ საფრანგეთში ეწვევა, 20-ში კი ‘კლერმონს’ თბილისში დაუხვდება. ფლეი ოფში ჯგუფიდან 4 გუნდი გადის.

მანამდე, 22 დეკემბერს, ‘შავი ლომი’ რაგბი ევროპის სუპერ თასის ფინალში ისრაელის ‘თელავივ ჰითს’ „ავჭალაზე“, 17 საათზე ერკინება და ტიტულის ზედიზედ მესამედ მოპოვებას ეცდება.

2023/24 წლების EPCR ჩელენჯ თასი

მესამე ჯგუფი. მეორე რაუნდი

ჰლანეჰლი. Parc Y Scarlets. 15 დეკემბერი.

სქარლეთსი (უელსი) – შავი ლომი (საქართველო) 7:23

შავი ლომი

ხაზი: 15. მირიან მოდებაძე, 14. აკაკი ტაბუცაძე, 13. თორნიკე კახოიძე, 12. მერაბ შარიქაძე (კაპ.), 11. ოთარ ლაშხი, 10. ლუკა მატკავა, 9. თენგიზ პერანიძე;

შერკინება: 1. დათო აბდუშელიშვილი, 2. ბექა მამრიკიშვილი, 3. გიორგი ჩხარტიშვილი, 4. ნოდარ ჭეიშვილი, 5. გრიგორ ქერდიყოშვილი, 6. გიორგი კერვალიშვილი, 7. სანდრო მამამთავრიშვილი, 8. ლუკა ივანიშვილი.

მარქაფა: 16. გელა მახარაშვილი, 17. ალიკო შამილიშვილი, 18. ბაჩუკი ჭუმბაძე, 19. დემურ ეფრემიძე, 20. საბა კურტანიძე; 21. გიორგი მარგალიტაძე, 22. გიორგი ჯობავა, 23. ლუკა ცირეკიძე.

2 ლელო: მოდებაძე, მამრიკიშვილი

2 გარდასახვა: მატკავა

3 ჯარიმა: მატკავა

წყარო: rugby.ge

სხვა სტატიები