"ანდების სასწაული" - კანიბალიზმი და სიცოცხლისათვის ბრძოლაში გატარებული 72 დღე
"პირველი ღამე ყველაზე კოშმარული აღმოჩნდა" - იხსენებს როი ჰარლი, რომელიც ერთ-ერთია ანდებში ჩამოვარდნილი თვითმფრინავის 16 გადარჩენილ მგზავრს შორის.
ზუსტად 50 წლის წინ, 1972 წლის 13 ოქტომბერს ტრაგედია დატრიალდა, რომელმაც უამრავი ადამიანის სიცოცხლე შეიწირა. საბედისწერო დღეს, თვითმფრინავის ჩამოვარდნის შესახებ გავრცელებულმა ინფორმაციამ, მთელი მსოფლიო შეძრა, მაგრამ, მოგვიანებით განვითარებულმა მოვლენებმა შეიძლება ითქვას, რომ "ტრაგედია დაჩრდილა"... სრულიად მსოფლიოსათვის გაცილებით უფრო საინტერესო 16 გადარჩენილი ადამიანის ისტორია აღმოჩნდა, რომელთაც სიკვდილთან უკომპრომისო 72 დღიან ბრძოლაში გაიმარჯვეს.
სარაგბო კლუბი "ოლდ კრისტიანსი" ურუგვაიდან ჩილეში ამხანაგური მატჩის გასამართად მიფრინავდა, როდესაც ანდებში მათი თვითმფრინავი უკვალოდ გაქრა. ოფიციალურად დადასტურებული ცნობების თანახმად, აფრენის დღეს ურუგვაიში უამინდობა იყო, რის გამოც პილოტებმა თვითმფრინავზე კონტროლი დაკარგეს და ანდების ერთ-ერთ მყინვართან ჩამოვარდნენ.
"იმ ღამეს ჯოჯოხეთში აღმოვჩნდი. ჩემს ფეხებთან ეგდო ბიჭი, რომელსაც კატასტროფის შედეგად სახის ნაწილი მოგლეჯილი ჰქონდა და საკუთარ სისხლში იხრჩობოდა. სიმამაცე და გამბედაობა არ მეყო იმისათვის, რომ მისთვის ხელი ჩამეჭიდა, რათა სიცოცხლის უკანასკნელ წამებში ვინმეს გვერდში დგომა ეგრძნო".
სწორედ აქედან იწყება ავიაკასტროფას გადარჩენილი ადამიანების უკომპრომისო ბრძოლა სიცოცხლის გადასარჩენად. ბორტზე მყოფი 45 ადამიანიდან თვითმფრინავის ჩამოვარდნის შედეგად 12 დაიღუპა. გადარჩენილმა 33-მა ადამიანმა, მათ შორის "ოლდ კრისტიანსის" მორაგბეებმა, საკვებისა და თბილი ტანსაცმლის გარეშე, -30 გრადუსიან ყინვაში გადარჩენისათვის ბრძოლა დაიწყეს.
თვითმფრინავში არსებული საკვების მარაგის ამოწურვის შემდეგ, გადარჩენილები დილემის წინაშე აღმოჩნდნენ - ისინი უნდა დახოცილიყვნენ შიმშილით, ან დაკავებულიყვნენ კანიბალიზმით. გადარჩენილებმა მეორე გზა აირჩიეს და დაღუპული მეგობრების სხეულის ნარჩენების ჭამა დაიწყეს.
"იძულებული გავხდით გვეჭამა ყველაფერი, რასაც მოვიპოვებდით. ვჭამდით ტყავს, სიგარეტს, კბილის პასტას. ჩვენ ვიხოცებოდით. როდესაც სიკვდილის წინაშე დგახარ, მხოლოდ ორი არჩევანი გაქვს - მოკვდე, ან შეჭამო გარდაცვლილი მეგობარი. ხმათა უმრავლესობით გადავწყვიტეთ, რომ ისინი უნდა შეგვეჭამა. ჩვენ გავაკეთეთ ის, რაც აუცილებელი იყო გადარჩენისათვის".
3500 მეტრ სიმაღლეზე, -30 გრადუსიან ყინვაში, გადარჩენილებს თავს მორიგი განსაცდელი დაატყდათ. მოულოდნელად ზვავი ჩამოწვა, რასაც კიდევ 9 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. რამდენიმე დღის შემდეგ, მიღებული დაზიანებების შედეგად კიდევ 3 გადარჩენილი დაიღუპა. მოგვიანებით კიდევ რამდენიმე ადამიანი დაიღუპა. ალბათ ყველაზე შემზარავი და შეიძლება ითქვას, რომ თავზარდამცემი ინფორმაცია, გადარჩენილებმა მე-10 დღეს შეიტყვეს, როდესაც შემთხვევით რადიოსიგნალი დაიჭირეს - დიქტორი იუწყებოდა, რომ ერთობლივი სამძებრო სამუშაოები, რომელსაც არგენტინის, ურუგვაისა და ჩილეს სამაშველო სამსახურები აწარმოებდნენ შეწყდა.
"ერთ-ერთი ყველაზე შემზარავი იმის გააზრება აღმოჩნდა, რომ სამყარო ჩვენს გარეშე განაგრძობდა არსებობას", - აღნიშნავს კარლოს პაეზი.
წარმოუდგენელი გამჭრიახობისა და სიმტკიცის შედეგად, გადარჩენილებმა ისწავლეს, ინსტრუმენტების გარეშე, თვითმფრინავის ნამსხვრევების გამოყენება ხელჯოხების, თოვლის ფეხსაცმლის, საბნებისა და მუქი სათვალეების გასაკეთებლად. ყინვის მიუხედავად, მათ შეძლეს თოვლის გალღობა და წყლად გადაქცევა.
საბოლოოდ, რობერტო კანესა და ფერნანდო პარადო დახმარების საძიებლად გაემგზავრნენ. უხეშ და უცნობ რელიეფზე, 10 დღიანი ხეტიალის შემდეგ, ისინი მდინარეს მიადგნენ, რომლის მეორე ნაპირზე კაცი შენიშნეს.
ხმაურის გამო, მდინარის საპირისპირო მხარეს მყოფებს ერთმანეთის ხმის გაგება არ შეეძლოთ. მეორე დღეს შემთხვევით ნანახმა ადამიანმა პარადოსა და კანესას ქვაში გახვეული ქაღალდი, კალამი და პურის ნაჭერი გადაუგდო. მასზე პარადომ დახმარების თხოვნა დაწერა: "მთაში ჩამოვარდნილი თვითმფრინავიდან ვარ. დახმარება გვჭირდება".
მომდევნო დღეს, სამაშველო ჯგუფებმა ავიაკასტროფის ადგილზე მისვლა შეძლეს. 13 ოქტომბერს დატრიალებულ ტრაგედიას გადარჩენილი 16 ადამიანის ბრძოლა სწორედ ამ დროს დასრულდა. ეს იყო მომენტი, როდესაც უიმედოდ დარჩენილი და სიკვდილისთვის განწირული 16 ადამიანის შეუპოვარი ბრძოლა გამარჯვებით დასრულდა.
როდესაც როი ჰარლი საბედისწერო თვითმფრინავის ბორტზე ავიდა, 84 კილოგრამს იწონიდა - მაშველების მისვლის მომენტში კი მისი წონა 37 კილოგრამამდე იყო შემცირებული. სამედიცინო შემოწმების შედეგად დადგინდა, რომ თითოეულმა გადარჩენილმა 72 დღიანი ბრძოლის განმავლობაში, საშუალოდ 29 კილოგრამი დაკარგა.
1974 წელს, ცნობილმა ინგლისელმა მწერალმა, პირს პოლ რიდმა მომხდართან დაკავშირებით ნაწარმოები გამოსცა, რომლის მოტივებზეც 1993 წელს, ჰოლივუდში მხატვრული ფილმი "გადარჩენილი: ანდების სასწაული" გადაიღეს.