Belive

2021 | საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრები და პირველი ქართული ფრენჩაიზი

2 წლის წინ რაგბი
12 წთ
საქართველოს მორაგბეთა ეროვნულმა ნაკრებმა 2021 წელს 8 მატჩი გამართა. რაგბი ევროპის ჩემპიონატის პარალელურად, ზაფხულისა და შემოდგომის ტესტ მატჩებზე, "ბორჯღალოსნები" მსოფლიოს მოქმედ ჩემპიონს, 6 ერის ერთ-ერთ ყველაზე ძლევამოსილ წარმომადგენელსა და უპრინციპულეს მეტოქეს დაუპირისპირდნენ. აღსანიშნავია, რომ კორონავირუსის პანდემიამ "შემოდგომის ერთა სერიის" ეგიდით გამართულ ტესტ-მატჩებზე ნეგატიურად იმოქმედა და არაერთი დაპირისპირება გაუქმდა - ირლანდიის მორაგბეთა ეროვნული ნაკრები საქართველოსთან დაპირისპირებას გეგმადა, თუმცა პანდემიი გამო, საორგანიზაციო საკითხების მოგვარება შეუძლებელი აღმოჩნდა. 2021 წელს გამართული 8 შეხვედრიდან საქართველოს მორაგბეთა ეროვნულმა ნაკრებმა 5 მოიგო, 1 ფრედ დაასრულა და 2 შეხვედრაში დამარცხდა. რაგბი ევროპის ჩემპიონატი 
  • პორტუგალია 16:29 საქართველო
  • ესპანეთი 19:25 საქართველო
  • რუსეთი 6:23 საქართველო
  • საქართველო 28:17 რუმინეთი
  • საქართველო 48:15 ნიდერლანდები
ზაფხულის ტესტ მატჩები
  • სამხრეთ აფრიკა 40:9 საქართველო
შემოდგომის ერთა სერია
  • საფრანგეთი 41:15 საქართველო
  • ფიჯი 15:15 საქართველო

რაგბი ევროპის ჩემპიონატი

უკანასკნელ ათწლეულში "ბორჯღალოსნები" რაგბი ევროპის ჩემპიონატზე დომინანტ ძალად ჩამოყალიბდნენ. გამონაკლისი არც 2021 წელი გამოდგა - საქართველოს მორაგბეთა ეროვნულმა ნაკრებმა რაგბი ევროპის ჩემპიონატი ერთი ამოსუნთქვით მოიგო. პორტუგალიის, ესპანეთისა და რუსეთის სტუმრად დამარცხების შემდეგ, "ბორჯღალოსნებმა" თბილისსა და თელავში რუმინეთი და ნიდერლანდები დაამარცხეს. განსაკუთრებით საინტერესო აღმოჩნდა საქართველოსა და რუმინეთის დაპირისპირება. მატჩის საკმაოდ დიდი ნაწილი "ბორჯღალოსნებმა" კაცნაკლულებმა გაატარეს, თუმცა მეტოქის დამარცხება მაინც შეძლეს (28:17) და რუმინეთთან საზიარო "ანთიმოზ ივერიელის თასს" ზედიზედ მეოთხედ, სულ კი მე-14-ედ დაეუფლნენ.



გასაკვირი არაა, რომ საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრები რაგბი ევროპის ჩემპიონატის გამოკვეთილი ლიდერია. ქართველი მორაგბეების დომინანტობა თვალსაჩინოა, რაც ტურნირზე ნაჩვენებ შედეგებშიც ლოგიკურად აისახა. "ბორჯღალოსნები" რაგბი ევროპის ჩემპიონატის 2022 წლის გათამაშების ტრიუმფით დასასრულებლად მზად არიან! 2023 წლის რაგბის მსოფლიო თასის წინ, რაგბი ევროპის ჩემპიონატის 2022 წლის გათამაშებას უდიდესი მნიშვნელობა ენიჭება. რაგბი ევროპის ჩემპიონატის 2021 და 2022 წლების გათამაშების პირველ და მეორეადგილოსნები, 2023 წლის რაგბის მსოფლიო თასზე ასპარეზობის უფლებას ავტომატურად მოიპოვებენ – საუკეთესო მესამეადგილოსანი კი მსოფლიო თასის საგზურის მოპოვებას მსოფლიო საკვალიფიკაციო ეტაპზე (რეპეშაჟი) ასპარეზობით შეეცდება. 2021 წლის გათამაშების ტრიუმფით დასრულების შემდეგ, საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრები ფავორიტადაა მიჩნეული. პრაქტიკულად გადაწყვეტილია, რომ "ბორჯღალოსნები" რაგბი ევროპის ჩემპიონატის პირველადგილოსნის სტატუსით იასპარეზებენ 2023 წლის მსოფლიო თასზე, რაც იმას ნიშნავს, რომ ქვეჯგუფში კვლავ უელსის, ავსტრალიის, ფიჯისა და დიდი ალბათობით ურუგვაის წინააღმდეგ მოუწევთ თამაში. საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრები საიუბილეო 250-ე შეხვედრას, რუსეთის წინააღმდეგ ჩაატარებს. რაგბი ევროპის ჩემპიონატის 2022 წლის გათამაშების მე-3 ტურის შეხვედრაში, 2022 წლის 27 თებერვალს, "ბორჯღალოსნები" "დათვებს" თბილისში დაუპირისპირდებიან. 2022 წლის გათამაშების კალენდარი აღნიშნულ ბმულზე შეგიძლიათ იხილოთ: რაგბი ევროპა 2022 | ბორჯღალოსნების კალენდარი ცნობილია
"მოკლე პერიოდში ბევრი რამ გაკეთდა, მიუხედავად იმისა, რომ შრომა გვიწევდა პანდემიის, გაურკვევლობის და რაგბის კავშირში არეულობის ფონზე. ძალიან რთული იყო ამისგან დამოუკიდებლად საქმის კეთება. "შემოდგომის ერთა თასიდან" დაწყებული, ყველა ჩვენი ნაბიჯი იყო წინსვლა. ეს იმ დროს, როდესაც ძალიან ბევრმა მოთამაშემ დატოვა ნაკრები, ამას დაერთო ტრავმები და მრავლად მოგვიწია ახალგაზრდა მოთამაშეების დამატება. "შემოდგომის ერთა თასზე" გუნდი ძალიან გაიზარდა და იყო მოლოდინი, რომ რაგბი ევროპის ჩემპიონატზე ყველა თამაშს დიდი სხვაობით მოვიგებდით. მაგრამ მას შემდეგ შემადგენლობა 50-55%-ით შეიცვალა. მიუხედავად ამისა, ჩვენი თამაში და თავდაჯერებულობა ვიპოვეთ. ჩვენ ვიზრდებით და წლიდან წლამდე კიდევ უფრო გავიზრდებით, რის იმედსაც ეს ბიჭები მაძლევენ", - აღნიშნა ლევან მაისაშვილმა. 

ზაფხულის ტესტ მატჩები 

  • სამხრეთ აფრიკა 40:9 საქართველო
ზაფხულის ტესტ მატჩების ეგიდით, 2021 წლის 2 ივლისს, სამხრეთ აფრიკა საქართველოს დაუპირისპირდა. პრეტორიაში, "ლოფტუს ვერსფელდზე" გამართულ შეხვედრაში, "ბოკე" ფავორიტის სტატუსით სარგებლობდა. მატჩი ლოგიკური შედეგით დასრულდა - "ბორჯღალოსნებმა" კი მსოფლიოს მოქმედ ჩემპიონთან გამართული მატჩით უდიდესი გამოცდილება მიიღეს. აღსანიშნავია, რომ ქართველი მორაგბეები განსაკუთრებით კარგად შეხვედრის პირველ ტაიმში გამოიყურებოდნენ. "ბოკესა" და "ბორჯღალოსნების" მატჩის პირველი ტაიმი 19:9 დასრულდა. მატჩის მნიშვნელობას ის გარემოებაც უსვამდა ხაზს, რომ სამხრეთ აფრიკა ბრიტანელი და ირლანდიელი ლომების წინააღმდეგ გასამართი ტურნესათვის სწორედ, რომ საქართველოსთან დაპირისპირებით მოემზადა. ქართველი მორაგბეები ძლევამოსილი მოწინააღმდეგის პირისპირ ღირსეულად წარსდგნენ და მოედანი თავაწეულებმა დატოვეს. სამწუხაროდ კორონავირუსის პანდემიის გამო, სამხრეთ აფრიკასთან დაგეგმილი მეორე ტესტ მატჩი გაუქმდა. "35-ე წუთამდე თამაშს ვიგებდით და საწყენია, რომ უდისციპლინობის გამო ორი ლელო გავუშვით. რიგ შემთხვევებში შეცდომის დაშვებას მეტოქე გაიძულებს, თუმცა არის სიტუაციები, როდესაც ეს დაუფიქრებლობით მოგდის. სამწუხაროდ, ეს თანმდევია, როდესაც ასეთი დონის მეტოქეს ეთამაშები. თუ კაცნაკლული რჩები, ის ყოველთვის ახერხებს ქულების აღებას და ორი ლელო მივიღეთ".
"მეორე ტაიმში რამდენიმე იძულებითი გადაადგილება მოგვიწია. შეტევაში იყო ეპიზოდები, რომელთა ქულებში ასახვა სამწუხაროდ ვერ მოვახერხეთ. ვიყავით ბრძოლისუნარიანები, მაგრამ ლოგიკურია, რომ მსოფლიოს ჩემპიონთან შეცდომები გვქონდა. ფაქტია, ამ გუნდმა იაპონიაში მხოლოდ ერთი საკუთარი დერეფანი დათმო, ჩვენ კი სამ აუტში შევუშალეთ ხელი და მოლების გაჩერებაც მოვახერხეთ. მთლიანობაში კმაყოფილი ვარ და მომავალ შეხვედრაში, დარწმუნებული ვარ პროგრესი გვექნება", - აღნიშნა ლევან მაისაშვილმა მატჩის დასრულების შემდეგ.

შემოდგომის ერთა სერიები

  • საფრანგეთი 41:15 საქართველო
საფრანგეთის მორაგბეთა ეროვნული ნაკრები 6 ერის ერთ-ერთი ყველაზე ძლევამოსილი წარმომადგენელია. "ბორჯღალოსნებისათვის" მსგავსი კალიბრის მეტოქესთან დაპირისპირება ყოველთვის საინტერესოა. გამოცდილების დაგროვებისა და სამომავლო განვითარებისათვის, საქართველოს მორაგბეთა ეროვნულ ნაკრებს პირველი ეშელონის ქვეყნებთან რაც შეიძლება მეტი დაპირისპირება ესაჭიროება. ბორდოში გამართულ დაპირისპირებაში "ბორჯღალოსნებმა" კვლავ ღირსეულად წარმოაჩინეს თავი. ანგარიშით, 41:15 მარცხის მიუხედავად, "ბორჯღალოსნებმა" მეტოქეს რიგ ეპიზოდებში დიდი პრობლემები შეუქმნეს. განსაკუთრებით საინტერესო გამოდგა შეხვედრის მეორე ტაიმი, რომელშიც ლობჟანიძემ და ტაბიცაძემ "ლე ბლეს" ბრწყინვალე ლელოები დაუდეს. “ბორჯღალოსანთა” სასახელოდ უნდა აღინიშნოს, რომ ქართველმა მორაგბეებმა მეტოქეს ღირსეული წინააღმდეგობა გაუწიეს და რომ არა რამდენიმე ეპიზოდში მსაჯის მიერ მიღებული საკამათო გადაწყვეტილება, შესაძლოა ანგარიშში სხვაობა გაცილებით უფრო ნაკლები ყოფილიყო. ქართველი მორაგბეები ბორდოში დამარცხდნენ, თუმცა მეტოქე არაერთ კომპონენტში დაჯაბნეს, ორი ლელო დაუდეს და მოედანი თავაწეულებმა დატოვეს. აღსანიშნავია, რომ საფრანგეთმა ერთი კვირის შემდეგ, ძლევამოსილი "ოლ ბლექსი" თითქმის იგივე ანგარიშით დაამარცხა (40:25).

  • ფიჯი 15:15 საქართველო
20 ნოემბერს “ბორჯღალოსნები” “მფრინავ ფიჯელებს” დაუპირისპირდნენ. 2021 წლის ნოემბრის ტესტების უკანასკნელი შეხვედრა, ფრედ 15:15 დასრულდა. საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრები მთელი მატჩის განმავლობაში ლიდერობდა, თუმცა ფიჯელებმა გარდასახული ლელოთი ანგარიში გაათანაბრეს და ტაბლოზე საბოლოო ანგარიში დააფიქსირეს. უკანასკნელ წლებში ფიჯი საქართველოსათვის საკმაოდ დიდ პრობლემას წარმოადგენს. 2019 წლის რაგბის მსოფლიო თასზე (10:45) განცდილი მარცხის შემდეგ, "შემოდგომის ერთა თასზე" საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრები ფიჯისთან კვლავ დამარცხდა (24:38). ესპანეთში რევანშის ასაღებად ქართველმა მორაგბეებმა ძალისხმევა არ დაიშურეს და მთელი მატჩის განმავლობაში ლიდერობდნენ, თუმცა ფიჯიმ შეხვედრის ფრედ დასრულება შეძლო. აღსანიშნავია, რომ ესპანეთში, არანხუესში, ფიჯისა და საქართველოს დაპირისპირება საკმაოდ მძიმე მდგომარეობაში მყოფ მოედანზე შედგა, რაც მატჩის სანახაობრიობასა და შედეგზეც აისახა.
 

“შემოდგომის ერთა სერიის” ეგიდით გამართული ნოემბრის ტესტ-მატჩების დასრულების შემდეგ, გავლენიანმა ბრიტანულმა გამოცემა The Guardian ვრცელი შემაჯამებელი სტატია გამოაქვეყნა. რაგბის ქართველი გულშემატკივრისათვის განსაკუთრებით საყურადღებოა ის გარემოება, რომ ევროპის უძლიერეს ერებს შორის, ბრიტანელები საქართველოს ასახელებენ და იტალია ჩამონათვალში ვერ მოხვდა. ჩრდილოეთ ნახევარსფეროს ძალთა თანაფარდობა – საფრანგეთი, ირლანდია, ინგლისი, შოტლანდია, უელსი, საქართველო. "ბორჯღალოსნებისათვის" 2022 წელი პრინციპული მატჩებითაა დატვირთული. ოფიციალურად დადასტურებულია, რომ საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრები საიუბილეო 250-ე შეხვედრას, რუსეთის წინააღმდეგ ჩაატარებს. რაგბი ევროპის ჩემპიონატის 2022 წლის გათამაშების მე-3 ტურის შეხვედრაში, 2022 წლის 27 თებერვალს, "ბორჯღალოსნები" "დათვებს" თბილისში დაუპირისპირდებიან. ზაფხულის ტესტ-მატჩების ეგიდით კი საქართველოს პრინციპული მეტოქე - იტალია ესტუმრება. იტალიის რაგბის კავშირმა 2022 წლის ზაფხულის გეგმები გაწერა. იტალიური მედია საშუალებების მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ზაფხულში, იტალიის მორაგბეთა ეროვნული ნაკრები საქართველოს ეწვევა – აღნიშნულ ინფორმაციას, La Gazzetta dello Sport ავრცელებს. ზაფხულის ტესტ-მატჩების ეგიდით, "აძური" "ბორჯღალოსნებს" საქართველოში დაუპირისპირდება, რის შემდეგაც იტალიელი მორაგბეები რუმინეთში გაემგზავრებიან. მატჩების გამართვის ზუსტი თარიღი ამ დროისათვის უცნობია. შეგახსენებთ, იტალიისა და საქართველოს უკანასკნელი დაპირისპირება 2018 წლის ნოემბერში შედგა. ფლორენციაში, "არტემიო ფრანკიზე" გამართულ ბრძოლაში მასპინძლებმა 28:17 იმარჯვეს.

შავი ლომი - პირველი ქართული ფრენჩაიზი

სანაკრებო ბატალიების ფონზე, 2021 წელი საკლუბო თვალსაზრისითაც საინტერესო გამოდგა. ქართველი გულშემატკივრის დიდი ხნის ოცნება ახდა და საფუძველი პირველ ქართულ ფრენჩაიზს ჩაეყარა. პირველი პროფესიული ქართული ფრენჩაიზი "შავი ლომი", რაგბი ევროპის სუპერ თასის ჯგუფური ეტაპზე წარმატებით ასპარეზობს და პლეი-ოფის საგზური გაინაღდა. "ენისეის", "ლომოტივ პენზასა" და "თელ ავივ ჰიტსთან" ერთად ქვეჯგუფში მოასპარეზე "შავი ლომი" ევროპის სუპერ თასის ერთ-ერთ მთავარ ფავორიტადაა მიჩნეული.
"ფრენჩაიზი ქართული რაგბის განვითარების ქვაკუთხედია, მთავარი კომპონენტი მისი წინსვლისთვის და უმნიშვნელოვანესი იყო მისი შექმნა. სულმოუთქმელად ველით ევროპის სუპერთასის დაწყებას და მასში ჩვენი ახალი გუნდის ჩართვას. გვაინტერესებს როგორ განვითარდება ეს პროექტი. პირველი თამაშები სექტემბერშია დაგეგმილი და გულშემატკივარს ნამდვილი სარაგბო ზეიმი ელით". "მიუხედავად იმისა, რომ სამომავლოდ გვსურს ჩვენმა ფრენჩაიზმა უფრო ძლიერ ტურნირებში მიიღოს მონაწილეობა (მაგ. კელტური ლიგა), ამ ეტაპზე რაგბი ევროპის სუპერთასში ჩართვა, ამ ახლად შექმნილი ფრენჩაიზისთვის ზედგამოჭრილია. მასში საკმაოდ ძლიერი გუნდები მონაწილეობენ და მათი რაოდენობა კიდევ გაიზრდება", - აღნიშნა ბაჩო ხურციძემ. 

333

სამხრეთ აფრიკული მედია საშუალებების მტკიცებით, ქართული ფრენჩაიზი “ქარი ქაფის” პირველ დივიზიონში იასპარეზებს. წყაროს მტკიცებით, ტურნირი 2022 წლის 26 მარტს დაიწყება. Sport24-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, “ქარი ქაფის” პირველ დივიზიონში, ქართულ ფრენჩაიზთან ერთად სამხრეთ აფრიკული და სამხრეთ ამერიკული (არგენტინა, ჩილე, ურუგვაი, პარაგვაი) კლუბები იასპარეზებენ. გამოცემა ასევე აღნიშნავს, რომ ქართულ და სამხრეთ აფრიკულ მხარებს შორის ფართო ჭრილში პარტნიორობის 11-წლიანი ხელშეკრულება გაფორმდა.    

სხვა სტატიები