Belive

ბორჯღალოსნები ფრანგულ შეკრებაზე გაემგზავრნენ

1 თვის წინ რაგბი
3 წთ

საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრები, ნოემბერში გასამართი მატჩებისთვის ემზადება. დღეს ბორჯღალოსნები ფრანგულ შეკრებაზე გაემგზავრნენ. მატჩების განრიგი ასეთია:

  • 10 ნოემბერი, 16:00 საათი, მონპელიე | ოლ ბლექსი XV - საქართველო

  • 17 ნოემბერი, 17:40 საათი, გენუა | იტალია - საქართველო

  • 24 ნოემბერი, 18:00 საათი, თბილისი, მესხის სტადიონი | საქართველო - ტონგა

ნოემბრის მატჩებამდე რიჩარდ კოკერილმა კომენტარი გააკეთა:

ჩვენი ბევრი მორაგბე საფრანგეთში თამაშობს. მათთან მუდმივ კონტაქტზე ვართ. ასევე გვყავს "შავი ლომის" მოთამაშეები. ყველა კარგად ემზადება, რათა თამაშებისთვის საუკეთესო ფორმაში იყვნენ.

27 ოქტომბერს სამი დღით შევიკრიბებით პარიზში, სადაც ყველა მოთამაშე ერთად გვეყოლება. ზაფხულის ტესტების შემდეგ სრული შემადგენლობით ჯერ არ შევკრებილვართ. შემდეგ მოთამაშეები თავ-თავიანთ კლუბებს დაუბრუნდებიან და უშუალოდ ოლ ბლექს XV-თან სათამაშო კვირაში უკვე მონპელიეში შევიკრიბებით.

ცოტ-ცოტა ყველაფერზე ვიმუშავებთ. ცხადია, ჩვენი დერეფანი უნდა გამოვასწოროთ. ტრადიციულად კარგი შერკინება გვყავს, თუმცა მეტად გაუმჯობესება გვჭირდება. საქმე იმაშია, რომ ჩვენ გვყავს ახალგაზრდა და გამოცდილი მოთამაშეების კარგი ნაზავი. დაბალანსება კი, სამუშაო პროცესის ნაწილია. ჩვენ გვინდა ახლავე მოვიგოთ, უკვე ვთამაშობდეთ უკეთესად, თუმცა მნიშვნელოვანია, რომ მეტად განვავითაროთ ახალგაზრდა მოთამაშეები ავსტრალიისთვის (2027 წლის მსოფლიო თასისთვის).

ზაფხულში რამდენიმე ფენომენალური ლელო გავიტანეთ, განსაკუთრებით იაპონიისა და ავსტრალიის წინააღმდეგ. ჩვენ მოგვწონს ასეთი ლაღი და სანახაობრივი თამაში. აკა (აკაკი ტაბუცაძე) და ნინი (დავით ნინიაშვილი) განსაკუთრებული ნიჭის მქონე მორაგბეები არიან. ისინი ისეთ მომენტებს ქმიან, რასაც სხვა მოთამაშეები ვერ ახერხებენ. საბოლოო ჯამში ჩვენ უნდა გავაგრძელოთ მთლიანობაში გუნდის განვითარება, თუმცა ამავდროულად ვეცადოთ, რომ თამაშები მოვიგოთ.

ოლ ბლექს XV-თან თამაშის დონე ნებისმიერი ტესტ-მატჩისთვის შესაშური იქნება. ამ პერიოდში ზელანდიის პირველი ნაკრები ევროპაში თამაშობს და გუნდი, რომელიც ჩვენ დაგვიპირისპირდება (ოლ ბლექს XV) მეტ წილად იმ მოთამაშეებით იქნება დაკომპლექტებული, ვინც პირველ ნაკრებში ვერ მოხვდება. ამ მომენტისთვის მათი 9 მოთამაშე პირველ ნაკრებთან ერთად ვარჯიშობს. შესაბამისად, რთული თამაში გველის.

ეს ჩვენი ფიზიკური გამძლეობისთვის კარგი ტესტი იქნება. ის სისწრაფეები, რომლითაც ახალი ზელანდია თამაშობს, ჩვენთვის დიდი გამოცდილება იქნება. თუმცა ეს ის თამაშია, რომლის მოგებასაც ნამდვილად ვეცდებით.

რა თქმა უნდა, 6 ერის ირგვლივ საუბრებიდან გამომდინარე, ჩვენსა და იტალიას შორის დიდი (სარაგბო) დაპირისპირება ჩამოყალიბდა. 2022 წელს ბათუმში იტალიის დამარცხებით, უდაოდ დიდი განაცხადი გავაკეთეთ იმ მიმართულებით, თუ სად ვართ ახლა გლობალურ დონეზე. ვაჩვენეთ, რომ პოტენციურად ვიმსახურებთ 6 ერში შესვლის შესაძლებლობას. როგორც მანამდე ვთქვი, ჩვენ ყოველთვის მოგებისთვის ვთამაშობთ. კი, იტალიასთან თამაშის მოგება ძალიან მნიშვნელოვანია, მაგრამ ჩვენ უნდა გავაგრძელოთ გუნდურად განვითარება.

რაც შეეხება ტონგას, უპირველეს ყოვლისა ჩვენ გვიყვარს საქართველოში თამაში. ჩვენ გვიყვარს ის, რომ საქართველოს და ჩვენს გულშემატკივრებს წარმოვადგენთ. სულ სხვა შეგრძნებაა, როდესაც საკუთარ კედლებში, საკუთარი გულშემატკივრების წინაშე თამაშობ.

ტონგელები დიდები და ფიზიკურები არიან, თუმცა მე ვფიქრობ, რომ საქართველოც დიდი და ფიზიკური გუნდია. მოდი ვთქვათ, რომ ზედიზედ ორი რთული თამაშის შემდეგ, ეს იქნება საუკეთესო შესაძლებლობა, რომ ჩვენს ქომაგებსა და მსოფლიოს ვანახოთ რა არის ქართული რაგბი და რას ნიშნავს ჩვენთან სათამაშოდ ჩამოსვლა. - რიჩარდ კოკერილი - საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელი

შემოდგომის ტესტების წინ რიჩარდ კოკერილის გაფართოებულ შემადგენლობაში 36 მოთამაშეა - 21 მორკინალი და 15 ხაზის. მათგან ხუთს ბორჯღალოსნების კვართით ჯერ არ უთამაშია - ნიკოლოზ სუთიძე, დემურ ეფრემიძე, გიორგი შველიძე, ამირან შვანგირაძე და დაჩი პაპუნაშვილი.

ბორჯღალოსნების გაფართოებული შემადგენლობა ნოემბრის ტესტებისთვის ასეთია:

შერკინება: ნიკა აბულაძე ("მონპელიე", 15 კეპი), გიორგი ახალაძე ("კლერმონი", 7), გიორგი მამაიაშვილი ("გრენობლი", 6); ვანო კარკაძე ("მონპელიე", 15, 20 ქულა), ლუკა ნიორაძე ("ორიაკი", 8), ნიკოლოზ სუთიძე ("ლა როშელი"); ირაკლი აფციაური ("ლიონი", 10), სანდრო ქუნთელია ("ლა როშელი", 6, 5), ლუკა ჯაფარიძე ("მონპელიე", 8, 5); ლაშა ჯაიანი ("ნევერი", 22), ლადო ჩაჩანიძე ("შავი ლომი", 19, 5), გიორგი ჯავახია ("გრენობლი", 14, 10), მიხეილ ბაბუნაშვილი ("შავი ლომი", 10, 20), დემურ ეფრემიძე ("შავი ლომი"); ბექა საღინაძე ("ლიონი", 42, 15), გიორგი ცუცქირიძე ("შავი ლომი", 38, 35), თორნიკე ჯალაღონია ("პროვანსი", 35, 35), ლუკა ივანიშვილი ("შავი ლომი", 15, 10), ილია სპანდერაშვილი ("ვალანსი", 8, 15), სანდრო მამამთავრიშვილი ("პენზა", 6), ბექა შვანგირაძე ("ლიონი", 3);

ხაზი: ვასილ ლობჟანიძე ("ოიონა", 87, 78), გელა აფრასიძე ("პერპინიანი", 53, 35), თენგიზ პერანიძე ("შავი ლომი", 3, 5); თედო აბჟანდაძე ("ორიაკი", 54, 351), ლუკა მატკავა ("შავი ლომი", 22, 145); გიორგი კვესელაძე ("გრენობლი", 60, 40), დემურ თაფლაძე ("შავი ლომი", 39, 20), თორნიკე კახოიძე ("შავი ლომი", 6), გიორგი შველიძე ("ბრივი"); სანდრო თოდუა ("შავი ლომი", 114, 95), აკაკი ტაბუცაძე ("შავი ლომი", 43, 195), ამირან შვანგირაძე ("შავი ლომი"), დაჩი პაპუნაშვილი ("ორიაკი"); დავით ნინიაშვილი ("ლიონი", 32, 68), ლუკა ცირეკიძე ("შავი ლომი", 1).

Rugby.ge

სხვა სტატიები