7-ქალას მიზანი - რაგბი ევროპის ჩემპიონატი!
„ვფიქრობ, ფსიქოლოგიურად, ფიზიკურად და ტაქტიკურად მზად ვართ იმისათვის, რომ წელს რაგბი ევროპის ჩემპიონატის საგზურისთვის ვიბრძოლოთ. ეს ჩვენი საერთო მიზანია – როგორც მწვრთნელების, ასევე გოგონების“ – ამბობს საქართველოს 7-ქალას მთავარი მწვრთნელი ჯაბა მალაღურაძე.
7-ქალას ევროპის ჩემპიონატზე აქამდე არასდროს უთამაშია, ალაფაზე (მეორე დივიზიონი) კი საუკეთესო შედეგი მეოთხე ადგილია. წელს რაგბი ევროპის ალაფა ორ ეტაპად გაიმართება – 16-18 ივნისს ზაგრებში (ხორვატია) და 7-8 ივლისს ბუდაპეტში (უნგრეთი).
პირველ, ზაგრების ეტაპზე საქართველო გ ჯგუფში უნგრეთთან, ავსტრიასთან და ბულგარეთთან ითამაშებს. ა ჯგუფში თურქეთი, დანია, მოლდოვა და უკრაინა მოხვდნენ, ხოლო ბ ჯგუფში ნორვეგია, ფინეთი, ისრაელი და ლატვია გაერთიანდნენ.
16 ივნისს ჩვენი გოგონები ბულგარეთის და ავსტრიის წინააღმდეგ ითამაშებენ, ჯგუფური ეტაპის ბოლო შეხვედრას კი 17 ივნისს, უნგრეთთან გამართავენ. ამავე დღეს გაიმართება თასის 1/4-ფინალური შეხვედრები, 18-ში კი ნახევარფინალების და ფინალების დრო დადგება.
„პროდუქტიული მოსამზადებელი ეტაპი გვქონდა. ძალიან წაგვადგა პარიზისა და ტურის ტურნირები. ვთვლი, რომ დეტალები, რაზეც სამუშაო გვქონდა გამოვასწორეთ და მზად ვართ მიზნისთვის საბრძოლველად“.
„კარგია, რომ პირველი ორი თამაში კონფერენც დივიზიონიდან დაწინაურებულ ბულგარეთთან და ავსტრიასთან გვექნება – გავხურდებით და უნგრეთთან ჯგუფში პირველი ადგილისთვის ვიბრძოლებთ. ის უხერხული მეტოქეა, თუმცა მჯერა გამარჯვება შეგვიძლია. რაც შეეხება ზოგადად მეტოქეებს, ჩემპიონატის საგზურისთვის ბრძოლაში კონკურენტები უკრაინა, თურქეთი და ნორვეგია იქნებიან. მიუხედავად ყველაფრისა, ზაგრებში პროგრამა მინიმუმი ფინალში გასვლა იქნება“ – აღნიშნავს მალაღურაძე.
გოგონები ზაგრებში 14 ივნისს მიემგზავრებიან. განაცხადში მხოლოდ 13 მოთამაშე უნდა იყოს. ის გოგონები, რომლებიც ამ ეტაპზე შემადგენლობაში ვერ მოხვდნენ ვარჯიშს აგრძელებენ, რათა მეორე ეტაპის წინ ფორმაში იყვნენ.
7-ქალას შემადგენლობა რაგბი ევროპის ალაფის პირველ ეტაპზე (ზაგრები):
თეონა ჩიტაიშვილი (ქუთაისი), სალომე მაკასარაშვილი (თბილისი), ნათია გავაშელიშვილი (რუსთავი), სალომე საღარაძე (თბილისი), თამარ მანაგაძე (ქუთაისი), ირმა გულიაშვილი (თბილისი), მანონი საღარაძე (თბილისი), ლიკა ხუფენია (ზუგდიდი), ანა დათიაშვილი (ლოკომოტივი), ანა კაპანაძე (ოზურგეთი), მარიამ გოგუაძე (თბილისი), ანანო ხაბულიანი (ლოკომოტივი), ლიკა ბჟალავა (ლოკომოტივი).
მთავარი მწვრთნელი: ჯაბა მალაღურაძე
მწვრთნელი: გიორგი შკინინი
ექიმი: ოთარ თაბაგარი
ფიზიო: გიორგი მურადაშვილი
ვიდეო: გიორგი ბარბაქაძე
მენეჯერი: გიორგი ანდრიაძე
წყარო: rugby.ge