2023 წლის რაგბის მსოფლიო თასს საფრანგეთი უმასპინძლებს. რამდენიმე საათის წინ, მსოფლიო რაგბის ოფიციალურ გვერდზე, საკვალიფიკაციო ეტაპის დეტალები გახდა ცნობილი.
2019 წელს, იაპონიაში გამართული ერთ-ერთი ყველაზე სანახაობრივი და დრამატული რაგბის მსოფლიო თასის შემდეგ, 2023 წლის მსოფლიო თასზე მოასპარეზე 12 ერის ვინაობა ცნობილი გახდა, თუმცა საკვალიფიკაციო ეტაპის შედეგად, დარჩენილი 8 მონაწილის ვინაობა უნდა გაირკვეს.
2019 წლის მსოფლიო თასის ჯგუფურ ეტაპზე ნაჩვენები რეზულტატის მიხედვით, 2023 წლის მსოფლიო თასზე მოასპარეზე 12 ერის ვინაობა გულშემატკივარმა დიდი ხანია იცის. ქვეჯგუფების საუკეთესო სამეულებმა მომდევნო მსოფლიო თასზე ასარეზობის უფლება ავტომატურად გაინაღდეს - დარჩენილი 8 საგზურის მფლობელი კი მსოფლიო საკვალიფიკაციო ეტაპის შედეგად გახდება ცნობილი. საკვალიფიკაციო ეტაპის დასკვნითი ფაზა, 2022 წლის ნოემბერში გაიმართება, სადაც საგზურისათვის 4 ერი იბრძოლებს.
საკვალიფიკაციო ეტაპის დაწყების კონკრეტული თარიღები 2021 წელს გახდება ცნობილი და დიდწილად იქნება დამოკიდებული მსოფლიოში მძვინვარე კორონავირუსის პანდემიის აღმოფხვრაზე და სპორტული ცხოვრების გაგრძელებაზე.
მსოფლიო რაგბის მიერ გამოქვეყნებული მოხსენება, 2020 წლის იანვარში კავშირებსა და რეგიონებთან გამართული კონსულტაციის შედეგად იქნა მიღებული და გათვალისწინებულია ისეთი გარემოებები, როგორიცაა კონკრეტული ერების მიერ (იაპონია, ფიჯი, ურუგვაი, ტონგა, საქართველო) 2019 წლის მსოფლიო თასზე დაფიქსირებული რეზულტატი. ასევე განვითარებად ერებსა და ტიერ 1-ის ბინადარ ერებს შორის დაფიქსირებული მატჩის შედეგები. აღსანიშნავია, რომ 2015 წელთან შედარებით, ელიტის წევრებსა და განვითარებად ერებს შორის გამართული მატჩების შედეგები გაუმჯობესებულია და ანგარიშში საშუალო ქულათა სხვაობა მკვეთრადაა შემცირებული.
2023 წლის რაგბის მსოფლიო თასზე, რაგბი ამერიკის 2 საუკეთესო ერი იასპარეზებს. ოკეანეთიდან მხოლოდ 1 საუკეთესო მოხვდება, მე-2 ადგილოსანი კი აზიის წარმომადგენელთან პლეი-ოფში იბრძოლებს. რაგბი ევროპის ორი საუკეთესო წარმომადგენელი, მსოფლიო თასზე ავტომატურად მოხვდება. რაგბი აფრიკა 1 წარმომადგენლით დაფიქსირდება კიდევ 1 ერის ვინაობა კი საბოლოო საკვალიფიკაციო ეტაპის შედეგად გახდება ცნობილი.
2023 წლის რაგბის მსოფლიო თასის საკვალიფიკაციო ეტაპის პრინციპი
რაგბი ამერიკა: 2022 წლის სექტემბერში, რაგბი ამერიკის ჩემპიონატის ორი საუკეთესო მონაწილე მსოფლიო თასის საგზურს მოიპოვებს - მესამე საუკეთესო ნაკრები ფინალურ საკვალიფიკაციო ტურნირზე გადაინაცვლებს.
რაგბი ევროპა: 2022 წლის მარტში, რაგბი ევროპის ჩემპიონატის ორი საუკეთესო მონაწილე მსოფლიო თასზე ასპარეზობის უფლებას მოიპოვებს - საუკეთესო მესამეადგილოსანი ფინალურ საკვალიფიკაციო ტურნირზე გადაინაცვლებს.
რაგბი აფრიკა: 2022 წლის აფრიკის თასის გამარჯვებული მსოფლიო ჩემპიონატის საგზურს მოიპოვებს - ფინალში დამარცხებული ფინალურ საკვალიფიკაციო ტურნირზე გადაინაცვლებს.
ოკეანეთი: ტონგა და სამოა ორ-მატჩიან (საშინაო/საგარეო) პლეი-ოფში დაუპირისპირდებიან ერთმანეთს. გამარჯვებული მსოფლიო თასის საგზურს მოიპოვებს. დამარცხებული აზია/ოკეანეთის პლეი-ოფში, ოკეანეთის მეორე ერის სახელით წარსდგება.
აზია/წყნარი ოკეანის რეგიონი: 2021 წლის აზიის რაგბის ჩემპიონატის გამარჯვებული ოკეანეთის მეორე საუკეთესო ერს ორ-მატჩიან პლეი-ოფში (საშინაო/საგარეო) დაუპირისპირდება. გამარჯვებული მსოფლიო თასის საგზურს მოიპოვებს, დამარცხებული - ფინალურ საკვალიფიკაციო ტურნირზე გადაინაცვლებს.
ფინალური საკვალიფიკაციო ტურნირი: 2022 ნოემბერში 4 წარმომადგენელი ერთმანეთს დაუპირისპირდება - მათ შორის გამარჯვებული მსოფლიო თასის უკანასკნელი საგზურის მფლობელი გახდება.
12 ერი, რომელმაც მსოფლიო თასის საგზური უკვე გაინაღდა: სამხრეთ აფრიკა, ინგლისი, ახალი ზელანდია, უელსი, იაპონია, საფრანგეთი (მასპინძელი), ავსტრალია, ირლანდია, შოტლანდია, იტალია, არგენტინა, ფიჯი.
მსოფლიო რაგბის პრეზიდენტმა, სერ ბილ ბომონტმა აღნიშნა, რომ კორონავირუსის პანდემიის გამო შეჩერებული სპორტული აქტივობების ფონზე უმნიშვნელოვანესი იყო საკვალიფიკაციო ეტაპის წესდების განსაზღვრა. ბომონტის მტკიცებით, გადაწყვეტილების მიღებას წინ უძღვოდა აქტიური მოლაპარაკებები და მასში გათვალისწინებულია თითოეული ერის პოზიცია. მსოფლიო რაგბის სახელით, ორგანიზაციის პრეზიდენტმა თითოეულ ერს წარმატება უსურვა.
2023 წლის მსოფლიო თასის წარმომადგენელის - კლოდ ატჩერის მტკიცებით, საკვალიფიკაციო ეტაპი განვითარებად ერებს უდიდეს და უმნიშვნელოვანეს ტურნიში მონაწილეობის მიღების შესაძლებლობას აძლევს.