Belive

აკაკი ტაბუცაძე მსოფლიოს 15 საუკეთესო მელელოვეს შორის შევიდა

1 კვირის წინ რაგბი
1 წთ

ტონგასთან დადებული შესანიშნავი ლელო 27 წლის აკაკი ტაბუცაძისთვის 41-ე აღმოჩნდა "ბორჯღალოსნების" მაისურით.

ამ მაჩვენებლით ტაბუცაძემ ლეგენდარულ ავსტრალიელს, კრის ლეითემს გადაუსწრო და მე-15 ადგილზე დამკვიდრდა. ტაბუცაძე ამ ადგილს უელსელ გარეთ ტომასთან იყოფს.

აღსანიშნავია, რომ მელელოვეთა საუკეთესო 20-ეულში მხოლოდ სამი მორაგბეა, რომლებიც თავიანთი ნაკრებების მოქმედ მოთამაშეებად ითვლებიან. ზელანდიელი ბოდენ ბარეტი მე-13 ადგილს 45 ლელოთი იკავებს, ხოლო მისი თანამემამულე უი ჯორდალი 38 ლელოთი მეოცეა.

გასათვალისწინებელია, რომ ბარეტი უკვე 33 წლისაა და სავარაუდოდ მომავალი მსოფლიო თასის შემდეგ სანაკრებო კარიერას დაასრულებს.

საქართველოს ნაკრების გარემარბი მე-14 ადგილოსან ჯეფ უილსონს 3 ხოლო მეათე ადგილზე მყოფ ზელანდიურ ტრიოს: ჯულიან სავეას, კრის კულენსა და ჯო როკოთოკოს 5 ლელოთი ჩამორჩება და ამ სხვაობის აღმოფხვრის კარგი შანსი მომავალ რაგბი ევროპის გათამაშებაზე ექნება.

საუკეთესო მელელოვეთა სიას იაპონელი დაისუკე ოჰატა ლიდერობს 69 ლელოთი, აღსანიშნავია რომ "საკურების" ყოფილ უკანახაზელს ამ შედეგის მისაღწევად მხოლოდ 58 თამაში დასჭირდა.

აკაკი ტაბუცაძის დებიუტი საქართველოს ნაკრებში 2020 წელს ესპანეთის ნაკრებთან შედგა - 41 ლელოს დიდებულ ნიშნულამდე მიღწევას კი მან მხოლოდ 4 წელი მოანდომა

სხვა სტატიები